"ლელო" წერდა, რომ "ზესტაფონში" ნათამაშები კუტალიას მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნება ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გადაწყდა. ინფორმაცია კი გუნდიდან მოგვაწოდეს.
ვწერდით იმასაც, რომ "ზუგდიდს" "ზესტაფონიდან" იჯარით შეუერთდა ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი. ჯერჯერობით, 23 წლის ცენტრალური მცველი ზუგდიდელთა შორის არ გამოჩენილა, თუმცა არაერთ საიტზე კაჭკაჭიშვილი ზუგდიდელთა განაცხადშია მოხსენიებული.
ეს მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.
კუტალიაზე უკვე მოგახსენეთ - ის პირველი ლიგის A ზონის მეორეადგილოსან "შუქურას" უმაღლესში გადმოსვლაში უნდა დაეხმაროს. ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია კუტალიას კარგად იცნობს და ენდობა.
კაჭკაჭიშვილმაც პირველი ლიგის კლუბს მიაშურა და ასევე აჭარაში - გაზაფხულამდე ის ხელვაჩაურის "მაჭახელაში" ითამაშებს, რომელიც B ჯგუფში მე-3 ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ კუტალიამ კარიერა ზუგდიდის "მგლებში" დაიწყო და 4-ჯერ მოირგო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმა. 2008-10 წლებში ბოსნიურ (სარაევო) "სლავიაში" თამაშობდა და კლუბს ქვეყნის თასის მოპოვებაში დაეხმარა. 2011 წელს, თანაგუნდელებთან კონფლიქტის გამო, "სლავია" დატოვა და მეორე ბოსნიურ კლუბ "ზრინსკში" გადავიდა. 2012 წელს ზუგდიდურ კლუბს დაუბრუნდა და იმავე წელს "ზესტაფონში" მიიწვიეს, მაგრამ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ მისი და იმერული კლუბის გზები გაიყო და კუტალიამ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.
გეგუჩაძესთან თანამშრომლობა არც კაჭკაჭიშვილს გამოუვიდა. ის "ზესტაფონის" მოთამაშეა, მაგრამ 2011/12 წლებში ბათუმის "დინამოში" გაანათხოვრეს და გუნდს მხოლოდ გეგუჩაძის წასვლის შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნდა, მაგრამ ზამთრის შესვენებაზე ახალი გუნდის ძიება მოუხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"