დინამო-პოდბესკიძიე 1:1 - ფრე და კურიოზი ქეცბაიას თანდასწრებით [VIDEO]

AutoSharing Option
ქვეყნის ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი თბილისის "დინამო" შეკრების ჩასატარებლად თურქეთში 27 იანვარს გაემგზავრა, 28 იანვარს კი მალხაზ ჟვანიას გუნდმა ანტალიაში პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან, ბიელსკო-ბიალას "პოდბესკიძიესთან" ფრედ, 1:1 ითამაშა.

პოლონური გუნდის წინააღმდეგ მალხაზ ჟვანიამ ძირითადში ის 11 ფეხბურთელი გამოიყვანა, თურქეთში გამგზავრებამდე "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში პირველ ტაიმში რომ დაეყრდნო: კარში - გიორგი ლორია იდგა, დაცვის ცენტრში - გიორგი ხიდეშელისა და გიორგი გველესიანის დუეტი, ფლანგებზე - ოთარ კაკაბაძე (მარჯვნივ) და დავით კვირკველია (მარცხნივ).

სამკაციან
ნახევარდაცვაში ირაკლი ძარია ცენტრში მოქმედებდა, რომელსაც თორნიკე გორგიაშვილი (მარჯვნიდან) და დორინ გოგა (მარცხნიდან) ეხმარებოდნენ.

გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე პატრიკ ვუო მოქმედებდა, მარჯვენა გარემარბი ჩისკო გახლდათ, მარცხენა კი - ნიკა დიასამიძე.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმშივე მალხაზ ჟვანიას იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია: ზედმეტად ხისტად მოთამაშე პოლონელებთან ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო დინამოელთა დებიუტანტმა ოთარ კაკაბაძემ. თუმცა მეორე ტაიმში დინამოელებს კიდევ ორი ფეხბურთელი დაუშავდათ: გიორგი მერებაშვილი და კაკაბაძის ნაცვლად მოედანზე გამოსული დავით ხურცილავა.

მეორე ტაიმში "დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნიკა დაუშვილი, დავით ხურცილავა, გიორგი პაპავა, გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა შერგელაშვილი, დარკო გლიშიჩი, მათე ცინცაძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი მერებაშვილი, ირაკლი მოდებაძე.

მატჩის მიწურულს, ტრავმირებული მერებაშვილის ნაცვლად, მოედანზე დინამოელთა კიდევ ერთი დებიუტანტი, საბა ლობჟანიძე გამოჩნდა, რომლის აქტიურობასაც პოლონელთა კართან სახიფათო მომენტიც მოჰყვა, თუმცა ჩვენებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, საყაიმო ანგარიშიც დაფიქსირდა.

სხვათა შორის, დინამოელთაგან გოლი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა გაიტანა: 55-ე წუთზე დარკო გლიშიჩმა წონასწორობა აღადგინა.

აი, რაც შეეხება ამ მატჩის პირველ გოლს, მეტოქემ მართლაც კურიოზული ბურთი შეაგდო შეხვედრის დასაწყისშივე: ჩვენმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბურთი... საკუთარი საჯარიმოსკენ მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა, მერე საჯარიმოს გარეთ გამოსული გიორგი ლორიაც ვერ შესწვდა ამ ბურთს და პოლონელთა კაპიტანმა მარეკ სოკოლოვსკიმ ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგორა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ამ სპარინგ-შეხვედრას თვალს ადევნებდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

Sportall.Ge
ფოტოზე: მიხეილ ჯიშკარიანი, თემურ ქეცბაია და გია ჯიშკარიანი

მომდევნო საკონტროლო მატჩს "დინამო" 31 იანვარს, ხორვატიულ "ჰაიდუკთან" ჩაატარებს და აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის ღირსებას გორის "დილას" ყოფილი შემტევი გიორგი ილურიძე იცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული