პერიფერიული კალეიდოსკოპი: კერა არ უნდა გაცივდეს...

AutoSharing Option
ფეხბურთი თუ გინდა, ამისი კერა უნდა არსებობდეს.

საქართველოში ეს საქმე ასეთნაირად იყო მოწყობილი - ეროვნული ჩემპიონატის გულისფეთქვა პერიფერიებში იყო, დედაქალაქში კი საფეხბურთო ხმები ოდენ ევრომატჩებზე ისმოდა.

და რა ვითარებაა ამ დროისთვის? მივყვეთ ლიხსაქედან.

იყო დრო, ბოლნისში 3-4 ათასი ქომაგი იყრიდა თავს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე. ქალაქის ხელმძღვანელობას ფეხბურთი ძალიან უყვარდა და "სიონისთვის" თანხებს არ იშურებდა, იყო სპონსორული შემოსავლებიც, მაგალითად, "მადნეულისგან".

Sportall.Ge

ბოლნისი გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული ქალაქია, როგორც ამბობენ - შვაბების. კარგი რქაწითელი ბოლნისის რაიონშიც მოდიოდა. თამაშის დღეს, ღვინო მატჩის წინაც
ისმებოდა, ხოლო თუ "სიონი" მოიგებდა, ქეიფი გრძელდებოდა. ამ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები იყრიდნენ თავს და ბოლნისიდან ქულის წაღება ნებისმიერი გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო.

"სიონმაც" მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, ითამაშა ევროსარბიელზე, გახდა საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ ბოლნისში საფეხბურთო კერა ნელ-ნელა ქვრებოდა, შესაძლოა იმტომაც, რომ სიღარიბემ, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ხალხი იქაც დაჩაგრა, სტადიონზე მისვლის ხალისი თითქმის გაუნელა...

ბოლნისელებს ახლა კარგი გუნდი ჰყავთ. "სიონი" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, თასის გათამაშებიდან "ზესტაფონი" გამოთიშა, მაგრამ ის საფეხბურთო ჟრიამული ბოლნისში აღარ არის, რაც ადრე იყო...

* * *
ბოლო პერიოდში გორის "დილა" მოღონიერდა, შარშან რიგიანადაც ითამაშა ევროსარბიელზე. გუნდის განკარგულებაშია განახლებული სტადიონი კარგი საფარით, მაგრამ კლუბს სტაბილური დაფინანსება არ აქვს და ასეთ დროს ძალიან ძნელია ძლიერი კერის შექმნა.

Sportall.Ge

* * *
ამ ცოტა ხნის წინ საჩხერის "ჩიხურამ" სუპერთასი მოიგო, ევროპალიგის საკვალიფიკაციოზეც ითამაშა, მაგრამ კლუბის ბიუჯეტის ზრდა ჯერ არ ჩანს, არადა, ამ რეგიონში ფეხბურთი ძალიან უყვართ.

რამდენიმე თვის წინ გახლდით ივანწმინდაში. იქაურ სტადიონზე პირველად მიწევდა მისვლა. სოფლის მოსახლეობამ მყის შეგვნიშნა და მიხვდა, რომ ფეხბურთის საყურებლად ვიყავით ჩასულები. სრულიად უცხოებს შინ გვეპატიჟებოდნენ, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე ჭიქის დალევასაც მოვასწრებთო.

Sportall.Ge

მოკლედ, კერა იქაც გაჩნდა, ოღონდაც, ამ ყველაფერს გაღვივება სჭირდება. "ჩიხურა" ახლა მეორე ადგილზეა ჩემპიონატში. როგორც ალან შირერი იტყოდა - იყო მეორე, იგივეა, რომ იყო - ხელმოცარული...

* * *
მას შემდეგ, რაც ქუთაისის "ტორპედო" კომპანია "ვისოლის" ხელში აღმოჩნდა, გუნდი მოწინავეთა მარაქას დაუბრუნდა. "ტორპედოს" არ ჰქონია ისეთი დიდი დაფინანსება, რაც ორი წლის წინათ ჰქონდათ "დინამოსა" და "დილას", თუმცა მაინც ტოლ-სწორად ეთამაშებოდა ამ გუნდებს.

Sportall.Ge

ქუთაისში ხელახლა გაღვივდა საფეხბურთო კერა. ამ ქალაქში ფეხბურთი ხომ მართლაც განსაკუთრებულად უყვართ, მაგრამ "ვისოლმა" ჯერ დაფინანსება შეუმცირა "ტორპედოს", მერე კი პროფესიული კლუბისგან განზე ყოფნა არჩია.

"ტორპედოში" მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ სახელიანი მწვრთნელი საქმეს ვერ უშველის - კარგი დაფინანსების გარეშე ქუთაისში ის საფეხბურთო კერა ვერ აღორძინდება, როცა გუნდი 2000-02 წლებში სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

* * *
ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში აღარ თამაშობენ. ვნახოთ, თუ ზღვისპირეთის გუნდები ჯეროვნად მოფულიანდებიან, ტრადიციები ნამდვილად უწყობთ ხელს საფეხბურთო კერის ასაღორძინებლად.

Sportall.Ge

* * *
საფეხბურთო ტრადიციებით თავს ლანჩხუთის "გურიაც" მოიწონებს, თუმცა იმდენი პრობლემა დაუგროვდა, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რა და როგორ იქნება.

Sportall.Ge

* * *
დარჩა "ზესტაფონი", რომელმაც მეტ-ნაკლებად მძლავრი სატრანსფერო პოლიტიკა განახორციელა და ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ მალე მხოლოდ ტიტულებისთვის და ევროსარბიელზე ღირებული წარმატებისთვის იბრძოლოს.

ქალაქის ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ "ზესტაფონის" ინფრასტრუქტურას დაახლოებით 300 000 ლარით შეეწიოს, რაც უკვე მნიშვნელოვანი შეღავათია კლუბის მფლობელისთვის.

Sportall.Ge

პოტენციურად, "ზესტაფონი" დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში და იმედია, სტადიონისკენ კვლავაც ბევრ ქომაგს მიიზიდავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ ზუგდიდზე გსმენიაა რამეე?აქაც გვყავს გუნნდიი!!! :@
abragss
19:01 19-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული