ბათუმელებმა რუსთავის "მეტალურგიდან" დაიმატეს გოგი ფიფია და გიორგი გავაშელიშვილი, ხოლო "ზესტაფონიდან" - 20 წლის თავდამსხმელი ნოდარ კიკნაველიძე.
ამას გარდა, "დინამომ" საკონტროლო შეხვედრაც გამართა - ქედის "ბეთლემს" 4:0 მოუგო. ამირან აბუსელიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლით თავი გამოიჩინეს ვიქტორ სტანენკომ და ირაკლი ჩირიკაშვილმა.
"დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მამინაშვილი, ქათამაძე, შალამბერიძე, ნაკაშიძე, არშბა, გოგიტიძე, ადეიშვილი (სტანენკო), ოლიფერენკო, კიკნაველიძე, მამულაძე, აბუსელიძე. მეორე ტაიმში ითამაშეს: მაკარიანი, ქორიძე, ჟვანია, სუხიაშვილი, ჩირიკაშვილი, თევდორაძე,
ვიქტორ სტანენკო უკრაინელია. 22 წლის ტანმაღალი (192 სმ) ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველია. მის დოსიეში ამოვიკითხეთ, რომ 2012/13 წლების სეზონში უკრაინის მეორე ლიგის კლუბ ხმელნიცკის "დინამოში" თამაშობდა, ხოლო შარშან ტაჯიკეთში, დუშანბეს "ცსკა-პამირში" გამოდიოდა.
მამალაძის თქმით, სტანენკოს შესახებ ბათუმელთა მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:
"6 თებერვალს თურქეთში მივემგზავრებით და ტრაბზონში იქაური პირველი ლიგის კლუბს "ტრაბზონ 1461"-ის ბაზაზე ვეთამაშებით.
8-ში ანტალიაში მივფრინავთ, სადაც შეკრება 22 თებერვლამდე გაგრძელდება და ოთხ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ:
12 თებერვალს უნგრეთის "კაპოშვარს" შევხვდებით, შემდეგი სამი მატჩი კი უკრაინულ კლუბებთან დავგეგმეთ: 14 თებერვალს დონეცკის "ოლიმპიკთან", 18 თებერვალს - ლუგანსკის "ზორიასთან", 21-ში მარიუპოლის "ილიჩევეცთან", 22-ში საქართველოში დავბრუნდებით".
საინტერესოა, რომ ბათუმის საკრებულომ კლუბის ბიუჯეტი დაამტკიცა - 1 360 000 ლარი. სხვათა შორის, ამდენი უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბს არ აქვს.
დაბოლოს: ბათუმის "დინამო" წლეულს იწყებს ქუჩის ფეხბურთის განვითარების პროგრამას: "ბათუმის "დინამო" - ჩემი გუნდია".
კლუბის გენერალური დირექტორის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, 13 მოედანზე გუნდის მწვრთნელები უფასო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ, რაც ფეხბურთის მასობრიობასა და ტალანტების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"