ბოლნისის "სიონი" თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩში ბატე-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" თურქულ ბელეკში მზადებას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ "სიონმა" პირველი საკონტროლო მატჩი ყაზახეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, პავლოდარის "ირტიშთან" ჩაატარა და 1:4 დამარცხდა.

ბოლნისელებს ბევრად ძლიერი სპარინგ-პარტნიორი ჰყავდათ მეორე საკონტროლო შეხვედრაში - ლადო ბურდულის გუნდი ბელორუსის 10-გზის ჩემპიონ ბატე-ს შეხვდა.

ბელორუსული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული რეპორტაჟიდან შევიტყვეთ, რომ ბატე-ს, ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობა გამოუყვანია - მხოლოდ წამყვანი ფორვარდი, ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი ვიტალი როდიონოვი აკლდა.

ბურდულმა კი, "ირტიშთან" მატჩისგან განსხვავებით, გარკვეულ გადაადგილებებს მიმართა.

"სიონმა" ბატე-სთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მერლანი - დ. ფოფხაძე,
ქემოკლიძე (46. სვანიძე), ბარამიძე, კანდელაკი (78. მამასახლისი) - გოგობერიშვილი (55. იმედაშვილი), განუგრავა (35. ცხადაია) - ზ. ლობჯანიძე (30. ადამია), აფციაური, კახელიშვილი (75. ბიბილეიშვილი) - უგულავა (60. ახალაია).

როგორც მატჩის რეპორტაჟიდან ვიგებთ, ბატე-ს პირველივე შეტევა გოლით დასრულდა: გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა სერგეი კრივეცმა საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით გაიტანა. ეს 23-ე წუთზე მოხდა, 6 წუთში კი დიმიტრი მოზოლევსკი პირისპირ დარჩა მირზა მერლანთან და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე ტაიმში "სიონმა" სხვაობა შეამცირა: 71-ე წუთზე გიორგი ბიბილეიშვილი საჯარიმოში წააქციეს და ბოლნისელმა ახალწვეულმა გიორგი ადამიამ ზუსტად შეასრულა პენალტი - 1:2. ეს ანგარიში აღარ შეცვლილა.

როგორც "სიონის" პრესატაშე ცირა მღვდელაძემ გვაცნობა, ბოლნისელები მომდევნო საკონტროლო მატჩს 10 თებერვალს ჩაატარებენ და კვლავაც სოლიდური მეტოქის წინააღმდეგ - უნგრეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ბუდაპეშტის მტკ-ს დაუპირისპირდებიან.

11 თებერვალს "სიონის" მეტოქე ასევე უნგრული "დიორი ეტო" იქნება, ხოლო 12 თებერვალს - უკრაინული "ვორსკლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული