ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია", როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა კობა მირზაშვილმა გვითხრა, მოსამზადებელ ეტაპს 20 იანვრისთვის დაიწყებს და ამის შემდეგ ბევრი რამ გახდება ცნობილი.

დეკემბრის ბოლოს მთავარი მწვრთნელი რომან პოკორა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ ეს პოსტი ვაკანტური იყო. უკრაინელი სპეციალისტის შემცვლელის ვინაობა მალე გაცხადდება. მირზაშვილმა შესაძლო კანდიდატურა გაგვიმხილა:

"პოკორას შემცვლელად გიგლა იმნაძის კანდიდატურაზე შევჩერდით და გუნდის გაწვრთნა შევთავაზეთ. ის ორი წლის წინათაც "გურიას" წვრთნიდა და ლანჩხუთში დიდი ავტორიტეტი გააჩნია. მაგრამ ჯერ მისგან პასუხი არ მიგვიღია. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში
გვეცოდინება".

რა ცვლილებები მოხდა გუნდში? ამის შესახებ ჯერ "გურიას" დირექტორს დაზუსტებული პასუხი არ გააჩნია:

"დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითად ბირთვს შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით. ჯერ გასარკვევია ძამსაშვილის, ჩაგელიშვილისა და ჯოხაძის საკითხი. ცხადია, გაძლიერებაზე ვფიქრობთ. წინადადებებით უკვე მივმართეთ გორის "დილას" ნახევარმცველ დავით ბოლქვაძეს, აგრეთვე, რუსთავის "მეტალურგის" მცველებს, სერგი ორბელაძესა და ანზორ სუხიაშვილს და მათი პასუხები მალე გვეცოდინება".

ლანჩხუთელებმა მოსამზადებელი ეტაპი მხოლოდ ნაწილობრივ დაგეგმეს და ახლა მხოლოდ ის იციან, რომ თავიდან გრიგოლეთის ბაზაზე ივარჯიშებენ.

"15 იანვარს ფეხბურთელებს დავალიანებას გავუსტუმრებთ, მზადებას კი 20-იდან შევუდგებით. პირველი 12 დღე გრიგოლეთში, ჩვენს ბაზაზე ვივარჯიშებთ.

სად მოვემზადებით მეორე ეტაპზე, ეს მთლიანად ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ბიუჯეტია 665 ათასი ლარი და მის გაზრდას გვპირდებიან. "გურიას" ბანკების ვალი, 400 ათასი ლარი დაუგროვდა, რომლის გასტუმრებაშიც ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება.

ამას გარდა, უახლოეს დღეებში ბევრი რამ გვეცოდინება და ვნახავთ, შესაძლებელი იქნება თუ არა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპის გავლა", - ამბობს მირზაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული