საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" ორკვირიანი თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და 19 თებერვლიდან მზადებას საკუთარ ბაზაზე განაახლებს. თუმცა რაღა მზადებას - უკვე 22 თებერვალს, ცხინვალის "სპარტაკთან" ჩემპიონატის გამოტოვებული მატჩის ჩატარება მოუწევს, 26-ში კი "ზუგდიდს" მიიღებს.
გია გეგუჩაძეს "ზესტაფონში" უკვე მეორედ უწევს ფაქტობრივად ახალი გუნდის ჩამოყალიბება. თურქეთში გუნდმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მთლად ხელწამოსაკრავ მეტოქეებთანაც არ უთამაშია, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მაინც გულნაკლული დარჩა, უფრო კარგი სპარინგ-მატჩები მინდოდაო...
სხვა კი "ზ
- მთლიანობაში, მოსამზადებელი შეკრებით კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა ამ ორი კვირის განმავლობაში ხარვეზებიც იყო. მაგალითად, შეიძლებოდა და სურვილიც მქონდა, რომ ამხანაგურები უფრო ძლიერ გუნდებთან ჩაგვეტარებინა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა.
საერთოდ არ გვქონდა დაგეგმილი მატჩი დანიურ "ორჰუსთან". ვითამაშეთ, მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება ვეღარ მოვახერხე, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო.
მოკლედ, შეკრების ბოლო დღეებში, ცოტა არ იყოს, გეგმები აგვერია, თუმცა ეგ არაფერი, ვფიქრობ, გუნდი თურქეთში ისე მოემზადა, როგორც ამ ეტაპისთვის არის საჭირო.
- მოსამზადებელ ეტაპზე ყოველთვის ძლიერ მეტოქეებთან ამჯობინებთ ხოლმე შეხვედრას. ასე იყო მაშინაც, როცა "დინამოში" მუშაობდით და როცა პირველად მიხვედით "ზესტაფონში". არადა, ბევრ მწვრთნელს უჯობს, გუნდი სუსტ მეტოქესთან ათამაშოს. ანუ ეს თქვენი სტილი არ არის?
- ძლიერ მეტოქესთან მატჩი ერთგვარი ტესტია, თუმცა ხანდახან სუსტ მეტოქესთანაც აუცილებელია თამაში. ძლიერთან სპარინგი იმიტომ მსურს, რომ ნაკლი უკეთ დავინახო. ასეთ დროს კარგად ჩანს, სად უჭირს გუნდს და რაზე არის ყურადღება გასამახვილებელი.
- ანუ თურქეთში ჩატარებული მატჩებისას მეტოქეებმა "ზესტაფონის" ნაკლი ვერ დაგანახეს?
- როგორ არა, ამხანაგურები სწორედ ამიტომ ვითამაშეთ, მაგრამ ვიმეორებ - უკეთესი იქნებოდა, უფრო ძლიერ მეტოქეებთან გვეთამაშა. ისე კი, ცხადია, "ზესტაფონის" ნაკლი ამ მეტოქეებთანაც გამოჩნდა.
- მაგალითად?
- იმ ფეხბურთისგან, რომელიც მსურს, "ზესტაფონი" დღეს შორს არის, თუმცა ფრაგმენტულად კი გამოჩნდა, რისკენაც ვისწრაფვით. ყველა მატჩში საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ეს კარგი იყო, მაგრამ ამ მომენტების რეალიზება რომ ვერ შევძელით, ეს კი არ მომეწონა.
- შეიძლება ითქვას, რომ გუნდი უკვე დაკომპლექტებულია?
- იმ მიზნის მიღწევა, რაც დასახული გვაქვს, ვფიქრობ, ამ გუნდითაც შეიძლება და ამიტომ კომპლექტაციის პროცესი დასრულებულია. ახლა უკვე ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა მოინდომოს და თითოეული ქულისთვის ბოლომდე იბრძოლოს. სატურნირო თვალსაზრისით, ჩვენთვის ახლა ერთ ქულასაც ოქროს ფასი აქვს.
- მიზანი რა არის?
- ჯერ ექვსეულში მოხვედრის საკითხი უნდა მოვაგვაროთ, ხოლო შემდეგ ევროსაგზურის მოპოვებისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან ძნელი საქმე იქნება, რადგანაც სამეულისთვის პრეტენზიას რამდენიმე გუნდი აცხადებს, რაც საქართველოს ჩემპიონატისთვის, ცოტა არ იყოს, უჩვეულო ამბავია.
- რომელი გუნდები გესახებათ უმთავრეს კონკურენტებად?
- ამ მოსამზადებელ პერიოდში გულხელდაკრეფილნი არც ჩვენი მეტოქეები ყოფილან. ვიცი, რომ ისინიც გაძლიერდნენ. ვნახოთ, ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გამოაჩენს.
- ადრე "დინამო", ფაქტობრივად, თავიდან ააწყვეთ. მერე იყო "ზესტაფონი", რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის პრეტენზია ჰქონდა, ახალი გუნდის შექმნა გიწევდათ ქუთაისში და ახლაც იგივე ხდება... ახლა უფრო რთულია კარგი გუნდის აწყობა?
- ვერ ვიტყვი, ძნელია შედარება. ყველა გუნდს და პერიოდს ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, პროცესების განვითარება... მომავლის ხედვა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. და ყველაზე მთავარი - სხვადასხვა თაობასთან მიხდებოდა მუშაობა. ახალი გუნდის აწყობა კი, ცხადია, იოლი არც ათი წლის წინ იყო და არც ახლაა. თუ არ მოინდომე, თუ ბიჭებმა შენი თავიდანვე არ ირწმუნეს და ხელშეწყობა არ გექნა, სხვანაირად ამ საქმის დაწყებას აზრი არ აქვს.
- ამას წინათ გავრცელდა ფოტო, რომელზეც "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია თურქეთში, საკლუბო ფორმით, თქვენ გვერდითაა. დაბრუნდა ის "ზესტაფონში"?
- თურქეთში ის როგორც გუნდის ქომაგი, ისე იყო ჩამოსული, ხოლო კლუბში არსებულ ყველა საკვანძო საკითხს გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წყვეტს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მწვრთნელთა გუნდიც სანიმუშო ყავს
გვჟერა რომ მისი გუნდი დიდ წარმატებებს მიაღწევს.