30 წლის გოლკიპერი "ლელოსთან" ინტერვიუში გუნდის მხარდამჭერებს მიმართავს:
"საქმე კარგად დავიწყეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი ისევ აირია. თითქმის ყველა გუნდს ეშველა, "გურია" კი სულ პრობლემებშია. სამწუხაროდ, დათქმულ ვადაში შეპირებული დავალიანება არ გაუსტუმრებიათ. გვპირდებიან, 2 დღეში გავისტუმრებთო და იმედია, ასეც იქნება.
არის მეორე პრობლემაც: სეზონისთვის მზადება ყველა გუნდმა დაიწყო. მხოლოდ ჩვენ არ შევკრებილვართ. თუ ვარჯიში დროულად არ დავიწყეთ, მერე ძალიან ძნელი იქნება ექვსეულში მოხვედრა, რასაც სეზონის წინ ბევრი ვერც წარმოიდგენდა.
არადა, პირველ წრეში
ლანჩხუთში ძალიან უყვართ ფეხბურთი და გულშემატკივრები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ძლიერი და მებრძოლი გუნდი ჰყავდეთ", - ამბობს ბობღიაშვილი.
ცნობილია, რომ ლანჩხუთიდან გუნდის ლიდერები წავიდნენ. "გურიას" მეკარე ამბობს, რომ წამყვანი მოთამაშეების შეცვლა ძალიან გაძნელდება:
"ლიდერების წასვლა გულდასაწყვეტია. ცალკე მინდა აღვნიშნო ალეკო კოშკაძე, რომელიც პროფესიონალიზმის განსახიერება და ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია. ჩემი აზრით, ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.
ახლა ღირსეული შემცვლელების მოძებნა უნდა ვცადოთ, რაც ურთულესი საქმეა.
მაგრამ დავით მახარაძემ და გია ჩხაიძემ ამ სეზონში დაამტკიცეს, რომ სელექციის და ნულიდან გუნდის შექმნის ნიჭი აქვთ. იმედია, გამოსავალს ახლაც იპოვიან. სეზონის წინაც იყო საშიშროება, რომ "გურია" უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებდა, მაგრამ ჩვენმა ხელმძღვანელობამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა.
საშემოდგომო ეტაპის 5 თვე დიდი წვალებით გავიარეთ, ახლა კი "გურიას" ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს. გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გვითხრა, რომ მაისამდე დაგვიანება აღარ იქნება. ფეხბურთელების ოცნება სტაბილური გარემოა, თორემ საქართველოში მილიონებზე არავინ ფიქრობს.
თუ კვლავ ერთსულოვნები ვიქნებით ფეხბურთელები, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა, გამგეობა და გულშემატკივრები, მერწმუნეთ, "გურია" ისევ ლიდერებში მოხვდება".
ლანჩხუთელთა მეკარე საერთო პრობლემასაც შეეხო:
"რაც ჩვენს გუნდში ხდება, ეს მხოლოდ "გურიას" სატკივარი არ არის, ზოგადად, ქართული ფეხბურთია ცუდ მდგომარეობაში.
ამის მიუხედავად, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ 2014 წელი გარდამტეხი იქნება, ქვეყანა ფეხბურთისთვის მოიცლის და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ჩვენ ნამდვილი ლეგენდები გვყავდა და ამიტომაც ვერ წარმომიდგენია, რომ ქართული ფეხბურთი შეიძლება მოკვდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"