საქართველოს ჩემპიონატი: ნახევარწლიანი გუნდები და სატრანსფერო ისტერიკა

AutoSharing Option
საქართველოში 2013/14 წლების სეზონი 22 თებერვალს განახლდება, როცა თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები ჩატარდება და XVII ტურის გამოტოვებული მატჩიც ("ზესტაფონი"-"სპარტაკი") გაიმართება.

აი, 26 თებერვალს კი უკვე სრულფასოვანი ტური გველოდება და იქიდან მოყოლებული, 16 მარტის ჩათვლით, ყველაფერი გაირკვევა, ანუ ზედა და ქვედა ექვსეულები საბოლოოდ დაკომპლექტდება...

საფირმო ნიშანი
მანამდე კი უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა... უცხოურ შეკრებაზეა (ზოგი დღე-დღეზე გაემგზავრება)!

არადა, არცთუ დიდი ხნის წინანდელ ამბავს გაგახსენებთ, როცა უმაღლესი ლიგის გუნდების ასევე თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციასა თუ საქართველოს მთავრობას... დახმარებას სთხოვდა - იმდენად რთული ფინანსური მდგომარეობა გვაქვს, ვერც ახალ ფეხბურთელებს ვიმატებთ, საწვრთნელი პროცესი როდის დაიწყება, არ ვიცით და საერთოდაც, მეორე ეტაპზე, შესაძლოა, საერთოდ ვერ ვიასპარეზოთო!..

როგორც გაირკვა, თურმე არც ისე საგანგაშოდ ყოფილა საქმე და, რაც მთავარია, აქამდე რომ არ ჰქონდათ, მერე "საიდანღაც" გამოჩენილა საჭირო ფინანსები, თითქმის ყველა გუნდმა თავისი შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა და დღესდღეობით თურქეთის კეთილმოწყობილ საკურორტო ქალაქებსაც მიაშურა!

ერთი მხრივ, რაღა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია: მეორე ეტაპს ხომ თითქმის ყველა გუნდი სათანადოდ მომზადებული შეხვდება და თურქეთში უკვე ჩატარებულ თუ ჩასატარებელ სპარინგებშიც ხომ მეტ-ნაკლებად მოიხსნება ერთი და მეტად სერიოზული პრობლემა, რასაც ახალწვეულთა ერთმანეთში შეთამაშება ჰქვია.

ჰო, ეს მართლაც პრობლემაზე მეტი კი არა, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის "საფირმო ნიშანია": "ჩიხურასა" და "სიონის" გარდა, ყველა დანარჩენ გუნდში ძირფესვიანად შეიცვალა ფეხბურთელთა კონტინგენტი! თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ოფიციალურად, "სატრანსფერო ფანჯარა" ჩვენთან ... 3 თებერვალს გაიხსნა და ქართულ გუნდებსაც ოთხ მარტამდე ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთთვის სასურველი ფეხბურთელი დაიმატონ.

ქართული გუნდების მართლაც არნახულ სატრანსფერო აქტივობაზე ამა წლის დასაწყისიდან უკვე არაერთხელ ვწერდით, არადა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ოფიციალურად "სატრანსფერო ფანჯარა" ახლა გაიხსნა.

იმასაც ვიტყვით, რომ მსგავსი სიტუაცია ქართულ საკლუბო ფეხბურთში არც არასდროს ყოფილა და ვეჭვობთ, რომ ანალოგი სადმე სხვაგან მომხდარიყოს; თანაც, ასეთი მასშტაბური რაოდენობის "მიდი-მოდი" ზაფხულშიც (ანუ ახალი სეზონის დაწყებამდე) არა ხდება; თუ ხდებოდა, მაშინვე განგაშს ავტეხდით ხოლმე, ეს "ერთწლიანი გუნდები" ქართულ ფეხბურთს სიკეთეს არ მოუტანსო.

ახლა, როგორც ხედავთ, თანამედროვე ფეხბურთში ახალი ტერმინის დამკვიდრებასაც ვცდილობთ და მთელ საფეხბურთო სამყაროს გავაგებინებთ, რომ საქართველოში "ნახევარწლიანი გუნდების" აღორძინება იწყებაო...

მეტ-ნაკლები აქტივობა
...პირველი ეტაპის შემდეგ გათამაშების ლიდერმა და უმთავრესმა ფავორიტმა "დინამომ" 12 ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან (აქედან ხუთი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო). სამაგიეროდ, 6 ახალწვეული წარადგინა, ორი იჯარით გასხვისებული დაიბრუნა და პლუს, რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდაც მეორე გუნდიდან დააწინაურა.

არ გაგვიკვირდეს, "დინამოში" გარკვეული ცვლილებები კიდევ რომ მოხდეს - ისე, როგორც სხვა გუნდებში. აი, თუნდაც "ჩიხურასა" და "სიონში" - ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები სატრანსფერო აქტივობა ხომ ამ ორ გუნდშია.

თუმცა, მაინც გვგონია, რომ გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძეც ("ჩიხურა") და მისი ახალგაზრდა და დებიუტანტი კოლეგა ლადო ბურდული ("სიონი") რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მაინც დაიმატებენ. არადა, დღესდღეობით "ჩიხურას" ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაემშვიდობა, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ორივე მათგანი, ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი და ცენტრფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი გუნდის ლიდერებიც გახლდნენ და თავიანთ ამპლუაში საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულებადაც მიიჩნეოდნენ.

ასევე მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოისაკლისა "სიონმაც", თანაც ეს ორივე ახალგაზრდა მოთამაშე (არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი) ბოლნისელებს იჯარით ჰყავდათ "დინამოდან" გადმოყვანილი. სამაგიეროდ, ისედაც გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "სიონს" კიდევ ორი გამოცდილი მოთამაშე დაემატა: მარცხენა მცველი ილია კანდელაკი და შემტევი გიორგი ადამია ბოლნისელებს, უდავოდ, დიდ სამსახურს გაუწევენ.

"ჩიხურასგან" განსხვავებით, "სიონს" ჯერ არა აქვს განაღდებული ზედა ექვსეულში მოხვედრა, თუმცა პირველი ეტაპის შემადგენლობის შენარჩუნება ამ საქმეში დიდად წაადგება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ზედა ექვსეულში მოხვედრის სხვა კანდიდატებზე - ასე, მაგალითად, "დილადან" 14 ფეხბურთელი წავიდა, რომელთაგან 8-9 ძირითადის მოთამაშედ მოიაზრებოდა! მათ სანაცვლოდ, გორელთა გუნდში ერთიმეორეზე გამოცდილი 9 ახალი ფეხბურთელი მივიდა, მაგრამ "დილას" მთავარ მწვრთნელს, რამაზ სოღოლაშვილს ეყოფა კი დრო ახალწვეულთა შესათამაშებლად?

უფრო მეტი პრობლემის წინაშე იქნება "მეტალურგის" ახალი თავკაცი ვარლამ კილასონია, რომელმაც, ფაქტობრივად, ახალი გუნდით უნდა გააგრძელოს სეზონი - ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის 15 (!) ფეხბურთელის ჩანაცვლება!

ასევე, ფაქტობრივად, სახეშეცვლილი შემადგენლობით წარსდგება მეორე ეტაპზე "ზესტაფონიც" - გია გეგუჩაძის გუნდიდან 12 ფეხბურთელი წავიდა, თუმცა შევსება რაოდენობითაც თითქმის ადეკვატური იყო და ხარისხითაც! ყოველ შემთხვევაში, 13 ახალწვეულიდან თერთმეტს ძირითადში მოხვედრაზე ექნება პრეტენზია.

ზედა ექვსეულში მოხვედრის პრეტენდენტთაგან სხვებთან შედარებით ყველაზე ცუდი სიტუაცია "გურიაშია": გუნდმა ვარჯიში ყველაზე გვიან, 30 იანვარს დაიწყო; თანაც, გაურკვევლობის გამო "გურია" ძირითადი შემადგენლობის ხუთმა, ფაქტობრივად, შეუცვლელმა ფეხბურთელმა (ალექსანდრე კოშკაძე, ვლადიმერ ჯოჯუა, კობა შალამბერიძე, ვალერი იობაშვილი, ნიკა ჯიშკარიანი) დატოვა; თანაც, არ არის გამორიცხული, რომ ეს სია კიდევ გაიზარდოს.

ზედა ექვსეულისათვის აპირებს ბრძოლას "ვიტ ჯორჯიაც", თუმცა კი "ვეტერინარებს" კალენდარიც აშკარად არასახარბიელო აქვთ და სოლიდური დანაკლისიც: ზურაბ ბერიძის გუნდს ძირითადი მეკარე (ნიკა დაუშვილი), ორივე წამყვანი ცენტრალური მცველი (გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე) და კაპიტანი გიორგი ჯანელიძე გამოაკლდათ!

ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი "ტორპედოსაც" რჩება, თუმცა ჯერ ის არის უცნობი, თუ, საერთოდ, რა შემადგენლობა ეყოლება ქუთაისელთა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან სპეციალისტს რევაზ ძოძუაშვილს, რომელიც უმაღლეს ლიგას თითქმის 7-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება.

ამ ზამთარს "ტორპედოში" ხომ მართლაც "სატრანსფერო რევოლუცია" მოხდა (სხვათა შორის, ისე, როგორც შარშან ზაფხულს, ანუ ამ სეზონის დაწყების წინ): სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ თუ არ ვცდებით, გუნდიდან 24 თუ 25 ფეხბურთელი წავიდა! აბა, ასეთ სიტუაციაში როგორ გინდა რაიმეს, თუნდაც ლოკალურ მიზანს მიაღწიო? არადა, სულ რაღაც 7 თვის წინათ არ იყო, "ტორპედოს" მრავალწლიანი და პერსპექტივაზე გათვლილი პროექტით რომ თავს გვაწონებდნენ?!.

..."სპარტაკი", "ზუგდიდი", "მერანი", - პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, სწორედ ამ სამ გუნდში უნდა "ვეძებოთ" პირველ ლიგაში დაქვეითების ორი კანდიდატი. თუმცა სამივეგან სერიოზული ცვლილებები მოხდა და ისიც სათქმელია, რომ კახა კაჭარავამ ("სპარტაკი"), გიორგი დარასელიამ ("ზუგდიდი") და ზურაბ იონანიძემ ("მერანი") თავიანთი გუნდის შემადგენლობები პირველ ეტაპთან შედარებით უფრო გააძლიერეს.

ოღონდ, ზემოთ ნახსენები გუნდების მსგავსად, ამ აუტსაიდერი გუნდების მთავარი მწვრთნელების უმთავრესი პრობლემა, რაღა თქმა უნდა, იმ უამრავი ახალწვეულის ერთმანეთთან შეთამაშება იქნება. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კაჭარავასა და დარასელიასაგან განსხვავებით, ზურაბ იონანიძე პირველად უნდა ვიხილოთ ახალ ამპლუაში. თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სამწვრთნელო ასპარეზზეც წარმატებებს მიაღწევს.

...4 მარტს, როცა ჩვენთან ზამთრის "სატრანსფერო ფანჯარა" ოფიციალურად დაიხურება, ყველა ქართული "მიდი-მოდის" საბოლოო "სურათიც" გვეცოდინება; ისე, როგორც იმ არცთუ სასიამოვნო ტენდენციის საბოლოო სახე, როცა საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები სხვა ქვეყნებში მიდიან კარიერის გასაგრძელებლად.

დღესდღეობით კი ის არის ცნობილი, რომ აზერბაიჯანში გადავიდა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი; მალტას მიაშურეს საქართველოს ნაკრების მეკარემ ნუკრი რევიშვილმა და უნივერსალმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ; სავარაუდოდ, მოლდოვურ "ტირასპოლში" გააგრძელებს კარიერას "ვიტ ჯორჯიას" და "მეტალურგის" აწ უკვე ყოფილი განაპირა მცველი ლაშა ჯაფარიძე; ყაზახურ "ჟეტისუში" აპირებს თამაშს "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე; მისი თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების ნიჭიერი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილიც უცხოური კლუბის ძიებაშია; ორი დღის წინ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჰქონდა დებიუტი "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთ "სტაჟიან" წევრს, ლაშა კასრაძეს.

სამწუხაროდ, რატომღაც გვგონია, რომ ერთი თვის შემდეგ ამ ჩამონათვალს სხვა ქართველი ფეხბურთელებიც დაემატებიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
erti da igive fexburtelebi karuselivit trialeben sakartveloshi da amas fexburti da fexburtelebi kvia, vai amat patrons?
goga
16:21 04-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული