ახალი წლიდან "ზუგდიდს" ვერ იცნობთ! - "კამიკაძე" გიორგი დარასელიას ოპტიმიზმი

AutoSharing Option
თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც ს/კ "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად საქართველოში ერთი კვირით ჩამოვიდა და უკან აღარ გაბრუნებულა. იგი მეგობრებმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერის გაძღოლაზე დაიყოლიეს და ისიც ჩვეული შემართებით შეუდგა რთულ საქმეს.

მასთან ინტერვიუ განმუხურში თბილისის "დინამოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჩავწერეთ.

- ბატონო გიორგი, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გხვდათ წილად. არადა, როცა "ზუგდიდში" ინიშნებოდით მთავარ მწვრთნელად, კარგად უნდა გცოდნოდათ, სად და რა პირობებში მოგიწევდათ მუშაობა.
- გეთანხმებით. მ
ართლაც ყველაფერი კარგად ვიცოდი და გადაწყვეტილების მიღების დროსაც ბევრი არ მიფიქრია. უბრალოდ, როცა პრაქტიკულ საქმიანობას შევუდექი, ისეთ პრობლემებს წავაწყდი, რომელთა გადაჭრა ან დღის წესრიგში დაყენება მთავარი მწვრთნელის პრეროგატივა არ უნდა იყოს.

დაწვრილმანებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ერთს აუცილებლად ვიტყვი - კლუბს ისევ ძველი ხელმძღვანელობა მართავს. უბრალოდ, ერთი გვარი მეორით შეიცვალა. იმ და ამ ხელმძღვანელობას კი ფეხბურთი ისე ესმით, რა ადგილსაც დღეს "ზუგდიდი" სატურნირო ცხრილში იკავებს.

ამ თემაზე ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ერთსაც ვიტყვი - ხელს თუ არ შეგვიწყობენ, ნუ შეგვიშლიან მაინც. ხოლო ვისაც ნამდვილად ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა ხელეწიფება, დროს ნუღარ გააჭიანურებს - ყველაფერი "ზუგდიდის" საზიანოდ მოქმედებს.

- გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა არა გვგონია, თქვენ ამის ამჟამად თქვენს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით აპირებდეთ.
- შესამჩნევად გადასახალისებელია როგორც გუნდის, ისე კლუბის შემადგენლობა. მე ვალდებულება გუნდზე მაქვს აღებული და შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მეცოდინება, რომელ ფეხბურთელებთან აწარმოონ მოლაპარაკება ჩვენმა სელექციონერებმა. ჩვენ დროს უქმად არ ვკარგავთ, პროცესი დაწყებულია და გულშემატკივარს ვპირდებით - ახალი წლიდან "ზუგდიდს", ამ სიტყვის კარგი გაგებით, ვერ იცნობთ.

- უცხოელებს თუ უნდა ველოდეთ?
- არაფერია გამორიცხული. სხვათა შორის, უცხოელთან დაკავშირებით მომხდარმა კურიოზმა ჩვენი გუნდი უკვე დააზარალა. დებულებით, ახალ წლამდე გუნდს 3 ლეგიონერის უფასოდ აყვანის (ლიმიტის შევსების შემთხვევაში, თითო უცხოელში სფფ-ში 15 ათასი ლარია გადასახდელი) უფლება ჰქონდა. ეგვიპტელები ამირ აზმი და ჯამალ ჰამზა ალბათ კარგად გახსოვთ. რაც შეეხება მესამე უცნობ უცხოელს, მასთან წინა ხელმძღვანელობამ ისე გააფორმა კონტრაქტი, ფეხბურთელი ზუგდიდში თვალით არავის უნახავს.

არადა, ეს ფაქტი რომ არა, იყო შანსი, ერთი ნორმალური ლეგიონერი ათიოდე დღის წინ დაგვემატებინა, რომელიც ჩვენს საკმაოდ სუსტ თავდასხმის ხაზს უდავოდ გააძლიერებდა.

- თქვენი თავკაცობით გუნდმა ბოლო 3 მატჩი გამართა, "ზუგდიდის" ისედაც მწირ ბალანსს კი მხოლოდ ქულა შეემატა. გულშემატკივარი უკეთესის მოლოდინშია. რა შეგიძლიათ მათ დასაიმედებლად თქვათ?
- თუ ვინმეს გუშინდელ, თუნდაც დღევანდელ კონდიციებში მყოფი ფეხბურთელებით სასწაულების მოხდენა შეუძლია, მას დღესვე დავუთმობ ადგილს.

ფორტუნას ცალი თვალით მაინც რომ გადმოეხედა ჩვენკენ, შესაძლოა 2-3 ქულით მეტი აგვეღო. ეს შესაძლებლობის მაქსიმუმის გამღებ ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებდა, თუმცა მათ ამის პრობლემა კი არა, კლასის და პროფესიონალიზმის პრობლემა აქვთ, რაც 1 თვეში არ მოდის.

როცა ისრაელში გაიგეს ჩემი "ზუგდიდში" მოსვლის შესახებ, კამიკაძე შემარქვეს. მოგეხსენებათ, იქ ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და ნოემბრის შუა რიცხვებამდე იქაური პირველი ლიგის გუნდები მთავაზობდნენ თანამშრომლობას - უმაღლესში იმ მომენტში ვაკანსია არ იყო. აქ ოფიციალურად ერთი კვირის დაწყებული მქონდა მუშაობა და ისრაელიდან ერთბაშად 2 გუნდი დამიკავშირდა.

გულშემატკივრის კარგად მესმის. მას შედეგი ახლავე უნდა და ვერც გაამტყუნებ. მათთან ერთადერთი სათხოვარი მაქვს - პატარა მოთმინება და მათ აუცილებლად გავახარებთ. კარგია, რომ ისინი არცერთ საშინაო თამაშს არ აცდენენ და გუნდს გვერდში უდგანან. დარწმუნებული ვარ, ახალი წლიდან მათ გასვლით მატჩებზეც ექნებათ თანადგომის საშუალება.

- კარგია რომ ოპტიმიზმი ასეთ სიტუაციაშიც არ გტოვებთ.
- ამის საბაბს იმ ხალხის მოცემული სიტყვა მაძლევს, ვინც გუნდში მოსვლაზე დამითანხმა. მათი თანადგომით, "ზუგდიდი" არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს მაყურებელს. მჯერა, რომ ეს წლის ბოლომდეც მოხდება.

ფრიდონ კერვალიშვილი
მკითხველის კომენტარები / 6 /
რეებს ბოდავ რეებს... რისი გამკეთებელი ხარ, რომ ხარ რა გააკეთე? ერთი გოლი ვერ გაგიტანია და ერთ ადგილს რომ ტკეპნი ვერ ხედავ? მაგარი გგონია თავი მაგრამ ნოლი ხარ ნოლი.
0
ვაი ტქვენს პატრონს
niako
22:26 10-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული