შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში "სპარტაკი" რუმინულ "კორონასთან" დამარცხდა (0:1), მერე ასეთივე ანგარიშით წააგო სერბულ (კრაგუევაცი) "რადნიჩკისთან"; ახლა კი მეტოქედ ჰყავდა რუმინეთის მეორე ლიგის წარმომადგენელი "იასი", რომლის მთავარი მწვრთნელიც 90-იანი წლების რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი მარიუშ ლეკეტუში გახლავთ.
მატჩი "სპარტაკის" უპირატესობით წარიმართა და მე-12 წუთზე, ლაშა ჩაფიძის გადაცემის შემდეგ ირაკლი ეხვაიამ ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში ჩაფიძემ ეფექტური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა.
ამას კი მოჰყვა ის, რომ მეორე ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში რუმინელებმა ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა "სპარტაკმა" მაინც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და შეცვლაზე შესულმა ლაშა კემუხტაშვილმა საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2.
"სპარტაკმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნადირაძე - ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი - შონია, პარუნაშვილი - ჩაფიძე, თექთურმანიძე, თუხარელი - ეხვაია. შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ქურდაძე, კ. ხიზანეიშვილი, მაისაშვილი, გაგნიძე, მეტრეველი, მაქაცარია, მოსაშვილი, ბურძენაძე, კემუხტაშვილი.
"სპარტაკის" პრესატაშე დავით ცაბაძის ინფორმაციით, კაჭარავას გუნდი მორიგ საკონტროლო მატჩს 10 თებერვალს, მაკედონიის "რაბოტნიჩკისთან" გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"