ბოლნისის "სიონი" - მოგება "დიორი ეტოსთან", ფრე "სევასტოპოლთან"

AutoSharing Option
ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ქართული გუნდების ლამის აბსოლუტური უმრავლესობა თურქეთში გადიოდა შეკრებას და ამათგან ყველაზე სოლიდური სპარინგ-პარტნიორები ბოლნისის "სიონს" ჰყავდა.

ლადო ბურდულის გუნდმა ეს მართლაც ნაყოფიერი შეკრება დაასრულა და 13-ში უკვე სამშობლოში გამოემგზავრება.

მანამდე კი ბოლნისურმა გუნდმა ორ დღეში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისე, როგორც წინა სამ შემთხვევაში (ყაზახური "ირტიში", ბელორუსის "ბატე", უნგრეთის მტკ), "სიონმა" ამჯერადაც მეტ-ნაკლებად სოლიდური სპარინგ-პარტნიორები შეარჩია - უნგრული "დიორი ეტო" და "უკრაინული "სევასტოპოლი".

...უნგრულ მტკ-სთან მატჩის შემდეგ "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ მეტოქეების სიძლიერის მიუხედავად,
ბოლო ორ საკონტროლო შეხვედრაში შეკრებაზე მყოფ ყველა ფეხბურთელს მიეცემოდა თავის გამოჩენის საშუალება. სწორედ ამიტომაც იყო "დიორი ეტოს" წინააღმდეგ "სიონის" შემადგენლობა, იგივე მტკ-სთან მატჩთან შედარებით, გადახალისებული.

Sportall.Ge

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლნისელებმა შეძლეს და უნგრული ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი 1:0 დაამარცხეს.

ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-9 წუთზე "სიონის" 21 წლის ცენტრფორვარდმა, ბოლნისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ჯაბა უგულავამ გაიტანა. აქვე იმასაც დავძენთ, რომ ეს პერსპექტიული თავდამსხმელი წარმატებით აგრძელებს ბოლნისში უგულავების საფეხბურთო დინასტიას...

...უნგრული გუნდის წინააღმდეგ "სიონის" შემადგენლობაში ორი ისეთი ფეხბურთელი ასპარეზობდა, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ სწორედ "დიორი ეტოში" რომ გამოდიოდა - გიორგი განუგრავა და ლაშა თოთაძე.

იმაზე კი აღარაფერს ვამბობთ, თუ ვინ იყო ბოლო წლებში "დიორი ეტოს" ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი - ხვდებით, ალბათ, რომ რატი ალექსიძეზეა ლაპარაკი.

"დიორი ეტოსთან" მატჩი 11 თებერვალს ჩატარდა და "სიონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მერლანი - დ. ფოფხაძე (68. ზ. ლობჯანიძე), სვანიძე, თოთაძე, იმედაშვილი (64. ადამია) - განუგავა, სამხარაძე (27. ცხადაია/70. მამასახლისი) - უგრეხელიძე, აფციაური (74. მიკუჩაძე), ბიბილეიშვილი - უგულავა (46. ახალაია).

12 თებერვალს კი, თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩში, "სიონი" "სევასტოპოლს" დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაშიც უკვე მეოთხე სეზონია, 27 წლის მათე ღვინიანიძე ასპარეზობს. თუმცა ქართველ მცველს თანამემამულეთა წინააღმდეგ არ უთამაშია.

Sportall.Ge

როგორც უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შევიტყვეთ, "სიონს" თავისი ბოლო საკონტროლო მატჩი ასეთი შემადგენლობით უთამაშია: მერლანი - ქემოკლიძე, სვანიძე, აბრამიძე, იმედაშვილი (36. უგრეხელიძე) - ცხადაია (89. მამასახლისი), განუგრავა - ზ. ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (87. ბიბილეიშვილი) - მიკუჩაძე (54. ადამია).

...მე-18 წუთზე "სიონმა" ორიგინალურად გაითამაშა "სტანდარტული" და ზვიად ლობჯანიძემ ანგარიში გახსნა. თუმცა "სევასტოპოლმა" პირველივე ტაიმში შეძლო ანგარიშის გათანაბრება: გუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, გამოცდილმა ალექსანდრ კოვპაკმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში მეტოქეებმა გოლები გაცვალეს: 55-ე წუთზე გიორგი განუგრავამ "სიონი" დააწინაურა, ექვს წუთში კი "სევასტოპოლმა" საპასუხო ბურთი გაიტანა და მატჩიც ფრედ, 2:2 დამთავრდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული