ვილი ისიანი: ბოლნისის "სიონში" აღარ დავბრუნდები

AutoSharing Option
ვილი ისიანი წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს. "გურიის" 21 წლის თავდამსხმელი, რომელიც სეზონის დაწყებამდე ბოლნისის "სიონმა" იჯარით ლანჩხუთში გაუშვა, მოულოდნელად ისე კარგად ათამაშდა, ახალი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ცხადია, ისიანს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ჩვეული არასტაბილურობაც ახასიათებს, მაგრამ ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს - გაიტანა 5 გოლი, რომელთაგან სამი ("მერანთან", "სპარტაკთან" და "ზუგდიდთან") გადამწყვეტი გამოდგა.

ვილი ისიანს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა. ის არ მალავს, რომ "სიონის" ხელმძღვანელობაზე ნაწყენია...

- ეს სეზონი კარგად დაიწყეთ. "გურიის" გულშემატკივრები უკვე თქვენს გვარს სკანდირებენ, ასეთები კი საქართველოში იშვიათად ხდება...
-
ეს გუნდისა და გულშემატკივრების დამსახურებაა. ხალხის სიყვარულს მოპოვება უნდა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს ბოლნისელი გულშემატკივრის თანადგომა. იყო დრო, "სიონს" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ერთგული მხარდამჭერები ჰყავდა, ისინი გუნდის წარმატებასაც კი განაპირობებდნენ.

არანაკლები ფანები დამხვდა ლანჩხუთშიც, მათგან დიდი სითბო და სიყვარული მოდის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ეს ხალხი თითოეულ ჩვენგანს დიდ სტიმულს აძლევს და მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში არ ვთამაშობთ, მხარდასაჭერად ყველგან დაგვყვებიან.

- მალე "გურიასთან" იჯარის ხელშეკრულება გიმთავრდებათ. ალბათ, "სიონი" აღარ გაგანათხოვრებთ...
- ბოლნისელი ვარ და "სიონში" თავის გამოჩენა ძალიანაც მსურდა. თუმცა გუნდიდან ისე გამიშვეს, ჩემი თამაში არც უნახავთ. ძალიან მატკინეს გული და თუ რამე არ შეიცვალა, იქ დაბრუნების სურვილი არ მაქვს. რაც მთავარია, "სიონთან" არც კონტრაქტი მაკავშირებს და დეკემბერში თავისუფალი აგენტი გავხდები.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი იმ გუნდში უნდა იყო, სადაც თავს კარგად გრძნობ. ჩემთვის ასეთი გუნდი "გურიაა". აქ მე შანსი მომცეს. ეს ერთადერთი გუნდია, სადაც ნდობა ვიგრძენი და ძალიან მინდა, სპეციალისტებს დავუმტკიცო, რომ თამაში შემიძლია, გურულებს კი მადლობა სწორედ კარგი თამაშით გადავუხადო.

- საქართველოში პერსპექტიულ თავდამსხმელებს სანთლით ეძებენ. ვიცით, რომ სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ თქვენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა...
- პირადად მე არავინ დამკავშირებია. მაგრამ იმედია, ახალი წლიდან კლუბში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მეორე წრისთვისაც უკეთ მოვემზადები, ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილშიც ბევრს გავიტან და "გურიასთან" ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ. მერე კი, იმედია, რომელიმე ლიდერ გუნდში მოვხვდები. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ საამისოდ სტაბილურობა და უფრო მეტი გოლის გატანა მომეთხოვება.

- "გურიამ" წლეულს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მაგრამ ყველაზე მოულოდნელი ისაა, რომ, ფაქტობრივად, მოუმზადებელი გუნდი გამორჩეულად სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. ამას რითი ახსნით?
- ფეხბურთში წარმატებას მხოლოდ შეკრული და ერთსულოვანი გუნდი აღწევს. ყველაფერი დანარჩენი ამის შედეგია - სწრაფი თამაშიც, ურთიერთგაგებაც და შეთამაშებაც. "გურია" ასეთი ხელწერის გუნდად ჩამოყალიბდა, რაც ბიჭებისა და მწვრთნელების დამსახურებაა, გულშემატკივარსაც აქვს ძალიან დიდი როლი. ზოგჯერ თავად გვიკვირს, მოედანზე ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ.

- იყო პერიოდი, რუსთავის "მეტალურგშიც" ირიცხებოდით.
- "მეტალურგშიც" და, ერთი ხანობა, თბილისის "დინამოს" დუბლებშიც ვთამაშობდი. ძირითადი პერიოდი მაინც "სიონში" გავატარე, თუმცა საჩემო გუნდი "გურია" აღმოჩნდა.

- "გურიაში" ისე მოხვდით, არც თქვენ იცნობდით გუნდს და არც ლანჩხუთელები გიცნობდნენ...
- ეს მართლაც კურიოზი იყო. "გურიას" განაცხადში ჩემპიონატის დაწყებამდე სამი საათით ადრე შემიყვანეს "სიონიდან" გაშვებულ კიდევ ორ მოთამაშესთან, მინდია ბობღიაშვილსა და ლადო ჯოჯუასთან ერთად. ბოლნისში შანსი არ მოგვცეს, არადა, სამივე "გურიის" ძირითადში ვიყავით და, მგონი, ცუდად არ ვთამაშობდით.

ფეხბურთში ყველაფერს ნდობა განაპირობებს. "გურიაშიც" იმიტომ ავთამაშდი, რომ მენდობიან და მამხნევებენ, ბიჭებისგანაც დიდ თანადგომას ვგრძნობ. აქ ისეთი ატმოსფეროა, თამაში მსიამოვნებს.

- ოდესმე ასაკობრივ ნაკრებებში თუ გითამაშიათ?
- მხოლოდ ერთხელ ვიყავი 17-წლამდელებში გასინჯვაზე. სამწუხაროდ, მეტჯერ არავის მივუწვევივარ. მაგრამ ამ ყველაფერმა - ნაკრებსა და მშობლიურ კლუბში იგნორირებამ, ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა და ახლა დიდი სტიმული მაქვს, რომ რაღაც დავამტკიცო, დასამტკიცებელი კი ბევრი რამ მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე ვილი მაგარი ხარ დზამია მიდი გაახარე ბოლნისი და ბოლნისელები
irakli
13:48 17-11-2013
0
ვილი გენაცვალე ძამია მაგარი ხარ გაახარე ბოლნისი და ბოლნისელები
ირაკლი
13:50 17-11-2013
0

სიახლეები პოპულარული