მოსალოდნელი ტრანსფერები: სად მიდიან დინამოელები?

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, თბილისის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. ცხადია, დავინტერესდით, სად გააგრძელებენ კარიერას გუნდიდან გაშვებული თუ ტრანსფერზე დაყენებული მოთამაშეები.

მოგეხსენებათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი დატოვეს ლევან ხმალაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ.

ამ უკანასკნელის არჩევანი ჯერ უცნობია. რაც შეეხება შაშიაშვილს, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს და მუშაობა ბავშვთა ფეხბურთში გააგრძელოს. მას "დინამოს" აკადემიაში გადასვლა შესთავაზეს.

ლევან ხმალაძე კი, სავარაუდოდ, ბოლნისის "სიონში" ითამაშებს. იქიდანვე აქვს შეთავაზება გია კვარაცხელიას, რომელიც ტრანსფერზე დააყენეს, მაგრამ მას ჯერ "დინამოსთან" აქვს საკითხი გასარკვევი. გამოცდილ მცველს კონტრაქტი სეზონის
ბოლოს უმთავრდება და სანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეუსრულებენ, მანამდე სხვა კლუბთან დალაპარაკებას არ აპირებს.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ეროვნული ნაკრების წევრის, ელგუჯა გრიგალაშვილის ტრანსფერზე დაყენება იყო. შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ ამ მომენტისთვის ის ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშეა და "დინამო" მისი ტრანსფერისგან ხეირს ელოდება.

იგივე ითქმის გიორგი მერებაშვილზეც, რომელმაც ჯერ კიდევ ევროთასების შემდეგ იცოდა, რომ კლუბმა საკადრო პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა და მაღალ ხელფასს ვეღარ გადაუხდიდა, თუმცა გუნდიდან წასვლა მისი ინიციატივა არ ყოფილა. გიორგის კონტრაქტი ერთ წელიწადში უმთავრდება და კლუბისგან მის გაწყვეტას ითხოვს.

მერებაშვილით რამდენიმე უცხოური კლუბია დაინტერესებული, თუმცა მისი ტრანსფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვს "დინამო".

24 წლის გრიგალაშვილი და 27 წლის მერებაშვილი ვეტერანებად ვერ ჩაითვლებიან. საერთოდ, თბილისის "დინამოსთვის" "ჩიხურასთან" სუპერთასზე მარცხი დამაფიქრებელი უნდა იყოს. ამ გუნდში "დინამოდან" გაშვებული 6 ფეხბურთელი თამაშობს და დიდწილად სწორედ მათი დამსახურებაა, სუპერთასი საჩხერეში რომ წავიდა.

"დინამოს" საკადრო პოლიტიკა ყოველთვის გასაგები არ იყო...

თუმცა ახლა "დინამომ" რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც განახორციელა. მაგალითად, "ვიტ ჯორჯიას" ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე თავის პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია და პერსპექტიული ფეხბურთელიცაა.

იმავეს ვიტყვით ქუთაისის "ტორპედოდან" გიორგი ხიდეშელის დამატებაზეც. 25 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერა ჩინებულად დაიწყო, მაგრამ 2011 წელს მიღებულმა ტრავმამ (ჯვარედინი იოგები გაუწყდა) მის თამაშს ლამის ჯვარი დაუსვა. კარგია, რომ ხიდეშელმა მოედანზე დაბრუნება და ქუთაისის "ტორპედოში" ფორმის აღდგენა მოახერხა.

"დინამოს" გამოცდილი ირაკლი მოდებაძეც გააძლიერებს. 29 წლის თავდამსხმელი ბოლო პერიოდში გორის "დილას" ლიდერი იყო.

ამას გარდა, შესაძლოა, "დინამოში" "ჩიხურას" ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი და "სიონში" განათხოვრებული ლაშა პარუნაშვილიც დააბრუნონ.

და კიდევ - ჯერჯერობით უცნობია, მართლა აპირებს თუ არა "დინამო" "ვიტ ჯორჯიადან" თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძისა და მეკარე ნიკა დაუშვილის დამატებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა აღარ გინდათ ხო დინამოვ გრგიგალაშვილი, ვაი თქვენს პატროოონს უბედუურსსს
tijana513
21:25 26-12-2013
0
ცოტას წავიფანტაზიორებ და გრიგალაშვილს გორის დილაში წარმოვიდგენ, დარწმუნებული ვარ რო საქართველოს ნომერ პირველ ფეხბურთელად გარდაიქმნება ამ გუნდში!
ramaz.
10:56 27-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული