გრიშიკაშვილი: გამომიძახონ ნაკრებში და ნახავთ, რა შემიძლია

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში ცხინვალის "სპარტაკი" ჯერაც ბოლო ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურებში გამოცოცხლება შეეტყო და თუ ასე გააგრძელა, ბოლო ადგილს მალე დააღწევს თავს. ”სპარტაკის" ერთერთი ლიდერი მეკარე სოსო გრიშიკაშვილია, რომელსაც საკლუბო ამბების გარდა "ალანიას" რუსეთში გაჩემპიონების 15 წლისთავის აღსანიშნავად მოწყობილ ვეტერან ფეხბურთელთა მატჩზეც ვესაუბრეთ.

ეს იუბილე ვლადიკავკაზში მასშტაბურად აღინიშნა. ერთმანეთს ”ალანიასა" და მოსკოვის ”სპარტაკის" ვეტერანები შევხვდნენ. ვლადიკავკაზელთა კარს პირველ ტაიმში ზაურ ხაპოვი იცავდა, მეორე 45 წუთი კი გრიშიკაშვილმა ითამაშა. თამაშში სოსოს ჩართვამდე ”ალანია" 1:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:3 დასრულდა. რუსული პრესის
ცნობით, ქართველმა მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ერთერთი საუკეთესო იყო.

- გავიგეთ, საიმედოდ გითამაშიათ. ერთ-ერთ რუსულ საიტზე ისიც კი ეწერა, გრიშიკაშვილი რუსეთის მთავარ თუ არა, პირველ ლიგაში თავისუფლად ითამაშებსო...
- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და, ამ მატჩის შემდეგ არაერთი კომპლიმენტი მივიღე... ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და თუ რუსეთში მიმიწვევენ, სიამოვნებით ვითამაშებ.

- ისიც ვიცით, ნაკრებში გამოძახებასაც ელოდით.
- ჩემი დიდი სურვილია, ეროვნულში კიდევ მომიწიოს თამაშმა. ვგრძნობ, რა შემიძლია და ამაში ეჭვი რომ მეპარებოდეს, ხმას არ ამოვიღებდი. თუ გამომიძახებენ, ყველა ნახავს, რომ კვლავაც შემიძლია სანაკრებო დონეზე თამაში.

- თბილისის "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" მოპოვებულ ქულებში თქვენი წვლილი საკმაოდ დიდია.
- ამ მატჩების მოგებაც შეგვეძლო და, სამწუხაროდ, სხვაგანაც არაერთი დასანანი ქულა დავკარგეთ. "ოლიმპს" ორჯერ ვუგებდით, მაგრამ 2:3 დავმარცხდით. ბოლნისშიც უნდა მოგვეგო, მაგრამ სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და "სიონთანაც" წავაგეთ.

- ამ დაკარგულ ქულებს რით ახსნით?
- თემურ შონია, შოთა კაშია, ბოიომო... თითო-ოროლა გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს. უმეტესობა 17-18 წლის ახალგაზრდა მოთამაშეე, ორი სულაც 16 წლისაა. ამ ბიჭებს გამოცდილება რომ ჰქონდეთ, უფრო მეტი ქულა გვექნებოდა და აუტსაიდერები აღარ ვიქნებოდით... ვინც ჩვენი მატჩები ნახა, ალბათ დამეთანხმება, რომ "სპარტაკი" აუტსაიდერობის მიუხედავად, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ შედეგთან ერთად ლამაზად თამაშს ვცდილობთ.

- ბოლოს ორი მატჩი მოიგეთ. შეძლებთ ცხრილის ფსკერიდან ამოსვლას?
- თასის მერვედფინალში ”სამტრედია" კი დავამარცხეთ, მაგრამ ცუდად ვითამაშეთ. ბოლოს "ვიტ ჯორჯიას" მოვუგეთ რუსთავში და ვფიქრობ, ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის გარდამტეხი უნდა იყოს. ახლახან მოვრჩით ვარჯიშს და დავინახე, რომ რუსთავში მოგებით ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მეტად ირწმუნეს საკუთარი ძალების, მათ თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. მართალია, ჩემპიონატის მეორე ეტაპი წინაა, მაგრამ მანამდე კიდევ უნდა დავაგროვოთ ქულები.

- ზამთრის პაუზამდე შედარებით იოლ მეტოქეებთან გიწევთ თამაში და ქულების დაგროვების კარგი შესაძლებლობაც გაქვთ.
- შაბათს "ბაიას" ვეთამაშებით. მართალია, ეს გუნდი არაერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეებთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ გვექნება. უნდა შევძლოთ და ეს თამაში მოვიგოთ. წელს კიდევ ორი მატჩი გვაქვს, სტუმრად "ტორპედოსთან" და შინ "კოლხეთთან". როგორც ყველა თამაშში, ამ შეხვედრებშიც მოსაგებად ვიბრძოლებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული