ტექსტშიც და ვიდეომასალაშიც შიდა ვიტჯორჯიული დაპირისპირებაა ასახული. ვიდეოოპერატორმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქართული გუნდის თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი მთავარ მწვრთნელ გელა გომელაურს მიეჭრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბუნებრივია, ფეხბურთელი წყობილებიდან უმიზეზოდ არ გამოვიდოდა (ნიშანდობლივი ფაქტი - როგორც ქართული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი გვაუწყებს, ბერიაშვილს "კრიმტეპლიცასთან" არც ძირითადში უთამაშია და არც შეცვლაზე),
მომხდარის მიზეზის გარკვევა შეუძლებელი აღმოჩნდა - ბერიაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ხოლო "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მალხაზ კაკაურიძისა და სპორტული დირექტორის დავით თავართქილაძისგან მხოლოდ ეს შევიტყვეთ - ბერიაშვილი ტრანსფერზეა დაყენებული.
აქვე, მოკლედ შეგახსენებთ, რომ ამპლუით თავდამსხმელ ბერიაშვილს მთელი პროფესიული კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" აქვს გატარებული. გასულ სეზონში მან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
თუ ვინმე იტყვის, რომ გუნდის შიგნით მომხდარი ამბავი გარეთ არ უნდა გავიდეს, ვუპასუხებთ, რომ უცხო ქვეყანაში სახალხოდ ატეხილი ჩხუბი კლუბის შიდა სამზარეულოს ფარგლებს მეტისმეტად სცდება და ეს არა მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნების, ან თუნდაც არამხოლოდ კონკრეტული კლუბის ან ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილია!
ეს სამარცხვინო ამბავი კი "ლელოს" ნამდვილად არ გაუხმაურებია და თუ ვინმეს ევროტურნირზე განცდილი სავარაუდო წარუმატებლობის ჩვენთვის გადაბრალება მოუნდება, წინასწარ ვეტყვით, რომ გაზეთის დღევანდელი ნომრის გამოსვლამდე ვიტჯორჯიული "გმირობა" ათასობით ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.
http://www.fc-kt.com/2010/07/09/fk-krymteplica-provel-ocherednoi-kontrolnyi-match-2.html