გია გეგუჩაძე: ძალიან მინდა, წელს, ზაფხულში ევროთასებზე ვიასპარეზოთ

AutoSharing Option
29 იანვარს "ზესტაფონმა" საფეხბურთო საზოგადოებას 12 ახალი ფეხბურთელი წარუდგინა (იხილეთ ვრცლად).

მანამდე "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძესთან ერთად, მზადების პროცესის მიმდინარეობასა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

- მზადების პირველ ეტაპს თერჯოლის "საპოვნელასთან" ამხანაგური მატჩით ვამთავრებთ. ამ დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ. იყო გარკვეული ხარვეზები, ცუდი ამინდების გამო წვრთნები შეფერხებით მიმდინარეობდა; ხშირ შემთხვევაში თოვლში ვარჯიშიც გვიწევდა, ხელი შეგვიშალა ზოგიერთი მოთამაშის ავადმყოფობამაც; პრობლემა იყო ისიც, რომ ფეხბურთელთა ნაწილი გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ ფიზმომზადების მწვრთნელის მეშვეობით ფეხბურთელები მეტ-ნაკლებად თანაბარ
მდგომარეობაში არიან.

სირთულეების მიუხედავად, ამ ეტაპს დადებითად შევაფასებ. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი დავრჩი.

რაც შეეხება მზადების მეორე ეტაპს - 1-ელ თებერვალს მივემგზავრებით თურქულ შეკრებაზე, სადაც 17 თებერვლის ჩათვლით მოვემზადებით. დაგეგმილია 5 სპარინგ-მატჩი. ორგანიზატორებმა საკმაოდ სოლიდური მოწინააღმდეგეები შეგვირჩიეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 თებერვალს რუმინულ "პანდურიის" შევხვდებით, 7-ში - ჩეხურ "პრშიბრამს", 13-ში - ოდესის "ჩერნომორეცს", ხოლო 16-ში - მაკედონიურ "ტურნოვოს".

იმედი გვაქვს, რომ თურქეთში ნაყოფიერ შეკრებას გავივლით და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- ახალწვეულებზე რას გვეტყვით?
- ახალწვეული ბევრი გვყავს, შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა. ამ ფეხბურთელების უმეტესობას საფეხბურთო საზოგადოება კარგად იცნობს და წარდგენა არ სჭირდებათ. "ზესტაფონის" გულშემატკივრებიც დადებითად აფასებენ ამ ცვლილებებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალწვეულები ყველას მოლოდინს გაამართლებენ.

- კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?
- სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, გამორიცხული არაფერია.

- ლეგიონერები თუ რჩებიან გუნდში?
- რენე ფერეირა, აჯურუ და იგორ იელიჩი "ზესტაფონში" აგრძელებენ კარიერას.

- რა მიზნებს ისახავს "ზესტაფონი" მიმდინარე ჩემპიონატში?
- პირველ რიგში, ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრაა; თანაც, გვსურს, ქულათა მარაგიც საკმარისი გვქონდეს საიმისოდ, რომ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.

ძალიან მინდა, წლეულს, ზაფხულში ევროთასებზე ვიასპარეზოთ და ვნახოთ...

ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. პრაქტიკულად, ახალი გუნდი გვყავს და ამ ბიჭებს შეთამაშება სჭირდებათ. იმედი მაქვს, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე დზლიერი მწვრტნელი საქართველოში, წარმატებები გეგუჩაძეს და ზესტაპონს
leqso
10:47 30-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული