ლანჩხუთის "გურია" ლიცენზიისა და სტადიონის მოლოდინში

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" წლევანდელი გამოსვლა ნამდვილი სენსაციაა - ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გუნდი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. 13 ტურის შემდეგ, 8 გამარჯვებითა და 24 ქულით, გუნდი მე-3 ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

ბოლო ტურის შემდეგ, როცა თბილისის "დინამომ" შინ გორის "დილასთან" ქულა გაიყო, სწორედ "გურია" დარჩა უმაღლესი ლიგის იმ ერთადერთ გუნდად, რომელსაც საშინაო შეხვედრაში დღემდე ქულა არ დაუკარგავს.

და ეს იმ დროს, როცა "გურიას" დღემდე ლანჩხუთში ერთი შეხვედრაც არ გაუმართავს და ბიუჯეტიდან თანხა, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. გუნდი მოედანზე ისეთი შემართული გადის, თითქოს ფეხბურთელებს პრობლემები არ
აწუხებდეთ.

არადა, სეზონის დაწყების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ "გურიას" ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ერთხელ დაეხმარა, ოღონდ იმ თანხით, რაც მხოლოდ დავალიანების ნაწილის დასაფარად იყო საკმარისი...

როგორც ლანჩხუთელთა ერთ-ერთმა მენეჯერმა ედიშერ ჟორდანიამ გვითხრა, კლუბი ლიცენზირებისთვის საბუთებს ამზადებს, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ "გურია" უმაღლესი ლიგის ერთადერთი არალიცენზირებული კლუბი აღარ იქნება.

იყო დაპირება, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს ოქტომბრის ბოლოს მოაწესრიგებდნენ, მაგრამ გასახდელების, საშხაპეების, მსაჯთა და დელეგატთა ოთახებისა და ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია გაიწელა.

როგორც ჩანს, გურულები ლანჩხუთში მეტოქეებს საგაზაფხულო ეტაპზე ან საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრებში თუ მიიღებენ.

დღევანდელი "გურია" იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ფაქტობრივად, არაფრისგან გუნდის შექმნა, რომელსაც არც ერთი მეტოქის ეშინია. თანაც, ეს შედეგი ყოველგვარი რებრენდინგის გარეშე, გულიანი და თავდადებული თამაშის ხარჯზე მოხერხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული