გორის "დილა" ანტალიაში ოთარ ხიზანეიშვილის გარეშე გაემგზავრა

AutoSharing Option
გორის "დილა" 3 თებერვალს, დილით ანტალიაში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელი შეკრების მორიგ, ამჯერად უცხოურ ეტაპს გაივლის. გუნდმა ჩემპიონატისთვის სამზადისი 12 იანვარს დაიწყო და 31 იანვრამდე გორში ვარჯიშობდა.

გულშემატკივარს მოეხსენება, რომ "დილას" შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. გუნდი 15-მა ფეხბურთელმა დატოვა. სამაგიეროდ, თითქმის ამდენივე მოთამაშეა დამატებული ძირითადად უმაღლესი ლიგის გუნდებიდან.

მთავარი მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი გუნდში კონკურენციის გაზრდის და შემადგენლობის უკეთ დაბალანსების მიზნით, არ გამორიცხავს, ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აიყვანოს. მოსამზადებელ ეტაპზე, გარ
და ვარჯიშისა, მწვრთნელმა შეგირდები უშუალოდ საქმეშიც ნახა. ლაპარაკია "დილა 2"-თან რამდენიმე ტესტ-მატჩზე და საჩხერის "ჩიხურასთან" საკონტროლო შეხვედრაზე (2:1).

ამ ეტაპზე სოღოლაშვილი მოთამაშეთა მზადყოფნით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, თუმცა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მიკროტრავმებისა თუ ავადმყოფობის გამო, ჯერჯერობით ფორმაში ვერ არის.

თურქეთში გუნდი 14 თებერვლამდე დარჩება. გორელები იქ ოთხი ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავენ. 5 თებერვალს "დილა" რუმინულ "ნავოდარის" (უმაღლესი ლიგა) შეხვდება, ორი დღის შემდეგ ორენბურგის "გაზოვიკს" (რუსეთის ჩემპიონატის I ლიგა), 9 თებერვალს სლოვენიურ გრანდ "მარიბორს", ხოლო წამოსვლამდე ერთი დღით ადრე - "სარაევოს" (ბოსნია).

სოღოლაშვილმა ანტალიაში 25-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა.

მეკარეები: შეყრილაძე, ლეგაშვილი;
მცველები: კვახაძე, თომაშვილი, ქარქუზაშვილი, ჯიშკარიანი, ორბელაძე, ქებურია, გაფრინდაშვილი, აფხაზავა;
ნახევარმცველები: რაზმაძე, რაჟამაშვილი, კოშკაძე, სადაღაშვილი, წიქარიძე, შალამბერიძე, კორღალიძე, გოროზია, შენგელია, გურეშიძე, ფოცხვერია;
თავდამსხმელები: ახალკაცი, გოგინაშვილი, ბერიაშვილი, კვარაცხელია.

ტრავმის გამო ანტალიაში გუნდთან ერთად ვერ იქნება გამოცდილი ცენტრალური მცველი ოთარ ხიზანეიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული