"დილამ" ნაცადი განლაგება აირჩია - სამი სტოპერით თამაში. ტაქტიკური სქემის მხრივ, სიურპრიზები არც "დინამოს" შეუთავაზებია მეტოქისთვის.
შეხვედრა ფრთხილად დაიწყო, ორივე გუნდი ერიდებოდა შეტევაში დიდი ძალებით გადასვლას. კახა ალადაშვილის სახიფათო ჩაწოდებას ვერავინ გამოეხმაურა, დორინ გოგამ კი გადმოვარდნილ ბურთს დააძგერა ფეხი და მიზანმა ოდნავ უმტყუნა - ასეთი იყო პირველი წუთები.
"დინამოში" თამაშის გამწვავება ყველაზე კარგად გიორგი მერებაშვილს რომ შეუძლია, ახალი არავისთვისაა. სწორედ მერებაშვილის ჩაწოდებულზე შეეძლო ლევან ხმალაძეს ბურთის კარში
ამის შემდეგ იმავე მერებაშვილმა უკვე კუთხური ჩააწოდა და დინამოელთა ტანმაღალმა მცველმა გიორგი გველესიანმაც უზადო თავური შეასრულა - 1:0.
"დილა" შეტევის ორგანიზებაში მოისუსტებდა, თორემ ერთიერთზე თამაშში თითქმის არაფერს უთმობდა მოწინააღმდეგეს. "დინამოს" ანგარიშის გაზრდა შეეძლო - გოგას ჯარიმა ნუკრი რევიშვილმა მოიგერია.
"დილამ" კი ანგარიში ასე გაათანაბრა: კარისკენ ზურგით მყოფმა ირაკლი მოდებაძემ ჯარიმა მოიპოვა, ოთარ ხიზანეიშვილმა კი ბურთი ისე გადაავლო ცოცხალ კედელს, გიორგი ლორიას თავგზა აუბნია - 1:1.
ტაიმის ბოლოს ელგუჯა გრიგალაშვილმა ოციოდე მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ისევ რევიშვილმა იჩაუქა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "დილა" "დინამოზე" უკეთ გამოიყურებოდა. მიხაილ გორელიშვილმა მახვილგონივრულად გაატარა ბურთი, რომელიც მოდებაძეს მიუვიდა, ამან კი 15-16 მეტრიდან დაარტყა და ოდნავ ააცილა ლორიას კარს.
მერე გორელიშვილმა ოციოდე მეტრიდან "დააქუხა". ბურთი მეკარისთვის უხერხული ტრაექტორიით წავიდა, მაგრამ ლორიას მოგერიებულზე დამატება ვერავინ მოახერხა.
ირაკლი მაისურაძე მარჯვნიდან შეიჭრა "დინამოს" საჯარიმოში და ბურთი კარის გასწვრივ გაგზავნა, სადაც მოდებაძეს მიეცა საგოლე შესაძლებლობა, თუმცა "დილამ" ამ ეპიზოდიდან ვერაფერი გამოადნო.
"დინამომ" თანდათან გამოაკეთა თამაში. ხმალაძის სახიფათო თავური არაზუსტი აღმოჩნდა. დინამოელთა იერიშებს სიმწვავე აკლდა და დუშან უჰრინმაც მოედანზე ჩისკო შეუშვა. ესპანელის პასით ჯაბა დვალი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ ბურთი ოდენ ძელს შეაწყვიტა. აქედან ცოტა ხანში გოგას ჯარიმა რევიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
მატჩის ბოლო ათი წუთი დინამოელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ბურთი ხშირად ტრიალებდა "დილას" საჯარიმოში, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
მატჩის შემდეგ
რამაზ სოღოლაშვილი (დილა):
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბოლო წლებში "დილასა" და "დინამოს"დაპირისპირება სულ ასეთია და დიდ ინტერესსაც იწვევს. დღევანდელი მატჩის ანგარიში ლოგიკურია. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. "დილასთვის" ახლა თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს მოპოვებული ქულაც მიღწევაა, წინგადადგმული ნაბიჯია. ექვსეულში უნდა ვიყოთ და მერე მედლებისთვის ვიბრძოლოთ".
დუშან უჰრინი (დინამო):
"ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. "დილას" საჩუქარი მივართვით და ანგარიშიც გაგვითანაბრა. მეორეადგილოსანს ოთხი ქულით ვუსწრებთ. მომდევნო შეხვედრაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"