მაგრამ მას შემდეგ დევდარიანმა კლუბი დატოვა, გარკვეული ფინანსური პრობლემებიც იყო და ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის "დილას" ახალი წლიდან.
გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ "დილას" შეინარჩუნებენ:
"გორის "დილას" მოთამაშეებსა და მწვრთნელებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს გვისრულებენ, გუნდს დავალიანება არ აქვს.
ნამდვილად არ
"დილას" ხელმძღვანელობამ ბიუჯეტის ვარიანტები უკვე დათვალა და მალე გვეცოდინება, მომავალ წელს რა ოდენობით დაგვაფინანსებენ".
სოღოლაშვილმა საბიუჯეტო კლუბების მდგომარეობაზეც ილაპარაკა:
"საერთოდ კი, საბიუჯეტო კლუბების პრობლემები ქართულ ფეხბურთს ძალიან აფერხებს. მინდა ვირწმუნო, რომ ყველა სახელმწიფო გუნდს სათანადოდ დააფინანსებენ.
ასეთ გუნდებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, შუა სეზონში რომ არ დაიშალონ. წინასწარ უნდა იყოს გათვლილი, წლის განმავლობაში გუნდს რამდენი სჭირდება, შემდეგ პრობლემები რომ არ შეექმნას და შუა სეზონში არ დაიშალოს.
ბოლო წლებია, სტაბილური მხოლოდ ჩვენი გუნდების დაფინანსების არასტაბილურობაა. ასე ქართული გუნდები და ფეხბურთი ვერ განვითარდება".
ვრცელდება ხმები, თითქოს "დილას" წამყვანი მოთამაშეები წასვლას აპირებენ, მაგალითად - ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი. სოღოლაშვილმა ამაზეც ილაპარაკა:
"ყველა მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი 19 დეკემბრამდე აკავშირებს. ჯერ არ ვიცი, ამის შემდეგ რა იქნება და ვინ დარჩება. ჩავამთავრებთ სეზონს და მერე ყველაფერი გაირკვევა, მათ შორის - რევიშვილის საკითხიც.
ეს თავის მენეჯერთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. ჩემი სურვილი კი იქნება, ეს გუნდი შევინარჩუნოთ, რადგან მიხარია, თავად ბიჭებს ერთმანეთთან და საქმესთან როგორი ჯანსაღი დამოკიდებულებაც აქვთ".
ზაფხულში "დილა" საყრდენმა ნახევარმცველმა ლაშა გვალიამ დატოვა და რუსულ "ურალთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ჯერჯერობით ვერ თამაშობს. მისი და გიორგი ილურიძის წასვლა კი გორის "დილას" ძალიან დაეტყო.
შესაძლებელი ხომ არ იყო, რომ ვიდრე პრობლემა მოგვარდებოდა, 21 წლის გვალიას ისევ "დილაში" ეთამაშა?
"ეს ჩვენც გვსურდა, მაგრამ გვალია რუსეთში წასვლას აპირებდა და ვერც წარმოიდგენდა, რომ ვიზის მოლოდინი ასე დიდხანს გაუგრძელდებოდა. ჩვენთან თამაში კი პრობლემასთან იყო დაკავშირებული და ეს ვერ მოხერხდა, თორემ, საკამათო არც არის, რომ მისი წასვლა ძალიან დაგვეტყო", - წუხს სოღოლაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"