ლანჩხუთის "გურიას" დირექტორი: პირობები აშკარად გაუმჯობესდა, მიზანი კი ექვსეულია

AutoSharing Option
ფოტოზე: "გურია" მეტოქეებს ლანჩხუთის სტადიონზე უმასპინძლებს

ლანჩხუთის "გურიას" სამწვრთნელო შტაბმა ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის შემადგენლობა დაასახელა. აქედან რამდენიმე საინტერესო ამბავი გავარკვიეთ. საშემოდგომო ეტაპზე მთავარი მწვრთნელის, დავით მახარაძის ასისტენტი გია ჩხაიძე გახლდათ, ახლა კი თანაშემწე რევაზ კუკულაძე გახდა.

ძირითადი შემადგენლობიდან გუნდმა მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე შეინარჩუნა: მეკარე მინდია ბობღიაშვილი, წინა ხაზის მოთამაშეები - არნო ჩუენსუ, ერეკლე კილაძე, ტარიელ კუკულაძე, ალექსანდრე შენგელია, ზურაბ ძამსაშვილი და ვილი ისიანი.

ახალწვეულები არიან ლევან ქურდაძე, ნიკა
კილაძე, პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები, დავით მეგრელიშვილი, ბენჟამინ ოპეიემი ტეიდი, ივანე კილაძე და გიგა კვერენჩხილაძე.

მათ გარდა, მახარაძემ გადაწყვიტა ლიტვასა და აზერბაიჯანში ნათამაშები ქართველების, გიორგი ნიქაბაძისა და ნუგზარ კვირტიას დატოვება.

"გუნდი ნელ-ნელა მშვიდდება, ლაგდება და იმედია, ეს ყველაფერი მეორე წრეში ჩვენს გამოსვლაზე დადებით გავლენას მოახდენს. ამ ეტაპზე გასაცემია ძველი პრემიები, ხელფასები კი მარტამდე გაიცემა და დავალიანებაც წარსულს ჩაბარდება.

დღემდე გუნდი შეკრებაზე ურეკში იმყოფება და როგორც გუნდის და რაიონის ხელმძღვანელებმა გადავწყვიტეთ, მაისის ბოლომდე იქ დარჩება. პირობები აშკარად გაუმჯობესდა, პირველ ეტაპთან შედარებაც არ შეიძლება. ასე რომ, დღეისთვის უფრო იმედიანად ვართ.

რაც მთავარია, მეტოქეებს ლანჩხუთის სტადიონზე ვუმასპინძლებთ, რაც ძალიან დიდი პლუსი იქნება. შევეცდებით, საკუთარ არენას წარმატებებით დავუბრუნდეთ და ლანჩხუთელები გავახაროთ. მიზანი კი ექვსეულში მოხვედრაა", - ამბობს "გურიას" გენერალური დირექტორი კობა მირზაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლოს და ბოლოს დამტავრდა სარემონტო სამუშაოები?
zaza
12:47 26-02-2014
0

სიახლეები პოპულარული