გორის "დილა": გორელიშვილი რუსეთში წავიდა, შეიძლება ხოჯავა დაბრუნდეს

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანია" ორივე ქართველმა დატოვა: ოთარ მარცვალაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, გოჩა ხოჯავა კი ჯერჯერობით უგუნდოდაა.

შეგახსენებთ, რომ "ალანია" რუსეთის პირველ ლიგაში მეორე ადგილზე იყო, მაგრამ ვლადიკავკაზელებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რის გამოც გუნდი გათამაშებიდან მოხსნეს. ცხადია, მოთამაშეებსაც ახალი კლუბების ძებნა მოუხდათ.

ხოჯავა ახლა საქართველოშია და, როგორც შევიტყვეთ, მისი აყვანა გორის "დილას" სურს. ეს ამბავი კლუბის მენეჯერ ლევან სილაგაძესთან გადავამოწმეთ. მან ინტერესი დაგვიდასტურა:

"ხოჯავა "დილაში" არ ვარჯიშობს, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება, დაველაპარაკოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბიუჯეტი გვექნება, თორემ მასზე უარს
რატომ ვიტყვით?

ფინანსური პრობლემების ბრალია გორელიშვილის წასვლაც. მას კონტრაქტი დაუმთავრდა და დარჩენა აღარ ისურვა. ბიუჯეტი გაგვინახევრდა და ასეთ სიტუაციაში ვინ დარჩებოდა?

თუმცა, იმედია, სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის დაწყებული მოლაპარაკება კლუბების სასარგებლოდ დასრულდება და გაცილებით დიდი ბიუჯეტი გვექნება".

სილაგაძეს ლაშა გვალიას შესახებაც ვკითხეთ. მოგეხსენებათ, "დილადან" რუსულ "ურალში" გადაბარგებულ საყრდენ ნახევარმცელს ვიზას დღემდე არ აძლევენ:

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლაშა ვიზას მიიღებს. "ურალის" შეკრება მთავრდება, უახლოეს პერიოდში გვალია საქართველოში დაბრუნდება და გუნდს მეორე შეკრებაზე რუსული ვიზით დაუბრუნდება.

ის, რომ რუსეთში ქართველ ფეხბურთელებს ვიზას არ მისცემენ, გაზვიადებული მგონია, რადგან ეს საკითხი უკვე მოაგვარა ჩვენმა ყოფილმა მოთამაშე კახა ალადაშვილმა, რომელიც ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" გადავიდა".

ბოლო ინფორმაციით, გორის "დილას" თავდამსხმელი მიხაილ გორელიშვილი რუსეთის მეორე დივიზიონის (დასავლეთის ზონა) კლუბ "ტოსნოში" ისინჯება. სანკტ-პეტერბურგის ოლქის ეს გუნდი თავის ზონაში მეორე ადგილზეა და პირველ ლიგაში დაწინაურებას იმედოვნებს.

დასანანია, რომ რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც ევროპალიგაზე "ოლბორგთან" ჩინებულად ითამაშა და დუბლი შეასრულა, ასეთი დაბალი რანგის ლიგაში აპირებს თამაშს. თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ რუსეთის მეორე დივიზიონის კლუბებსაც კი ჩვენი ჩემპიონატის ლიდერებზე მეტი ბიუჯეტი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული