I ლიგა. I წრის შეჯამება. B ზონა: ძველ-ახალი სახეები

AutoSharing Option
B ზონაში თავიდანვე ნათელი იყო, რომ პლეი ოფში გამსვლელი ორი ადგილიდან ერთ-ერთისათვის ბათუმის "დინამო" იბრძოლებდა და ასეც მოხდა: პირველი ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება უმოკლეს დროში განიზრახა და ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენაც მიდის.

რაც მთავარია, "დინამოს" ხელმძღვანელობამ წინა სეზონის ფიასკოს მერე სწორი დასკვნები გამოიტანა და გუნდი ისე გააძლიერა, დღესდღეობით უმაღლესში რომ ყოფილიყო, ალბათ, პირველ ექვსეულში მოსახვედრადაც იბრძოლებდა!

მუმუ და სხვები

მოგეხსენებათ, რომ პირველი ლიგა სპეციფიკური ტურნირია და, ხშირ შემთხვევაში, არცთუ ხარისხიან მოედნებზე ასპარეზობისას გადამწყვეტი თუ არა, გარკვეული მნიშვნელობა
მაინც ენიჭება გამოცდილების ფაქტორს.

ჰოდა, "დინამოში" ჯერ სეზონის დაწყების წინ, მერე კი უშუალოდ მსვლელობისას, რამდენიმე ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი ჩაირიცხა, დღესდღეობით უმაღლესი ლიგის ნებისმიერ გუნდში ძირითად შემადგენლობაში რომ ექნებოდა პრეტენზია: 26 წლის მეკარე მიხეილ ალავიძე, 37 წლის უნივერსალი მცველი სევასტი თოდუა, 32 წლის ნახევარმცველი გიორგი მანწკავა და 27 წლის შემტევი გიგა კვერენჩხილაძე.

ამათ გარდა, "დინამოში" კიდევ ორი ახალწვეული მივიდა: 23 წლის მცველი ბადრი ტეტუნაშვილი და 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი ჩირიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩირიკაშვილი შვეიცარიული "ქსიმაქსიდან" წამოსვლის შემდეგ თითქმის წელიწად-ნახევარი უგუნდოდ გახლდათ და აი, ბათუმის "დინამოში" ნდობის გამოცხადებას რამდენიმე მატჩში გადამწყვეტი გოლებით უპასუხა.

ამ ცნობადი ახალწვეულების გარდა, "დინამოში" სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც გუნდის წამყვან მოთამაშეებად მოიაზრებიან: მცველები - 31 წლის გიგა ჟვანია და 25 წლის კარენ მაკარიანი, ნახევარმცველები - 23 წლის ბორის მახარაძე და 23 წლის თორნიკე ბერიძე, თავდამსხმელი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი - 25 წლის ბესიკ ჩიმაკაძე.

ამათ გარდა, თავის გამოჩენის საშუალება თითქმის ყველა მატჩში ეძლევათ ადგილობრივ პერსპექტიულ ახალგაზრდებს: ვალერიან თევდორაძეს, ბექა ვარშანიძესა და ამირან აბუსელიძეს (სამივე მათგანი 20 წლის გახლავთ).

"დინამოს" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი კი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელიც არის: გამოცდილმა სპეციალისტმა კობა ჟორჟიკაშვილმა პირველ ლიგაში მუშაობა არ ითაკილა და თავის ახალ გუნდთან ერთად აპირებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

დაბოლოს, ბათუმის "დინამოს" კაპიტანსა და მართლაც სიმბოლოზე: სასიხარულოა, რომ კვლავაც გრძელდება ამირან მუჯირის ხანგრძლივი და ჩინებული საფეხბურთო კარიერა! ეგ კი არა, 38 წლის მუჯირი თამამად შეგვიძლია დავასახელოთ პირველი ლიგის ამ გათამაშების (თანაც, ორივე ზონის), უდავოდ, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად!..

...ბათუმის "დინამო" რომ რეალური ფავორიტი იქნებოდა, ამაზე ზემოთაც ვთქვით და სეზონის დაწყებამდეც ვისაუბრეთ; აი, პლეი ოფის მეორე საგზურისათვის კი რამდენიმე გუნდს განვიხილავდით კანდიდატად, თუმცა "სამტრედიისა" და "მაჭახელას" ასეთ წარმატებულ ასპარეზობას, ალბათ, ბევრი ვერც წარმოიდგენდა.

ეგ კი არა, "სამტრედია" დიდი ხნის განმავლობაში სულაც პირველ ადგილზე იყო და რომ არა რამდენიმე ჩავარდნა (უპირველეს ყოვლისა, "საბურთალოსთან" დიდი ანგარიშით წაგებასა და ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბახმაროსთან" ფრეს ვგულისხმობთ), პირველ წრეს სულაც ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაამთავრებდა.

თუმცა სამტრედიელი ქომაგები, ალბათ, თავიანთ საყვარელი გუნდის არც ამჟამინდელი მდგომარეობით იქნებიან უკმაყოფილონი. ახლა მთავარია, მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე რამდენად სტაბილურად შეძლებს "სამტრედია" ასპარეზობას და რამდენად შესწევს ძალა გუნდს, ერთობ კონკურენტუნარიან გარემოში იყოჩაღოს.

"სამტრედიაშიც" მრავლად არიან გამოცდილი მოთამაშეები, ადრე უმაღლეს ლიგაში რომ უასპარეზიათ: მცველები - 34 წლის სპარტაკ გოგია და 31 წლის გიორგი მერმანიშვილი, ნახევარმცველები - 26 წლის ლაშა ჩალაძე, 22 წლის გიორგი გურეშიძე და გუნდში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებული 27 წლის ლევან ბაკურაძე; გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ახალწვეულებმაც: 29 წლის მეკარემ მიხეილ მუჯრიშვილმა, 22 წლის მცველმა თორნიკე კაკუშაძემ და 24 წლის ფორვარდმა ავთანდილ ბაგაშვილმა;

კიდევ ერთი ახალწვეულის ასპარეზობა კი ცალკე აღნიშვნის ღირსია: 19 წლის გიორგი ერისთავი 9 გოლით არა მხოლოდ საკუთარი გუნდის, არამედ, საერთოდ, B ზონის საუკეთესო ბომბარდირია!

რა თქმა უნდა, ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს მთავარი მწვრთნელიც და ისიც გვინდა ვთქვათ, რომ ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, ჩვენთან ასეთ ადრეულ ასაკში ოსტატთა გუნდისთვის ვინმეს ეხელმძღვანელა: "სამტრედიის" თავკაცი უჩა სოსიაშვილი ხომ 24 წლის გახლავთ!

B ზონის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი "მაჭახელას" წარმატებული ასპარეზობაა: პირველ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულმა გუნდმა პირველ წრეში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო ("სამტრედიასთან") და პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსსაც ინარჩუნებს. "მაჭახელა" საშინაო მატჩებს მშობლიურ ხელვაჩაურში ატარებს და "აჭარული დერბის" დროს, ბათუმის "დინამოსთან" მატჩს 1000 გულშემატკივარი დაესწრო!

"მაჭახელას" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი შემოქმედი ამ გუნდის გამოცდილი მწვრთნელი, 49 წლის ამირან გოგიტიძე გახლავთ - ეს სპეციალისტი ხომ წლების განმავლობაში თავკაცობდა მშობლიურ ბათუმის "დინამოს".

გამოცდილი ვეტერანები და ნიჭიერი ჭაბუკები
ზემოთ ნახსენები სამი გუნდის გარდა, პლეი ოფში მოხვედრის პრეტენზია სხვებსაც უნდა ჰქონდეთ. აი, მაგალითად - "ჭიათურას", რომელსაც უმაღლეს ლიგაში წლების განმავლობაში ("ოლიმპი", "სიონი") ნამუშევარი გამოცდილი მწვრთნელი, 52 წლის ხვიჩა ქასრაშვილი თავკაცობს.

"ჭიათურას" პირველი წრის ფინიში ჩაუვარდა (ორი საშინაო მარცხი პლუს სტუმრად "სამგურალთან" მარცხი), თორემ, შესაძლოა, სულაც ერთპიროვნული ლიდერი ყოფილიყო. "ჭიათურას" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, განსაკუთრებით კი, წინა ხაზში, სადაც 31 წლის დავით სევასტოპულო, 27 წლის ზაურ ხაჭიპერაძე და 25 წლის დავით ციცხვაია გამოდიან.

V პოზიციაზე დაასრულა პირველი წრე თბილისის "სასკომ", გუნდმა, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ფავორიტთა შორის მოვიხსენიებდით, მაგრამ გუნდს სტარტი აშკარად ჩაუვარდა. ალბათ, ამიტომაც მოხდა საკადრო ცვლილება და 13 ოქტომბრიდან გუნდის მთავარ მწვრთნელად "საფეხბურთო ოჯახის" წარმომადგენელი, 33 წლის გიორგი ხიზანიშვილი (თურქეთის "კაისერში" მოასპარეზე ზურაბ ხიზანიშვილის უფროსი ძმა) დაინიშნა.

ხიზანიშვილი აქამდე ბავშვთა ფეხბურთში იყო დასაქმებული, თუმცა "სასკოში" მუშაობით დაამტკიცა, რომ "ზედა დონეზეც" შეუძლია წარმატებების მიღწევა: ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა 7 მატჩი ჩაატარა და იქიდან 6 მოიგო; თანაც, პირველი წრის ბოლო ხუთ შეხვედრაში ზედიზედ ისე გაიმარჯვა, მეტოქეთა კარში 15 უპასუხო გოლი გაიტანა.

ასეთი წარმატებული სერიის შემოქმედნი კი, ახალ მწვრთნელთან ერთად, გუნდში მისული ერთიმეორეზე გამოცდილი ახალწვეულები გახლდნენ: 32 წლის ალექსანდრე ინწკირველი, 32 წლის ედიკ საჯაია, 28 წლის ზაალ ელიავა, 28 წლის დავით ლომაია (ოთხივე - მცველი), 33 წლის დავით დიღმელაშვილი (ნახევარმცველი), 33 წლის რევაზ ჯიქია, 27 წლის გიორგი რეხვიაშვილი (ორივე - თავდამსხმელი).

დავუმატოთ ამ სიას არანაკლებ გამოცდილი გიორგი ქუცურუაც (27 წლის ნახევარმცველი "სასკოში" წინა სეზონშიც თამაშობდა) და ადვილი მისახვედრია, თუ რა ამბიციები უნდა ჰქონდეს ამ გუნდს. სხვათა შორის, ამ გუნდში სხვა საინტერესო ფეხბურთელებიც თამაშობენ: 22 წლის კამერუნელი მეკარე ანდრე ნონოსი, 20 წლის გიორგი არახამია და სხვები.

...უცნაურზე უცნაური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა პირველ წრეში წყალტუბოს "სამგურალმა". რომელსაც უკვე მესამე სეზონია, გიორგი გოგიაშვილი თავკაცობს; სოხუმის "ცხუმის", ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიის" ყოფილი ნახევარმცველის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა თითქმის ყველა ფავორიტი გაამწარა: ბათუმის "დინამოსაც" მოუგო, "საბურთალოსაც", "ჭიათურასაც", ხოლო "მაჭახელასთან" ფრედ ითამაშა.

არადა, "სამგურალი" საშინაო მატჩებს მშობლიური წყალტუბოს ნაცვლად... სამტრედიაში ატარებს! "სამგურალშიც" არის რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ადრე უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია: 30 წლის ზვიად ჩხეტიანი, 28 წლის მიხეილ ჩხარტიშვილი, 22 წლის გიგა ამბროლაძე; სხვათა შორის, წინა სეზონის მსგავსად, "სამგურალი" ახლაც ერთობ შედეგიანად ასპარეზობს: 21 წლის ლევან ყიფიანმა 7 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში; ფოთის "კოლხეთში" გატარებული ერთი სეზონის მერე წყალტუბოელთა გუნდში დაბრუნებულმა კიდევ ერთმა შემტევმა, ასევე 21 წლის გიორგი ბუხაიძემ კი - 8 გოლი.

...B ზონის კი არა, საერთოდ, პირველი ლიგის ამ გათამაშების მთავარი ინტრიგა დებიუტანტის, "საბურთალოს" გამოჩენა იყო. გორის "დილას" ყოფილი თავკაცის, თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ჩინებული სტარტი აიღო (ზედიზედ სამი გამარჯვება), მაგრამ მერე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ეს ყველაფერი ცხრილშიც აისახა.

თუმცა "საბურთალოს" მესვეურებს "ერთწლიანი გუნდი" რომ არ ეყოლებათ, ყველამ კარგად ვიცით და ერთი-ორ წელიწადში თბილისს კიდევ ერთი ამბიციური კლუბი რომ შეემატება, პირადად ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. სხვათა შორის, "საბურთალოში" ისეთი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილი და 32 წლის რევაზ გოცირიძე არიან.

მათ გვერდით კი ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭები ოსტატდებიან და ზოგიერთი მათგანი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც თამაშობს: 17 წლის გიორგი თევზაძე, 17 წლის ჯემალ ტაბიძე, 16 წლის ბექა ქურდაძე, 16 წლის ოთო გოშაძე; გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 23 წლის ლიბერიელი შემტევი ლორენცო ლარკი გახლავთ, რომელიც ადრე მარტვილის "მერანში" ასპარეზობდა.

"საბურთალოს" გარდა, B ზონაში კიდევ ორი გუნდია, სადაც ასევე უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ასპარეზობს; უფრო ზუსტად, "დილა 2"-შიც და "ლოკომოტივშიც", ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ 16-17 წლის ბიჭები არიან და რამდენიმე მათგანმა (ილია კერძევაძემ, ლევან შენგელიამ, ლუკა ზარანდიამ) ამას წინათ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა, როცა თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩატარდა.

არც ის არის უმნიშვნელო ამბავი, ორივე გუნდს ასევე პერსპექტიული და კვალიფიციური მწვრთნელები რომ ხელმძღვანელობენ: გუბაზ დოლიძე ("დილა 2") და გია ცეცაძე ("ლოკომოტივი").

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. B ზონა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (ბთ) 13 10 1 2 26-8 31
2. სამტრედია 13 10 1 2 25-13 31
3. მაჭახელა 13 9 3 1 23-6 30
4. ჭიათურა 13 8 1 4 19-14 25
5. სასკო 13 7 1 5 23-12 22
6. სამგურალი 13 6 3 4 25-23 21
7. ბეთლემი 13 6 1 6 18-17 19
8. საბურთალო 13 5 2 6 20-16 17
9. დილა 2 13 5 2 6 19-24 17
10. ლოკომოტივი 13 4 1 8 18-23 13
11. კოლხეთი (ხ) 13 3 3 7 15-29 12
12. სტუ 13 3 1 9 22-30 10
13. ბახმარო 13 0 6 7 11-30 6
14. სულორი 13 1 2 10 7-26 5

ბომბარდირები:
გიორგი ერისთავი (სამტრედია) - 9; გიორგი ბუხაიძე (სამგურალი) - 8; ლევან ჯიქიძე (სტუ) - 8; ალექსანდრე ლაბაძე (მაჭახელა) - 8.

I ლიგა. I წრის შეჯამება. A ზონა: ზღვისპირელთა დომინაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული