ტორპედო-მერანი 1:1 - ფრე არავის სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისური მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. "ტორპედოს" ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი რომ შეენარჩუნებინა, პირველ რიგში, "მერანისთვის" უნდა მოეგო. მარტვილელებს კი უეჭველი 3 ქულა სჭირდებოდათ.

მატჩს ინტრიგას ისიც სძენდა, რომ "მერანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ახლო წარსულში "ტორპედოს" ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელ ზურაბ იონანიძეს, რომელსაც ყოფილ დამრიგებელ რევაზ ძოძუაშვილთან უწევდა დაპირისპირება.

დებიუტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ტემპი საშუალოზე დაბალი იყო და გუნდები, ძირითადად, ერთმანეთის სუსტი წერტილების ძიებაში იყვნენ. პირველი, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როცა შეტევისას რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და დასარტყმელ
პოზიციაზე თეიმურაზ მარკოზაშვილი გაიყვანეს, თუმცა ქუთაისელთა ნახევარმცველს მეტოქის მცველი გადაეღობა და მდგომარეობა განმუხტა.

Sportall.Geმალე სტუმრებმაც აანერვიულეს მეტოქე - ქუთაისელთა უკანახაზელების დაუდევრობით სტუმართაგან ყველაზე აქტიურმა ლაშა კუჭუხიძემ ისარგებლა და, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. კუჭუხიძეს კარის წინ გახსნილი გაგა ჩხეტიანისთვის რომ გაეკეთებინა გადაცემა, შესაძლოა, ანგარიშიც გახსნილიყო, მაგრამ კარში დარტყმა ამჯობინა და მარტვილელებმა შანსი ხელიდან გაუშვეს.

თამაში უღიმღამო ბურთაობით გაგრძელდა და სახიფათო მომენტებიც მწირი იყო. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში სამიოდე ეპიზოდზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას.

სიტუაცია კვლავ სტუმრებმა გაამწვავეს - მათ სწრაფ კომბინაციას, ფონიავას პასის შემდეგ, კუჭუხიძე აგვირგვინებდა, მაგრამ ძალიან ძლიერად, ოღონდ უზუსტოდ დაარტყა. ცოტა ხანში კვლავ კუჭუხიძე მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ საჯარიმოს რკალიდან დარტყმული ბურთის მოგერიება მეკარე როინ კვასხვაძეს არ გასჭირვებია.

ტაიმის მიწურულს სახიფათო პოზიციიდან თენგიზ ჩიკვილაძემ შეასრულა ჯარიმა, რომელსაც ამ მანძილიდან არაერთხელ დაუმწუხრებია მეტოქეები, მაგრამ ამჯერად მისი დარტყმული ბურთი ზურაბ მამალაძემ ხელებში გააქვავა.

მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა და, რაც მთავარია, მაყურებლებმა გოლებიც იხილეს. თამაში ქუთაისელთა უპირატესობით განახლდა. ჩიკვილაძის ჩაწოდების შემდეგ ტუღუშმა ახლოდან თავური დაარტყა - მამალაძემ რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია. სწორედ ამ კუთხურიდან ჩიკვილაძემ ბურთი კარის წინ მყოფ მამუკა ღონღაძეს დაასვა თავზე, მაგრამ ქუთაისელთა გამოცდილ ფორვარდს მიზანმა უმტყუნა და კარგი საგოლე მომენტი გააცუდა.

სტუმართაგან კვლავ კუჭუხიძე და ფონიავა ამწვავებდნენ თამაშს. საპასუხო შეტევისას პირველმა მარცხენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოს კუთხესთან მიახლოებულმა ძლიერად დასცხო, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

ამას მელიავას ჩაწოდება და ჩხეტიანის სახიფათო თავური მოჰყვა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა.

ამასობაში, ორივე გუნდის მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს, რამაც "მერანს" უფრო გაუმართლა. ჩხეტიანის გასვლის შემდეგ ზურაბ იონანიძემ ტაქტიკური გადაადგილება განახორციელა და ცენტრფორვარდად კუჭუხიძე გადასწია. ამან შედეგი მალევე გამოიღო - კუჭუხიძემ ბოლომდე იბრძოლა, მცველებს დაუსხლტა და ფონიავას განივი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მოხდენილი დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარის "ცხრიანში" გაახვია.

მალევე სტუმრებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ისევ კუჭუხიძის აქტიურობის შემდეგ ხუბუა შეიჭრა საჯარიმოში და საგოლე პოზიციიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა ბედად, ბურთი მიზანს ასცდა.

მარტვილელთა სიხარული დადხანს არ გაგრძელებულა - მასპინძლებმა სწრაფად აღადგინეს წონასწორობა. მარტვილელი მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა შეცვლაზე შესულმა ირაკლი ლექვთაძემ, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და, მართალია, მისი დარტყმა მამალაძემ მოიგერია, მაგრამ იქვე ღონღაძე გაჩნდა და ბურთს კარში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. თითქოს დუბლი უნდა გაეფორმებინა ღონღაძეს, რომელმაც ჭედიას გადაცემის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ააცილა.

მატჩის მიწურულს სტუმრებსაც ჰქონდათ საგოლე შანსი - ბენაშვილის სახიფათო ჯარიმა კვასხვაძემ უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი სტუმრებმა ვერ იყოჩაღეს. სულ ბოლოს კი მარტვილელთა სწრაფ კომბინაციას ფონიავა აგვირგვინებდა, თუმცა ბურთი გარედან მოხვდა ბადეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩიც აქ დასრულდა და ქუთაისელთა იმედებს ცივი შხაპი გადაესხა - აუტსაიდერთან დაკარგული ქულების შემდეგ ისედაც არასასურველ ფორმაში მყოფი "ტორპედოსთვის" ზედა ექვსეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური
2 მარტი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ტორპედო
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ზუგდიდი-დილა
გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
20 მარტი, ხუთშაბათი
დინამო-მეტალურგი (2:0)
დილა-ტორპედო (2:1)
ჩიხურა-სიონი (1:1)
მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული