გორის "დილა" - არანორმალური პრეზენტაცია ექვს თვეში ერთხელ

AutoSharing Option
ჩემპიონატის განახლების წინ "დილას" ხელმძღვანელობამ გუნდის ახალწვეულები წარადგინა.

კლუბმა ახალ ფეხბურთელებს (ლევან კორღალიძე, გივი ქარქუზაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია, ლუკა რაზმაძე, სერგი ორბელაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ გურეშიძე, ნიკა ჯიშკარიანი, ნოდარ ნოზაძე, გიორგი ბერიაშვილი, ალეკო კოშკაძე, კობა შალამბერიძე) მუდმივნომრიანი მაისურები გადასცა.

მანამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა და მენეჯერმა გია ისიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რამაზ სოღოლაშვილი: მეორეხარისხოვანი თამაშები არ იქნება
- თავდაპირველად, საინტერესოა შეკრების თურქული ეტაპის შეფასება...
- სპარინგ-მატჩები დავგეგმეთ იმ გუნდებთან, რომლებთანაც კარგად გამოჩნდებოდა ჩვენი თამაშის დადებითი და უარყოფითი მხარეები და
არა მათთან, ვისთანაც უპირატესობა გვექნებოდა, თუმცა ეს უპირატესობა ჩვენი გუნდის განვითარებაზე პოზიტიურად ვერ იმოქმედებდა.

ამასთან, გვაინტერესებდა დაპირისპირება იმ კლუბებთან, რომლებსაც ევროტურნირებზე გასვლის პოტენციალი აქვთ.

სპარინგებში წაგებების გამო ტრაგედიას ნამდვილად არ ვქმნი. მთავარია, კარგად დავინახეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და დაახლოებით რა ძალასთან გვექნება საქმე, თუ წარმატებით გადავჭრით მიმდინარე სეზონის წინ დასახულ მთავარ ამოცანას.

არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს აქედანვე მხოლოდ ევროპის ლიგაზე გამოსვლაზე ვფიქრობთ და უმაღლეს ლიგაში დარჩენილი ეტაპის მატჩებს სათანადოდ არ ვაფასებთ. პირიქით, მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ძნელი იქნება ევროპალიგის საგზურის მოპოვება. იმავე მიზნისთვის უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი იბრძვის და თუ არ ჩავთვლით "დინამოს", ყველასთან თანაბარი შანსი გვაქვს.

- შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე, შეკრებაზე მთავარი პრობლემა შეუთამაშებლობა იქნებოდა...
- რა თქმა უნდა. "დილა" 15-მა ფეხბურთელმა დატოვა, რომელთაგან 10-11 მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდა. მართალია, თითქმის ამდენივე მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ შეთამაშების პრობლემა იოლად ვერ გადაიჭრება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი თავსატეხის წინაშე დგანან ჩვენი კონკურენტი გუნდებიც, რადგან ზამთრის შესვენებისას თითქმის ყველა გუნდი გადახალისდა.

- ხომ არ შეცვლილა კლუბის სტრატეგია? ორივე ფრონტზე ძალების დაუზოგავად იბრძოლებთ?
- ვაგრძელებთ ისე, როგორც სეზონის დასაწყისში დაიგეგმა. მეორეხარისხოვანი თამაშები არ იქნება, ორივე ტურნირში ძირითად შემადგენლობებს დავეყრდნობით.

Sportall.Ge

გია ისიანი: ვინც მეტს და სწორად მუშაობს, მეტიც ეკუთვნის
- ყველა ახალწვეულს კლუბთან ისევ ნახევარწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული?
- დიახ, სამწუხაროდ ასეა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე აღარც მინდოდა ამ ფორმით პრეზენტაციის გამართვა.

შუა სეზონში ნორმალურია 3-4 ახალი ფეხბურთელის წარდგენა, მაგრამ კომედიაა, ყოველ 6 თვეში 14-15 ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია მაისურების გადაცემით და ასე შემდეგ. გუნდის ქომაგი თავის საყვარელ კლუბში ახალწვეულის შეყვარებას რომ მოასწრებს, ის უკვე სხვა გუნდში გადადის.

სამწუხაროდ, შესაძლებელია, იმავე პერიოდში დღეს წარმოდგენილ მოთამაშეთაგან ზოგიერთი ისევ მოწინააღმდეგე გუნდში ვიხილოთ.

- რაიონის მუნიციპალიტეტში, დაფინანსების მოთხოვნისას, ალბათ პროგრამას წარადგენთ...
- შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ შედარებით მეტს ვითხოვთ, მაგრამ შესაბამისი რესურსიც გვაქვს - ოთხი სტადიონი, რომელთაგან სამზე ქვეყნის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის კალენდარული მატჩები ტარდება. ამ სტადიონებს შენარჩუნება სჭირდება.

მიმაჩნია, რომ ვინც მეტს და სწორად მუშაობს, მეტიც ეკუთვნის. სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ 5 მარტს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩს ვმასპინძლობთ. შარშან ანალოგიური გამოცდები შესანიშნავად ჩავაბარეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც შენ ტრერებოდა დაგაბრალა, და ლიცენზია ვინც მოგცა. იმის .............
avoee
12:17 25-02-2014
0
ნამდვილად კომედიაა ეს ამბავი...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული