ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია კლუბის ყოფილ პრეზიდენტ ლევან ფხაკაძეს შეხვდა. საუბრის შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელი იმედიანად იყო განწყობილი და აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, ჩემპიონატში "ტორპედოს" მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრება.
- "ვისოლის" წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა, - თქვა მურღულიამ, - "ტორპედოს" საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსა და კლუბის ყოფილ მეპატრონეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ყველაფერი გარკვეული იქნება.
ერთი რამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ - გუნდი არ
- ვინ დააფინანსებს გუნდს? "ვისოლი" დატოვებს გარკვეულ თანხას თუ "ტორპედოს" დაფინანსებას ქალაქის მერია აიღებს საკუთარ თავზე?
- რა თქმა უნდა, "ვისოლი" დატოვებს გარკვეულ თანხას. ამ თანხის მოცულობაც ზუსტდება. ყოველ შემთხვევაში, იმდენი იქნება, რომ ეს სეზონი გუნდმა უპრობლემოდ დაასრულოს.
ქალაქმა რომ უპატრონოს გუნდს, ამისთვის არაერთი სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი. კლუბი ჯერ უნდა გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს, იქიდან კი მერიის კუთვნილებაში უნდა გადმოვიდეს. ჩვენ რომ ამას დაველოდოთ, პროცედურა მინიმუმ ერთ თვეს გაიწელება. ამიტომ შუალედურ ვარიანტზე ვსაუბრობთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სანამ კლუბი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, "ტორპედოში" მენეჯმენტს ქალაქის ხელმძღვანელობა განახორციელებს, "ვისოლი" კი დაფინანსებას გააგრძელებს.
- გუნდს ამჟამად რევაზ ძოძუაშვილი წვრთნის, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად გიორგი ხურციძის კანდიდატურა მოიაზრება. "ტორპედოში" ისინი გააგრძელებენ მუშაობას თუ სხვა ვარიანტებიც განიხილება?
- ეს ყველაფერი ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება. მე ვიცი, რომ გუნდს რევაზ ძოძუაშვილი თავკაცობს, გიორგი ხურციძეზე კი ვერაფერს გეტყვით, ამ ადამიანს არ ვიცნობ. თუ კლუბი მერიის მფლობელობაში იქნება, ჩვენ "ტორპედოში" საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატს წარვადგენთ, რადგან ყოველი თეთრის კონტროლი მოგვიწევს. ხოლო, თუ რომელიმე კერძო ინვესტორს ექნება კლუბის დაფინანსების სურვილი, ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვიქნებით და ყველანაირად გვერდით დავუდგებით.
- "ვისოლი" მხოლოდ კლუბს ტოვებს თუ ქუთაისში არსებულ სპორტულ ობიექტებსაც გადასცემს ქალაქს?
- მოლაპარაკებები მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის, ბაზისა და კორტების გადმოცემაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"