მაშინ დაჯექი ჩემს ადგილას!.. - ზვიად სიჭინავა ლანჩხუთის სტადიონს სტუმრობდა

AutoSharing Option
27 თებერვალს ლანჩხუთის "გურიას" ცენტრალურ სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თავკაცობით.

მოგეხსენებათ, გასული წლის ივლისიდან სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "გურიას" მთავარ არენაზე სერიოზული საქმეა გაკეთებული - ტრიბუნაზე დამონტაჟებულია ინდივიდუალური სკამები, სრულდება ლოჟის მონტაჟი, გასახდელებში სამუშაოები თითქმის დასრულებულია...

მოკლედ, სფფ-ის სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მზად სტადიონი უმაღლესი ლიგის მატჩების სამასპინძლოდ.

"რაც ვნახე, ჯერ დასრულებული არ არის სამუშაოები, თუმცა იმას კი აღვნიშნავ, რომ რაც გაკეთებულია, მაღალ დონეზეა შესრულებული.

როცა სფფ-ის პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინ ვთქვი, რომ
"გურია" არის ბრენდი და უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში. დღეს გუნდი უმაღლეს ლიგაშია, ევროსაგზურისთვის ბრძოლა შეუძლია და სტადიონი მზად უნდა იყოს.

2 მარტისთვის, ალბათ, თამაშის აქ ჩატარება შეუძლებელია. სამსაჯოსა და გასახდელებში ავეჯი არ არის შეტანილი, არ არის გამოყოფილი უსაფრთხოების ოფიცრისა და სამედიცინო პუნქტის ოთახები. დაალაგეთ ყველაფერი და ჩამოსვლას არ დაგზარდებით",
- უთხრა "ლელოს" ზვიად სიჭინავამ.

"გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტს აღუთქვეს, რომ პრობლემას უახლოეს 2 დღეში მოაგვარებენ, თუმცა სფფ-ის თავკაცმა აღნიშნა, რომ თუ საკუთარი თვალით არ ნახავს, დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"ეს მინდორი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოში და გული მწყდება, რომ ახლა ასეთ დღეშია. თუ თქვენ მოიტანთ სილას, მე გამოგიგზავნით სპეცტექნიკას და დაგეხმარებით",
- განაცხადა სფფ-ის შეფმა, რომელსაც გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ სთხოვა - თუ შესაძლებელია, ამ ეტაპზე გამონაკლისი დავუშვათ - ამ თამაშს მთელი ლანჩხუთი ელისო.

"შენ რას შვრები ახლა, "მაბავ"?! პირდაპირ მითხარი, ღია საუბარი მიყვარს, ხომ იცი?! არ გამოვა ამ სიტუაციაში და თუ მეტყვი, რომ პრობლემა არ არის, მაშინ დაჯექი ჩემს ადგილზე და შენ მიიღე გადაწყვეტილება",
- უთხრა სიჭინავამ ებრალიძეს და იქვე ის დეტალები დაუზუსტა, რისი შესრულებაც აუცილებელია სტადიონის მისაღებად.

"აქედან საჩხერეში მივდივარ, იქაც სტადიონს ვამოწმებთ. თუ ამ პრობლემებს მოაგვარებთ, რაც ვთქვი, ხვალ (ანუ დღეს - რედ.) 5 საათისთვის ჩამოვალ"...
- სფფ-ის თავკაცმა მაინც დატოვა იმედი, რომ 2 მარტს "გურია" მეტოქეს საკუთარ მოედანზე შეხვდება.

ეს საკითხი 28 თებერვლის საღამომდე უნდა გადაწყდეს, 1-ელ მარტს კი მეტოქემ უკვე უნდა იცოდეს, სად ტარდება თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი მინდორი გაუკეტეს და ამატ მოვლაც არ უნდატ
zaza
12:19 28-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული