ყველაფერი მატჩის მიწურულს გადაწყდა, როცა გიორგი კორიფაძემ მარცხნიდან შორეული ძელისკენ ჩააწოდა, სადაც ბურთს შეცვლაზე შესული ლევან კუხალეიშვილი დახვდა და თავით ახლო კუთხეში გაუტანა ზურაბ მამალაძეს.
შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობით წარიმართა, თუმცა ისე როდი იყო, რომ "ზუგდიდი" ჯაბანი ჩანდა. ვიტელები პირველად მაშინ დაემუქრნენ ზუგდიდელებს, ნიკა სიჭინავას დარტყმა მამალაძემ კუთხურზე რომ მოიგერია.
აქედან ცოტა ხანში ელგუჯა ლობჯანიძე ცდილობდა ეფექტური გოლის გატანას, მაგრამ კორიფაძის პასს არაზუსტი "მაკრატელა" მიაყოლა.
"ზუგდიდმაც" გამოიდო თავი, როცა მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა აკაკი
სახიფათო მომენტები ამით არ ამოწურულა. ლობჯანიძემ კარგად შეაბრუნა ბურთი კარის გასწვრივ, სადაც ნიკოლოზ მაისურაძეს ახლოდან შეეძლო გატანა (მამალაძეს კარი უკვე "დაკარგული" ჰქონდა), თუმცა მცველს ვერ დაასწრო და "ვიტ ჯორჯიაც" ოდენ კუთხურს გამორჩა.
შემდეგ სიჭინავას კიდევ ერთი დარტყმა ისევ მამალაძემ მოიგერია, დაუშვილის შეცდომა გიორგი ბულიამ ვერ გამოიყენა, გიორგი ჯანელიძის პასით ნოდარ იაშვილი შეიჭრა მარცხნიდან ზუგდიდელთა საჯარიმოში და კვლავ მამალაძეს მოუწია გუნდის გადარჩენა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, შოთა ლომიამ ჯარიმიდან რომ ჩააბზრიალა ბურთი "ვიტ ჯორჯიას" საჯარიმოში, სადაც დასწრებაზე ყველას ბულიამ აჯობა და ღონიერი თავურიც დასცხო, მაგრამ დაუშვილმა სასწაული ბურთი მოიგერია.
ტემპმა იმატა, ორივე გუნდი აქტიურად ირჯებოდა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა ჭიანურდებოდა. 75-ე წუთზე კი "ვიტ ჯორჯიამ" ჩინებული შანსი გაფლანგა - მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას მაისურაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი ძელმა აისხლიტა.
როგორ გაიტანა კუხალეიშვილმა გამარჯვების გოლი, უკვე მოგახსენეთ.
ამის მერეც შეიძლებოდა ანგარიშის შეცვლა - მსაჯის მიერ დამატებულ დროში გიორგი ხუბუამ "დააქუხა" ოციოდე მეტრიდან, რასაც დაუშვილმა ოდენ თვალი გააყოლა - ზუგდიდელის მცდელობას ოდნავ სიზუსტე აკლდა, თორემ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"