უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ოთხი წლის წინ

AutoSharing Option

იტალიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის სტარტისთვის უკვე ადგილზე ემზადება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების შავ კონტინენტზე ჩასვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა. იმდენად შეაწუხეს აპენინელები ჟურნალისტებმა, რომ მარჩელო ლიპიმ პრესკონფერენციის ჩატარება და დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემა გადაწყვიტა. პირველი კითხვა, რომელიც მაესტროს დაუსვეს, ცოტა არაადეკვატური გახლდათ - ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ წაიყვანა მუნდიალზე ლიპიმ გადაბერებული შემადგენლობა? - სანამ მარჩელოს პასუხს გაგაცნობდეთ, დავძენთ, რომ მედიის წარმომადგენელი როგორც ჩანს მთლად კარგად ვერ ერკვევა იტალიურ ფეხბურთში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ კითხვას უბრალოდ არ დასვამდა. აქვე, "აძურას" მთავარი მწვრთნელის პასუხი:

"ვერ დაგეთანხმებით, გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ. იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მყავდა, აფრიკაში მხოლოდ ცხრა მოთამაშე ჩამოვიყვანე, დანარჩენები კი მეტწილად ახალგაზრდები არიან. დარწმუნებული ვარ, ასეთი დოზით ტრიუმფატორი გუნდი მომდევნო ჩემპიონატისთვის არც ერთ სხვა მწვრთნელს არ გადაუხალისებია. ჩვენთან ერთგვარი სინთეზია ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებას მოგვიტანს".

ლიპის ბანალური კითხვა დაუსვეს და ფავორიტის დასახელება სთხოვეს: "ესპანეთი და ბრაზილია. სწორედ ამ ორ ნაკრებს მივანიჭებდი უპირატესობას. ბრაზილიას რომ განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, ადრეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ განვმეორდები. მთავარი ფავორიტი სწორედ "სელესაოა", მაგრამ ესპანელთა ბოლოდროინდელი წარმატებების დავიწყებაც არ შეიძლება. ვისენტე დელ ბოსკეს ბრწყინვალე ფეხბურთელები ყავს და რაც მთავარია, გუნდია შეთამაშებული და ერთსულოვანი. შემდეგ უკვე ოთხი-ხუთი გუნდის დასახელება შეიძლება: არგენტინა, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი. აქვე დავასახელებდი იტალიას, გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია".

ლიპის ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც მოუხდა საუბარი. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრეა პირლოს ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის რა თქმა უნდა ეროვნულ გუნდში რჩება. აი, რას ამბობს ლიპი:
"ორი ფეხბურთელი გვყავს დაშავებული: ანდრეა პირლო და მაურო კამორანეზი. როგორც ექიმებმა თქვეს, პირველ შეხვედრაში მათი მონაწილეობა გამორიცხულია, შემდეგ კი ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც მთავარია, ისინი გუნდთან ერთად არიან და დარწმუნებული ვარ, თამაში არაერთხელ მოუწევთ. მცირე ტრავმა ჰქონდა კლაუდიო მარკიზიოს, მაგრამ უკვე მოიშუშა და საგანგაშო არაფერია".

საინტერესოა, თავად ლიპის რამდენად სჯერა იმის, რომ მის გუნდს ტიტულის შენარჩუნება შეუძლია. აქვე, მარჩელოს პოზიცია: "უფრო მეტად ვარ საკუთარ თავში და გუნდის წარმატებებში დარწმუნებული, ვიდრე ეს 2006 წლის ჩემპიონატზე იყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ჩემს განკარგულებაში არიან, იდეალურად ასრულებენ მითითებებს და დავალებებს. თითოეულ ამხანაგურ შეხვედრას კონკრეტული კომპონენტის გაუმჯობესებისთვის ვიყენებთ და ბოლო პაექრობების მიხედვით, ძალიან კარგ ფორმაში ვართ. შვეიცარიასთან და მექსიკასთან ნაჩვენებმა თამაშებმა არ შეგაშინოთ, ჩვენ ზუსტად ვიცით რისთვის ჩამოვედით აფრიკაში და როგორ უნდა ვიასპარეზოთ".

ვინ შეცვლის პირლოს, რომელსაც პირველი ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს? - ამ კონკრეტულ კითხვაზე ლიპი ვრცლად და განზოგადებით პასუხობს:
"მიუხედავად ტრავმისა, ანდრეას სახლში გაშვება ერთი წუთითაც არ გვიფიქრია. უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის და იმედია, მესამე შეხვედრაში სრულ მზადყოფნაში იქნება. გავიხსენოთ 2006 წლის ჩემპიონატი, ძამბროტა და გატუზო დაშავებულნი იყვნენ და წინასწარ ვიცოდი, რომ პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუწევდათ. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ ანდრეას გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ველოდებით. რაც შეეხება მის შემცვლელს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ფაქტია, რომ პირლოს ფუნქციების შესრულებას ვერც ერთი სხვა მოთამაშე ვერ შეძლებს. ანდრეა განუმეორებელია და მეტოქის იერიშების ჩაშლასთან ერთად, ბრწყინვალე დირიჟორი და გამთამაშებელია. ამიტომ, გარკვეულწილად, სტრატეგიაც უნდა შევცვალოთ, თუმცა ჩვენ ამისთვის ვზად ვართ".
ლიპის შეახსენეს, რომ იტალიაში ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი. რამდენად მოქმედებს ეს ფეხბურთელებზე და თავად მარჩელოზე? - მოვუსმინოთ და გავიგებთ:

"სამხრეთ აფრიკაში მალპენზას აეროპორტიდან გამოვფრინდით და საკმაოდ ბევრმა გულშემატკივარმა გამოგვაცილა. ასეთი რამ 2006 წლის ჩემპიონატის წინ ნამდვილად არ მომხდარა. მაშინ მხოლოდ ერთი, ჩემი მეგობარი მომყვა აეროპორტში და წარმატებები მისურვა. ანუ, შესაძლოა ამ კუთხით არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ეს თქვენ გგონიათ. მართალია, ბევრი კრიტიკოსი გვყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში ჩვენი წარმატების ყველას სჯერა".

ლაშა წიკლაური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული