დანარჩენს კი "ლელოსთან" დოლიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
გვჭირდება ახალი საფუძველი
- ახლა ქართულ ფეხბურთში დიდი კრიზისია. თითქმის ყველა კლუბს, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ფინანსური პრობლემები აწუხებს. თუ შარშან თითქმის ყველა მათგანის ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატებოდა, ახლა ამით
ვცდილობთ, ბიუჯეტი გავზარდოთ, მაგრამ გლობალურად, ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფულად დაეცა. ეს მოსალოდნელიც იყო - ფეხბურთში ბიზნესმა ფული რომ ჩადოს, საამისოდ, აუცილებელია, რენტაბელური იყოს საფეხბურთო ინდუსტრია, გაიყიდოს სატელევიზიო უფლებები, კლუბის სიმბოლიკა, სარეკლამო უფლებები, ხალხი სტადიონზე დადიოდეს, რაც საფეხბურთო მატჩებზე რეკლამას ეფექტურს გახდის.
სამწუხაროდ, არც ხალხი დადის თამაშებზე და სატელევიზიო უფლებებიც, კლუბის სიმბოლიკაც და სარეკლამო უფლებებიც არ იყიდება.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ჩემპიონატი, გუნდები და მოთამაშეები იმ დონეზე არ არიან, რომ ბიზნესი დააინტერესონ. კლუბების მენეჯმენტშიც სერიოზული პრობლემებია - ბიზნესს საინტერესო პროექტებს ვერ ვთავაზობთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ფეხბურთს არ აქვს საძირკველი. ამიტომ, ჩემი აზრით, ახალი ქართული ფეხბურთის მშენებლობა უნდა დავიწყოთ.
როგორ დავზოგოთ სახსრები
- ჩემი აზრით, ვითარებას საგრძნობლად შეცვლიდა საკანონმდებლო ცვლილებები და ადეკვატური გადასახადები. ძალიან ბევრი ბიზნესმენი ვიცი, რომელიც ფეხბურთში თანხის დასაბანდებლად სწორედ ამას ელოდება. თუ მათ არ ექნებათ ეკონომიკური ეფექტი და გადასახადები არ შემცირდება, ტყუილად ფულს არავინ გადაყრის, რადგან ამ სახეობაში ბიზნესმენები კაპიტალს მოგებიდან აბანდებენ. მაგრამ რაც უნდა დიდი სიყვარული ჰქონდეთ, სულ წაგებაზე მუშაობა არავის ახარებს.
მე კომპანია PSP-ში ვმუშაობდი. ფეხბურთი და ფარმაცევტიკა ბიზნესში სხვადასხვა სპეციფიკაა, მაგრამ იდეაში, ორივე თავის პროდუქტს უნდა ყიდდეს. ფეხბურთი ამას ვერ ახერხებს, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ადამიანების ცხოვრების საჭირო და აუცილებელ დანამატად ვერ გადაიქცა. მყიდველისთვის საინტერესო პროდუქტის შესაქმნელად პირობებიც არ არის.
მაგრამ მე ყურადღებას სხვა საკითხზე გავამახვილებ - ჩვენ მწირი სახსრები გვაქვს, რაც მის ეფექტურ ხარჯვას აქტუალურს ხდის. აქედან გამომდინარე, რამდენიმე კლუბს უკვე ველაპარაკე, რომ არაკომერციული სუბიექტი - "ქართული ფეხბურთის განვითარების სააგენტო" დავაფუძნოთ.
ამ სააგენტოს ძირითადი მისია სახსრების ეფექტურად ათვისება და ქართული ფეხბურთის განვითარება იქნება, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ლოჯისტიკური ფუნქციის ერთად შესრულება გახდება, რასაც კლუბები ცალ-ცალკე არაეფექტურად ვახორციელებთ.
საკლუბო სააგენტო
- "ქართული ფეხბურთის განვითარების სააგენტოს" მეშვეობით შესაძლებელი გახდება საფეხბურთო კლუბებისთვის საჭირო შესყიდვების ცენტრალიზაცია. ეს საშუალებას მოგვცემს, კლუბებმა სახსრები რაციონალურად ვხარჯოთ. საამისოდ კი სხვადასხვა ტენდერი უნდა ჩავატაროთ, რათა ოპტიმალურ ფასებში შევძლოთ სატრანსპორტო საშუალებების იჯარა, საწვავის, ეკიპირების, სპორტული და სტადიონის ინვენტარის (ბურთები, ტრენაჟორები, ტაბლო, აუდიოსისტემები...) შესყიდვა და სამედიცინო მომსახურების მიღება.
გარდა ამისა, გამოიკვეთება, შეკრებისთვის რომელი კომპანია გვთავაზობს უკეთეს პირობას - ავიაბილეთებს, სასტუმროს, მატჩების ორგანიზებას... აქაც და სტუმრადაც გუნდს სასტუმროში დაბინავება სჭირდება. ტენდერი გაარკვევს, რომელ მათგანს აქვს უკეთესი პირობები.
მოკლედ, ათასი წვრილმანი საკითხია, რომელსაც ერთიანი ლოჯისტიკით გაცილებით იოლად გავუმკლავდებით. ჩვენ რომ დალხენილი ცხოვრება გვქონოდა, ამაზე არც ვიფიქრებდით, მაგრამ არსებულმა გარემომ სააგენტოს დაფუძნების აუცილებლობა გვიკარნახა. საბითუმო გაყიდვებით კი თავად კომპანიები დაინტერესდებიან. კლუბები შეღავათს მიიღებენ და სახსრების ეკონომიას მოახერხებენ. ეს ბიზნესის კანონია.
ამას გარდა, ერთიანი ორგანიზებით, შესაძლებელი იქნება, ასევე ნაკლები თანხები უფრო ეფექტურად დავხარჯოთ მწვრთნელთა და სამედიცინო პერსონალის მომზადებაზე. კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩევიან და მათ წილობრივად დავაფინანსებთ - სააგენტოს, შერჩეული სუბიექტისა და დაინტერესებული კლუბების მეშვეობით.
და კიდევ: სეზონის დაწყებამდე ფედერაციაში ფეხბურთელთა განაცხადში შეყვანაზე დიდი რიგებია. ეს პრობლემა ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემით მოგვარდება, რომლის მეშვეობითაც მოხდება სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ტურნირებში ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გამარტივებული რეგისტრაცია და ღონისძიებების ორგანიზება, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჩვეულებრივი ბარათების ელექტრონულით ჩანაცვლება, წინასამატჩო განაცხადის "ონლაინ" წარდგენა-რეგისტრაცია...
ჩემპიონთა კლუბი
- გარდა ამისა, ვფიქრობ, სააგენტომ უნდა დააფუძნოს საქართველოს ჩემპიონთა კლუბი, რომელში მონაწილეობასაც სხვადასხვა დროის ოქროსმედალოსნები მიიღებენ - "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია" და "სიონი".
ეს ტურნირი საფეხბურთო ცხოვრებასაც გამოაცოცხლებს და გუნდებს ზამთარში უკეთ მომზადებაშიც დაეხმარება. რაც მთავარია, მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი ფორმატი: ორ ჯგუფად დაყოფილი 3-3 გუნდი ერთმანეთში 45-წუთიან ტაიმებს ითამაშებს, ხოლო ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში სტანდარტულ 90-წუთიან მატჩს ჩაატარებენ.
ტურნირი უნდა გაიმართოს სფფ-სთან შეთანხმებით და მიეცეს ტრადიციული ხასიათი. მარკეტინგულ მხარეს რაც შეეხება, მას უნდა ჰქონდეს კომერციული დატვირთვა, რათა მოვიზიდოთ სპონსორები და მონაწილეთათვის საპრიზო ფონდი გაკეთდეს.
ამ პროექტზე ჯერ მხოლოდ ხუთი კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე. იდეა მოეწონათ. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური მოსაზრება ექნებათ სხვა კლუბებსაც, რადგან თანხების ეკონომია არავის აწყენს. პროექტში ჩართვა ვთხოვეთ ვეტერან ფეხბურთელებსაც. ვფიქრობ, ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილის, ზაზა ჯანაშიასა და სხვა ცნობილი სახეების იმიჯი ამ საქმეში დადებით როლს შეასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"