გიორგი კორიფაძე: თუ საკითხი გადაწყდება, ქუთაისში სიამოვნებით ვითამაშებ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ. მაგალითად, ითქვა ისიც, თითქოს, სამწვრთნელო შტაბს გია მეგრელაძეც უნდა შეუერთდეს.

დასახელდა რამდენიმე მოთამაშის გვარიც. მათი აყვანა, ცხადია, კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, ამტკიცებენ, რომ "ვისოლი" კლუბიდან ოფიციალურად ჯერ არ წასულა. გვარდება იურიდიული საკითხები, რომელთა გარკვევის შემდეგ "ტორპედოს" ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მისი ხელახალი გასხვისების თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის საკითხი.

რაც შეეხება მეგრელაძესთან დაკავშირებულ ამბავს, ამაზე კომენტარი რევაზ ძოძუაშვილმა გააკეთა:

"გია თავადაც კარგი მოთამაშე იყო და ისეთი საფეხბურთო ოჯახიდანაა,
უარს ვერ ვიტყოდით. თავად კი სურს, რომ გუნდის მშენებლობაში მონაწილეობდეს, მაგრამ ჯერ ფინანსური საკითხები არ გარკვეულა და არ ვიცით, რა პირობებს შევთავაზებთ".


შესაძლოა, ქუთაისის "ტორპედოში" ვიხილოთ "ვიტ ჯორჯიას" ორი მოთამაშე - გურამ ადამაძე და გიორგი კორიფაძე; აგრეთვე, რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალური ნახევარმცველი გურამ გურეშიძე.

25 წლის ცენტრალური მცველი ადამაძე ქუთაისელია და 2009 წლიდან მოყოლებული, "ვიტ ჯორჯიაში" 104 შეხვედრა (3 გოლი) აქვს ჩატარებული.

24 წლის მარჯვენა ნახევარმცველმა კორიფაძემ კი 2010 წლიდან "ვიტ ჯორჯიას" მაისურა უმაღლესი ლიგის 96 მატჩში (10 გოლი) მოირგო. ფლანგიდან შეტევებში დროული და შედეგიანი ჩართვები გამოარჩევს.

გურეშიძე 3 სეზონის განმავლობაში იყო "ვიტ ჯორჯიას" წამყვანი მოთამაშე. "მეტალურგში" ის 2013 წლის ზაფხულში გადავიდა, მხოლოდ ერთხელ ითამაშა შეცვლაზე, დანარჩენი 17 მატჩი კი ძირითადში დაიწყო.

"კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. აქამდე რამდენიმე ვარიანტი მქონდა, დამიკავშირდნენ "დილას", "ზუგდიდისა" და "მეტალურგის" წარმომადგენლები, მაგრამ პირველი წრის შემდეგ ლამის ყველა გუნდში დიდი გაურკვევლობაა.

მითხრეს, რომ დაინტერესდა "ტორპედოც", რომლის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მილაპარაკია. "ტორპედო" მუდამ ამბიციებით გამოირჩეოდა და თუ საკითხი გადაწყდება, ქუთაისში სიამოვნებით ვითამაშებ",
- ამბობს კორიფაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული