ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები

AutoSharing Option
პირველი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა "სიონის" წარმატებული ასპარეზობა იყო: ბოლნისელთა გუნდი ზამთრის პაუზას IV ადგილზე შეხვდა და ზედა ექვსეულში მოხვედრის ჩინებულ შანსსაც ინარჩუნებს.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველი ექვსეულის კანდიდატთაგან ყველაზე რთული კალენდარი სწორედ "სიონს" აქვს: ბოლნისელებს დარჩენილ ოთხ ტურში თბილისის "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგსა" და "ზესტაფონთან" მოუწევთ დაპირისპირება.

აქვე ნურც იმას დავივიწყებთ, რომ შარშანდელის მსგავსად, "სიონმა" ამჯერადაც შეძლო თასის მეოთხედფინალში გასვლა და 2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას (22 თებერვალს) სწორედ თასზე ჩაატარებს "ჩიხურასთან".

მოკლედ, "სიონს" უახლოესი თვე-ნახევრის განმავლობაში სერიოზული
მატჩები ელოდა და სწორედ ამას ემსახურება კიდეც გუნდის მზადება, რომელიც ბოლნისელებმა 13 იანვრიდან თბილისში დაიწყეს, ხოლო 1-ლი თებერვლიდან კი თურქეთში გრძელდება.

უცხოურ შეკრებაზე წასვლამდე "სიონმა" ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა თბილისში და ცხინვალის "სპარტაკთან" 1:5 დამარცხდა. სხვათა შორის, ეს იყო "სიონის" პირველი წაგება, უკანასკნელი... სამი თვის განმავლობაში! გასული წლის ოქტომბრის ბოლო იყო, "სიონის" მთავარი მწვრთნელის ფუნქციები კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ახლო წარსულში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა რომ შეითავსა და ახალ ამპლუაში თავი ჩინებულადაც წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით, "სიონმა" ჩემპიონატსა თუ თასზე 9 წაუგებელი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთ აუტსაიდერად მიჩნეული გუნდიც პირველი ეტაპის ფინიშს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მეოთხე ადგილზე შეხვდა.

...ბოლო სამი სეზონი "სიონის" უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, ახლა კი, როგორც ხედავთ, გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს; თუმცა ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "სიონში" სხვა ტენდენციაც შეიცვალა: ბოლო სეზონებში ხომ გუნდის შემადგენლობა, ფაქტობრივად, ყოველ ნახევარ წელიწადში რადიკალურად იცვლებოდა.

ახლა კი, პირველ ეტაპთან შედარებით, მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია: გუნდი დატოვეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა არჩილ ტვილდიანმა და ლაშა პარუნაშვილმა, რომლებიც თბილისის "დინამოდან" იჯარით თამაშობდნენ "სიონში"; აი, რაც შეეხება მატებას, მეორე ეტაპიდან ბოლნისურ კლუბში იასპარეზებენ გამოცდილი და ტიტულიანი ფეხბურთელები, 32 წლის მარცხენა მცველი ილია კანდელაკი და 32 წლის შემტევი გიორგი ადამია (ორივე - "ზესტაფონიდან").

"სიონში" კიდევ ერთი სიახლეა: ღვაწლმოსილი, ამაგდარი და ფეხბურთში ათასი რამის მნახველი ჩვენი უფროსი კოლეგის, ჯემალ ჭიპაშვილის ნაცვლად, კლუბის პრესატაშედ ცირა მღვდელაძე იმუშავებს. სწორედ ახალი პრესატაშისგან შევიტყვეთ თურქულ შეკრებაზე გამგზავრებული "სიონის" ფეხბურთელთა სია:

მეკარე - მირზა მერლანი; მცველები - რევაზ ქემოკლიძე, ვალერი აბრამიძე, დავით სვანიძე, დავით იმედაშვილი, დაჩი ფოფხაძე, ლაშა თოთაძე, ილია კანდელაკი; ნახევარმცველები - ალექსანდრე გოგობერიშვილი, თორნიკე აფციაური, ირაკლი სამხარაძე, გიორგი კახელიშვილი, გიორგი ბიბილეიშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი განუგრავა, გიორგი ცხადაია, ზვიად ლობჯანიძე, ზაზა მამასახლისი; თავდამსხმელები - ლადო ახალაია, კოკა მიკუჩაძე, ჯაბა უგულავა, გიორგი ადამია.

შეამჩნევდით, "სიონმა" თურქულ შეკრებაზე მხოლოდ ერთი მეკარე (მირზა მერლანი) წაიყვანა. რაც შეეხება ზურაბ ბათიაშვილს (რომელსაც 34 წელი 6 თებერვალს შეუსრულდა), ბოლნისური კლუბის კიდევ ერთმა გამოცდილმა მეკარემ თურქეთში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე სერიოზული ტრავმა მიიღო და დროის სიმცირის გამო მისი ჩანაცვლება სხვა მეკარით ვეღარ მოხერხდა.

ეს ინფორმაცია კი "სიონის" დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ მოგვაწოდა.

..."სიონი" ანტალიაშია და, წინდაწინ უნდა ითქვას, რომ ერთობ სერიოზული სპარინგ-პარტნიორებიც შეარჩია.

ლადო ბურდულის გუნდმა პირველი მატჩი პავლოდარის "ირტიშთან" ჩაატარა და 1:4 დამარცხდა. "ირტიშმა" გასული წლის ნოემბერში ყაზახეთის ჩემპიონატი IV ადგილზე დაასრულა.

"ირტიშის" შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერი ასპარეზობს. მათ შორის ყველაზე ცნობადი სახეები სერბი პრედრაგ გოვედარიცა და ბელორუსის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 40 წლის ალეკსანდრ კულჩიი გახლავთ.

"ირტიშთან" მატჩში "სიონის" ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:

მერლანი - უგრეხელიძე, ქემოკლიძე, თოთაძე, იმედაშვილი - ცხადაია, განუგრავა - ბიბილეიშვილი, მიკუჩაძე, უგულავა - ახალაია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აბრამიძე, სვანიძე, ფოფხაძე, კანდელაკი, სამხარაძე, აფციაური, კახელიშვილი, გოგობერიშვილი, ლობჯანიძე, ადამია, მამასახლისი.

ბოლნისელთაგან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი განუგრავამ გაიტანა.

"სიონი" ბელეკში კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: ლადო ბურდულის გუნდი 7 თებერვალს ბელორუსის უძლიერეს გუნდს, "ბატეს" დაუპირისპირდება, 10 თებერვალს - უნგრეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბს, ბუდაპეშტის მტკ-ს, ხოლო 12 თებერვალს - უკრაინულ "ვორსკლას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული