ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა.
ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად, ქუთათურებს ზედა ექვსეულში დამკვიდრების შანსი ჯერაც არ დაუკარგავთ და ამ შანსის შესანარჩუნებლად, პირველ რიგში, "სპარტაკთან" გამარჯვება მართებდათ.
ჰაერივით სჭირდებოდათ ქულები ცხინვალელებსაც, რომლებიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იბრძვიან...
ტორპედოელებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და მეტოქეს
მატჩის დებიუტში ორივე გუნდიდან ყველაზე გამორჩეული იყო ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, რომელიც სტუმართა მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა და კარშიც სახიფათოდ ურტყამდა.
მისი პირველი მცდელობა ზუსტი ვერ გამოდგა, მაგრამ რამდენიმე წუთში გიორგი კუხიანიძის მიერ წამოწყებული კომბინაციისა და დავით ჯიქიას კარგი გადაცემის შემდეგ, მცველებისგან ზურგით მდგომმა კაპანაძემ მოძრაობაში ეფექტურად, ქუსლით დაარტყა და სტუმართა მეკარე სტატისტის როლში დატოვა.
ძალიან ნაყოფიერად ირჯებოდა ჯიქიაც, რომელმაც საგოლე გადაცემის შემდეგ კუხიანიძესაც კარგად უპასა, მაგრამ "ტორპედოს" გამთამაშებელმა ხეირიანად ვერ დაარტყა.
ცოტა ხანში კუხიანიძე კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში, როცა მისი სახიფათო დარტყმა მეკარე სოსლან ნანიევმა მოიგერია.
ტორპედოელები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ გოროზიას გამჭოლი გადაცემა კარისკენ ვერავინ გადაამისამართა.
შეტევაში გართულ მასპინძლებს რამდენჯერმე გამოეპარათ ცხინვალელთა კონტრშეტევა, თუმცა იერიშების ჩასახშობად ტორპედოელები უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, რის გამოც სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ ქუთათურებს პირველ ტაიმში 3 ყვითელი ბარათი აუფრიალა.
ტაიმის ბოლოს "სპარტაკი" კიდევ უფრო თამამად ათამაშდა და ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს იყო - ნიკა კვეკვესკირის სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ გიორგი ხიდეშელმა კარიდან თავით მოიგერია ბურთი. სტუმართა შეტევა გაგრძელდა, ქუთაისელებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს და მგელაძეს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ქუთაისელები მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა - თავგანწირულ ნახტომში მოიგერია ბურთი.
მატჩის მეორე ნახევარშიც ტერიტორიულ უპირატესობას "ტორპედო" ფლობდა, სტუმრებს კი კვლავ კონტრშეტევაზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული. მატჩის განახლებისთანავე ანგარიშის გაზრდასთან ახლოს იყო კუხიანიძე, რომლის მიერ მარჯვენა მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
სახიფათო იყო უბილავას დარტყმაც, თუმცა ამ ეპიზოდში საიმედოდ გაისარჯა ნანიევი.
შეტევაში გართულ მასპინძლებს ცხინვალელთა მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ, რის შედეგადაც კვეკვესკირი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ დიდებულად ითამაშა მეკარე ქვილითაიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი.
ბოლო 20 წუთი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არც ერთ კართან აღარ შექმნილა.
მოკლედ, "ტორპედომ" მოგების გემო გაიხსენა და ცოტათი ამოისუნთქა, "სპარტაკი" კი აუტსაიდერებში რჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"