წლის ტრანსფერი: ოთარ მარცვალაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს!

AutoSharing Option
ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ ვეჭვობთ, რომ სეზონის განახლებამდე რაიმე ხმაურიანი ტრანსფერი კიდევ განხორციელდეს. უფრო ზუსტად, ძალიან გვეეჭვება, რომ საქართველოს ჩემპიონატში კვლავაც გამოჩნდეს... ოთარ მარცვალაძის დონის ფეხბურთელი!

დიახ, 29 წლის გარემარბი ამიერიდან ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ღირსებას დაიცავს და 17 თებერვალს "დინამოს" მაისურსაც საზეიმოდ მიიღებს.

ბოლო წლების ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ გარემარბზე (ქრონიკულმა ტრავმებმა რომ არ მისცა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის საშუალება) ქვემოთ ვისაუბრებთ; მანამდე კი "დინამოს" მორიგ ახალწვეულზეც: ოთარ მარცვალაძესთან ერთად, 17 თებერვალს კიდევ ერთ ფეხბურთელს წარადგენენ
და ასევე მუდმივნომრიან მაისურს გადასცემენ; თანაც, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ჩემპიონატში ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს!

დიახ, ამიერიდან თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას 27 წლის მარჯვენა მცველი იენს იანსე, რომელიც ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში (ანუ რანგით მეორე ლიგაში) გამოდიოდა და "კორდობას" შემადგენლობაში ამ სეზონის პირველ ეტაპზე 11 მატჩი ჩაატარა.

იანსე 185 სმ სიმაღლის გახლავთ და ესპანეთში გადასვლამდე წლების განმავლობაში ასპარეზობდა ჰოლანდიის ერედივიზიონში. ასამდე მატჩი აქვს ჩატარებული "ტილბურგისა" და "ბრედას" შემადგენლობაში. ამასთან, იანსემ 21 შეხვედრა გამართა ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში და, წესითა და რიგით, მისი დამატებით, "დინამოს" სერიოზული პრობლემა მოეხსნება: მოგეხსენებათ, რომ თურქული შეკრების პირველსავე საკონტროლო მატჩში ტრავმები მიიღეს ორივე მარჯვენა მცველმა - დავით ხურცილავამ და ოთარ კაკაბაძემ.

სწორედ ამის გამოც იყო, რომ დარჩენილ საკონტროლო მატჩებში ამ პოზიციაზე რამდენჯერმე მოუწია თამაში ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველ გიორგი პაპავას.

მოკლედ, იანსე წარმატებული შენაძენი უნდა გამოდგეს მალხაზ ჟვანიას გუნდისათვის. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვერც იანსე და საერთოდაც, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვერც ერთი ახალწვეულის ტრანსფერი ახლოსაც ვერ მივა ოთარ მარცვალაძის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებასთან!

...ოთარ მარცვალაძის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში 2002/03 წლების სეზონში შედგა, როდესაც "ვიტ ჯორჯიას" იმდროინდელმა მწვრთნელმა ჯანი კარნევალემ დიდი ნდობა გამოუცხადა 18 წლის ნიჭიერ ფორვარდს და მეორე ეტაპზე რამდენიმე მატჩი ძირითადშიც ათამაშა. ამის შემდეგ მარცვალაძე ნელ-ნელა გადაიქცა "ვეტერინართა" ერთ-ერთ ლიდერად და 2005/06 წლების სეზონის ბოლოს, გაზეთ "სარბიელის" გამოკითხვის მიხედვით, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს!

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მარცვალაძემ იმ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ... პირველი ეტაპი ითამაშა, თუმცა იმდენად გამორჩეული გახლდათ, რომ მისი ლაურეატობა შემთხვევითი არ ყოფილა. ეგ კი არა, იმის დიდი შანსიც იყო, რომ მხოლოდ პირველ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით იმ სეზონის... საუკეთესო ბომბარდირიც გამხდარიყო!

...2006 წლის დასაწყისიდან მარცვალაძემ უკრაინას მიაშურა და სწორედ აქედან დაიწყო კიდეც მისი უიღბლობა: კიევის "დინამოში" თავისი შესაძლებლობები სრულად რომ ვერ წარმოაჩინა, სწორედაც რომ ქრონიკული (თანაც, სერიოზული) ტრავმების ბრალი იყო. კიევის "დინამოშიც", "ზაკარპატიესა" თუ "ხარკოვში" ამ ჩინებული დრიბლინგისა და შესაშური საგოლე ალღოს მქონე სწრაფ ფორვარდს რა ტრავმა აღარ შეხვდა (ჯვარედინი მყესების გაწყვეტაო, მენისკიო), რომელთა მკურნალობასაც საკმაო დრო სჭირდებოდა.

...2004 წლიდან კი მარცვალაძის კარიერაში ახალი, "რუსული" ეტაპი იწყება: სწორედ ამ ქართველი თავდამსხმელის უდიდესი დამსახურებაც იყო, იმ სეზონში მახაჭყალის "ანჟიმ" უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა (22 მატჩი და 13 გოლი - კლუბში საუკეთესო შედეგი იყო). თუმცა მიზეზთა გამო, სხვა თანამემამულეთა მსგავსად, მომდევნო სეზონი მარცვალაძეს რუსეთის უმაღლეს ლიგაში არ დაუწყია - კვლავაც პირველ ლიგაში გააგრძელა ასპარეზობა და ახლა უკვე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მოაპოვებინა უმაღლესი ლიგის საგზური.

"ვოლგას" მერე "კრასნოდარი" იყო, შემდეგ ისევ პირველ ლიგაში დაბრუნება: ჯერ - ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში", ბოლოს კი - "ალანიაში". სწორედ ამ ვლადიკავკაზურ გუნდში დაიწყო კიდეც მარცვალაძემ ეს სეზონი და, წესითა და რიგით, ამჯერად უკვე მესამე გუნდთან ერთად უნდა აღზევებულიყო რუსეთის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ "ალანიას" ფინანსური პრობლემების შესახებ ყველამ იცის და ქართველი ფორვარდიც სამშობლოში დაბრუნდა. თანაც, საქართველოს ჩემპიონატს 8-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება!

"დინამომ" რომ მართლაც საინტერესო და, უდავოდ, სასარგებლო ტრანსფერი განახორციელა, ამაში, ვფიქრობთ, არავინ შემოგვედავება; ამას გარდა, იმედი დავიტოვოთ, რომ მარცვალაძის საქართველოში დაბრუნება მის... სანაკრებო კარიერაზეც დადებითად იმოქმედებს;

კი ბატონო, ამ ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში ტრავმები თუ სხვა სახის უიღბლობა თან სდევდა, მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში, სრულიად ჯანმრთელ და, რაც მთავარია, ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში მყოფ მარცვალაძეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, რატომღაც, იგნორირებას უკეთებდნენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
აუფ...
ისე აღფრთოვანებით წერთ მარცვალაძის დაბრუნებაზე თითქოს ბორის პაიჭაძე გაცოცხლებულიყოს და დინამოში ბრუნდებოდეს...))
მარცვალაძე კარგი ფეხბურთელია მაგრამ მოდით დავანებოთ თავი რომ ქართველია და შევადაროთ იენს იანსეს ტრანსფერს, იანსე თამაშობდა ტილბურგში, ბრედაში და კორდობაში, მარცვალაძე თამაშობდა ვოლგაში, გკა-ენერგიაში და ალანიაში, ხოდა ეხლა ახსენით რომელი ლოგიკით ჯობია მარცვალაძის ტრანსფერი მაგალითად იანსეს ტრანსფერს?)))
არაფერს ვერჩი მარცვალაძეს, მაგრამ რომ წერთ გვეეჭვება მისი დონის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდესო მაშინ საერთოდ არ გვქონია ჩემპიონატი თუ რუსეთის მეორე ლიგის დაშლილი გუნდიდან მოსული ფეხბურთელი ყოფილა უმაღლესი დონე...
Walkabout
10:33 17-02-2014
0
მარცვალაძე... სააღოლ რა დინამო საღოლ!.. კიდევ ერთი არშემდგარი ფეხბურთელი დინამოში...
del piero 10
11:36 17-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული