"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი

AutoSharing Option
უმეტეს ქართულ კლუბებს საქმე ვერ აქვთ კარგად და ამ ფონზე უაღრესად საინტერესოა, რა ელის "ზესტაფონს".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა - თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გადადგება, "ზესტაფონიდან" წავალო.

იმ კონკრეტულ მომენტში კოკაიამ პირობა შეასრულა, კლუბს 2014 წლამდე სამყოფი ბიუჯეტი დაუტოვა და განზე გადგა...

მიმდინარე სეზონში "ზესტაფონი" რიგიანად ვერ თამაშობდა, გამოეთიშა თასის გათამაშებას და სათუო გაუხდა ეროვნული ჩემპიონატის ზედა ექვსეულში მოხვედრა. კლუბმაც სერბი მწვრთნელი რატკო დოსტანიჩი დაითხოვა და გია გეგუჩაძე მიიწვია.

"ზესტაფონში"
გეგუჩაძის დაბრუნების მცდელობა ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყების წინ იყო, თუმცა მაშინ კლუბის მფლობელი და მწვრთნელი პირობებზე ვერ მორიგდნენ. მოკლედ, გეგუჩაძე "ზესტაფონში" ხელმეორედ დოსტანიჩის წასვლის შემდეგ დაბრუნდა და პირობა ასეთი იყო: ჯერ დროებით, ორი თვით იმუშავებდა, მერე კი, თუ მხარეები მორიგდებოდნენ, ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდებოდა.

ეს ორი თვეც მიილია. გეგუჩაძის ხელში "ზესტაფონმა" რამდენიმე კარგი მატჩი ითამაშა და დიდი შანსია, რომ კლუბმა და მწვრთნელმა თანამშრომლობა გააგრძელონ.

"კონტრაქტი ჯერ არ გაგვიგრძელებია, ამ საკითხზე მიდის მოლაპარაკება. ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს"
, - გვითხრა გეგუჩაძემ.

ეს სპეციალისტი "ზესტაფონში" პირველად 2008 წლის ბოლოს მივიდა და 2011 წლის აგვისტოში დაშორდა. იმერული გუნდი საქართველოს ჩემპიონიც პირველად (2011 წელს) სწორედ გეგუჩაძის ხელში გახდა. ის უპირატესობას შემტევ, აგრესიულ და კომბინაციურ სტილს ანიჭებს. ასეთი მწვრთნელის სახელი მან თბილისის "დინამოში" დაიგდო, როცა 2004 წელს გუნდს საქართველოს თასი მოაგებინა და იმავე წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

გეგუჩაძემ ისიც გვითხრა, რომ დიდი სურვილი აქვს, "ზესტაფონი" უკეთესი გუნდი და უკეთესი კლუბი გახდეს, ისეთი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე არ იქნება ორიენტირებული.

გეგუჩაძე რამდენიმე დღით თურქეთში იყო წასული - ის ადგილი უნდა შეერჩია, სადაც "ზესტაფონი" შუასასეზონო შეკრებას გაივლის და საკონტროლო მატჩებს გამართავს. მან უკვე დაიგულა ასეთი ადგილი და მალე ისიც გაირკვევა, რომელ გუნდებს გაეჯიბრება "ზესტაფონი" თურქულ შეკრებაზე.

ცხადია, "ზესტაფონში" გუნდის გაძლიერებაზეც ფიქრობენ. მთავარი მწვრთნელისგან შევიტყვეთ, რომ უკვე დამატებულია ორი ფეხბურთელი - გრიგოლ დოლიძე და გიორგი გურული.

დოლიძე 31 წლისაა. გეგუჩაძესთან ერთად მას ქუთაისის "ტორპედოშიც" უმუშავია. ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა და თავი წლევანდელ ევროსარბიელზეც გამოიჩინა. დოლიძე სწრაფია, მარჯვენა ფლანგიდან აწიოკებს დაცვას, უხვად ამარაგებს პარტნიორებს საგოლე გადაცემებით და თავადაც ეხერხება გატანა. კულუარებში ამბობდნენ, დოლიძე, შესაძლოა, "დინამოში" აღმოჩნდესო, თუმცა ასე არ მოხდა და ბოლოს "ზესტაფონელი" გახდა.

გურული 25 წლისაა, ნომინალურად მარცხენა მცველია, ტექნიკური, ბურთის ამოტანა რომ შეუძლია. დოლიძის მსგავსად, გეგუჩაძესთან მასაც უმუშავია "ტორპედოში". მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი კი "დილაში" გაატარა.

გეგუჩაძის თქმით, ამით სელექცია არ დასრულებულა, მიმდინარეობს მუშაობა ცენტრფორვარდის დამატებაზეც. რამდენიმე ფეხბურთელთან დაწყებულია მოლაპარაკება. სეზონის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ამ პოზიციაზე "ზესტაფონს" ძალიან სჭირდება ახალი, გამოცდილი მოთამაშე. ირაკლი ქობალიას ტრავმამ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გეგუჩაძე "ზესტაფონში" დარჩება, გუნდი შეკრებას თურქეთში გაივლის, კიდევ დაიმატებს ფეხბურთელებს და, ბუნებრივია, ჩნდება კითხვაც - ეს ყველაფერი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტი და მფლობელი კვლავ კოკაია იქნება?

"მე საქმიანი ურთიერთობა მაქვს "ზესტაფონის" სპორტულ დირექტორ მიხეილ ხუციშვილთან. ყველა საკითხი მასთან ერთად განიხილება. რაც შეეხება ილია კოკაიას, ბოლო პერიოდში მას არ შევხვედრივარ", - გვითხრა გეგუჩაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დილას ხელმძღვანელობა რას აკეტებს შლით გუნდს თუ რა ქვია ტქვენ საქციელსსსსსსსს
bibo
11:01 30-12-2013
0
ეს კიდევ ერთ წლიანი გუნდი. სფფ-მ გაამკაცროს ლიცენზირების მოთხოვნები და მინიმუმ 3 წლიანი დაფინანასების საბუთები მოთხოოს სახელმწიფო კლუბებს ეს მასხრად აგდებაა, დილა იშლება, გურია დაიშალა, ტორპედო დაიშალა, მარტვილი დაიშალა, ვით ჯორჯიაც დაიშალა(ყველა მოწინავე ფეხბურთელი წავიდა!!!) ზესტაფონი იტყუებოდა და ფული ქონია, ჩიხურა ჯიგრულადაა:))), დინამოს პრობლემა აქვს მაგრამ არ იძახიან, სიონი იშლება, ზუგდიდი იქნება მაგრამ როგორ? და ასე შემდეგ მოკლედ პატრონი არ ყავს ქართულ ფეხბურთს!!!
puma
12:33 30-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული