მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს უკვე დაამუშავა, რაც საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
"ლელო" ამ პროგრამის ავტორს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიას შეხვდა.
2009-12 წლებში, ლოდია ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მრჩეველი და კლუბების არაოფიციალური გაერთიანების, "თორმეტთა საბჭოს" კოორდინატორი გახლდათ.
წინასწარ გეტყვით, რომ
- ახლახან გავიგეთ, რომ სპორტის სამინისტროს ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაუმუშავებია. ეს აქამდე არავინ იცოდა...
- დიახ, პროგრამა შემუშავებული იყო, მაგრამ სამთავრობო სექტორთან, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა, დეტალებს ვათანხმებდით. ეს პროგრამა დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საფუძველი უნდა გახდეს და დეტალების დაზუსტებამდე პრეზენტაცია გაუმართლებელი იქნებოდა.
კრიტიკასაც ვიღებდით და ვითვალისწინებდით, რადგან იდეალური პროგრამა არ არსებობს და იქნებ, რაღაც გვეშლებოდა? რჩევას სიამოვნებით ვიღებდით. ეს არ არის პროგრამა პროგრამისთვის და ამიტომაც გაგვეწელა დროში. მთელი სერიოზულობით მოვეკიდეთ და დიდი სამუშაოც გავწიეთ.
- მინისტრი გაეცნო პროგრამას?
- ცხადია და მოეწონა კიდეც. მგონია, რომ მის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება და შედეგსაც მოგვიტანს.
- რეალურად რომ ვთქვათ, ახლა ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო დაპირისპირებული მხარეებია. აქედან გამომდინარე, თქვენი თანამშრომლობა შესაძლებელია?
- მთავარია, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა იყოს. სხვაგვარად, შეთანხმება გამორიცხულია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ფეხბურთის ასაღორძინებლად ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიცია გაითვალისწინოს. სამინისტრო სამთავრობო სტრუქტურაა და სულ სხვა მოთხოვნებზე მუშაობს.
- სახელმწიფო კომისია როდის დაკომპლექტდება?
- კომისია უკვე შეიქმნა და მასში შედიან თავად პრემიერი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის, სპორტისა და ეკონომიკის მინისტრები, ფეხბურთის ფედერაციიდან ზვიად სიჭინავა, რევაზ არველაძე, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, აგრეთვე, კერძო კლუბების - "დინამოს", "ზესტაფონისა" და "საბურთალოს" მფლობელები - რომან ფიფია, ილია კოკაია და ტარიელ ხეჩიკაშვილი, აგრეთვე თქვენი მონა-მორჩილი.
- როგორ გგონიათ, როდის დამტკიცდება პროგრამა?
- ეს ყველფერი დროულად უნდა დავგეგმოთ და გავაკეთოთ. თარიღების დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. კომისიის პირველი სხდომა, ალბათ, უახლოეს პერიოდში გაიმართება და ამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გარკვეული გადაწყვეტილებები ექნება მისაღები.
- რა გადაწყვეტილებებს გულისხმობთ?
- ლაპარაკია იმაზე, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში კლუბების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს. შესაბამისად, მოსაწვევია აღმასკომის სხდომა, რათა ჩემპიონატის კალენდარი და დებულება ახალ სახელმწიფო პროგრამას მოერგოს.
- კლუბების რაოდენობა რამდენამდე უნდა შემცირდეს?
- უმაღლეს ლიგაში 12 ან 10 გუნდი უნდა იყოს, პირველში კი - 18-მდე, თან ერთიანი, რადგან ასე უფრო ძლიერი და საინტერესო პირველი ლიგა გვექნება. დანარჩენი გუნდები დაბალ ლიგებში გადანაწილდებიან.
პირადად მე 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგის მომხრე ვარ, რადგან ოთხ წრედ 36 ტური გაიმართება. გუნდების განვითარებისა და ფეხბურთელების ზრდისთვის სასურველია მეტი მატჩი ჩატარდეს, თანაც ამ სისტემაში ქულაც არავის დაეკარგება.
- ლიგებში რეორგანიზაცია ახალ სეზონამდე იგეგმება?
- ამ საკითხს სახელმწიფო კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს. კლუბებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, მომდევნო სეზონში რა ამოცანების გადაწყვეტა მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს კლუბების ლიცენზირების საკითხი.
- იმ გუნდებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან, სტიმული არ დაეკარგებათ?
- ამ პროგრამის მთელი არსი სწორედ სტიმულის გაათმაგებაა. წარმატება კი არავის დაეკარგება.
სავარაუდოდ, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 30 მილიონ ლარს გამოყოფს, ფული კი წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა უნდა გახდეს.
- თქვენი პროგრამით, სახსრები რა პროექტებზე გადანაწილდება?
- დაფინანსდებიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო სკოლები, ეროვნული ჩემპიონატი, ფულის ნაწილი მენეჯმენტისა და განათლების სპეციალისტების მომზადებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. მთავარია, ეროვნულ ჩემპიონატში თითოეულ ქულას ფასი დაედოს და გუნდებს მაქსიმალური სტიმული გაუჩნდეთ, რათა არ მიიღონ მონაწილეობა გარიგებულ მატჩებში. რამდენი უნდა მისცენ გარიგებაში, 10 ათასი? იქნებ, ფრეზე სახელმწიფომ 30 ათასი მისცეს? ზოგადად, ახლა გუნდები ხავსს ეჭიდებიან და ვფიქრობ, ეს პროგრამა გახდება მაშველი რგოლი. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ვცდილობთ.
- სახელმწიფო პროგრამა მოსამზადებელი ცენტრების გახსნას ითვალისწინებს? ინფრასტრუქტურა არც შავიზღვისპირეთშია და არც ბორჯომ-ბაკურიანშია ხეირიანი ბაზა. არადა, ზაფხულში ასეთი უნიკალური კლიმატის პირობებში მომზადებას ყველა გუნდი ეტანება. ამ დროს კი ასეთი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ქვეყანა შემოსავლებს კარგავს...
- ჩემი იდეა, რომ 5 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯოს, მაგრამ რა მიმართულებით, ეს კომისიაზე კოლეგიალურად უნდა გადაწყდეს. საკურორტო ზონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ჩვენც ბევრი გვიფიქრია და მიმაჩნია, რომ მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია.
- წლეულს რომელ ქალაქებში იგეგმება სტადიონების რეაბილიტაცია?
- ზუგდიდში, ბოლნისში, წყალტუბოსა და მარტვილში. მომავალ წელს პროგრამაში სხვა ქალაქები მოხვდებიან. საინტერესო ამბავს გეტყვით: სპორტის სამინისტრომ პრობლემა იმდენად წამოსწია, რომ წლეულს უნიკალური რამ მოხდა - სპორტული ობიექტების დაფინანსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელ პრიორიტეტებში მესამე პოზიციაზეა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
- სახელმწიფო პროგრამა თუ განხორციელდა, სახსრების ეფექტური ხარჯვა აუცილებელი გახდება. ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დავით ებრალიძემ, რომელიც მანამდე "ზესტაფონის" მენეჯერი გახლდათ, აღმოაჩინა, რომ კლუბები ტყუილად იხდიან წყლის ხუთმაგ ტარიფს. მან სხვა საინტერესო საკითხებიც წამოსწია. "მეტალურგის" გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე კი, სახსრების ეფექტური ხარჯვისთვის, აუცილებლად მიიჩნევს ტენდერების ჩატარებას.
- წყლისა და კომუნალური გადასახადები მართლაც მნიშვნელოვანი თემაა. მაგრამ მას არეგულირებს არა სახელმწიფო, არამედ, სემეკი. ასე რომ, მას თითოეულმა კლუბმა ცალკე უნდა მიმართოს, ტარიფები რომ დარეგულირდეს. მაგალითად, ოზურგეთის "მერცხალი" იტყვის, რომ ბიუჯეტი აქვს მწირი, წყლის გადასახადი კი ძალიან დიდია და, შესაძლოა, სემეკმა სპერცტარიფი დაუდგინოს. რაც შეეხება ფინანსების კონტროლს, ეს იქნება აუცილებელი და გასამკაცრებელი.
არ შეიძლება, გუნდში 100-კაციანი მმართველი გუნდი და 25 ფეხბურთელი იყოს და ფული გაუგებრად ხარჯო. ასეთი საკადრო პოლიტიკით ბიუჯეტი არავის ეყოფა. "მეტალურგის" პრეზიდენტის მიერ წამოჭრილი ტენდერების თემაც საინტერესოა, რადგან ფულის ეფექტურად ხარჯვა ყველა საკითხშია საჭირო - ტრანსპორტირებაში, სასტუმროებში, ეკიპირებაში და ასე შემდეგ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"