ვნებათაღელვა ბოლნისში - "სიონის" გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" გულშემატკივრები ქალაქის ხელმძღვანელობას გუნდის მენეჯმენტსა და სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების შეტანას სთხოვენ.

"სიონის" სატურნირო მდგომარეობა ახლა სახარბიელო არ არის, თუმცა სათქმელია, რომ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქვემოქართლელებმა პრინციპული თამაში მოუგეს ქუთაისის "ტორპედოს".

ქომაგები მიიჩნევენ, რომ "სიონში" სახსრები არამიზნობრივად იხარჯება, სათანადოდ არ ვითარდება დუბლშემადგენლობა. პრეტენზიები გამოითქვა იმაზეც, თუ რატომ ვერ თამაშობს "სიონი" მშობლიურ "თამაზ სტეფანიაზე".

ამ საკითხზე ისაუბრა ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა. მისი თქმით, უნდა მოხდეს გულშემატკივრებისა და "სიონის" მენეჯმენტის წარმომადგენელთა შეხვედრა და მათი პოზიციების შეჯერება.

გარდა ამისა, მეშველიანის
თქმით, მომავალ წელს მოხდება "სიონის" ბიუჯეტის შემცირება და შტატების ოპტიმიზაცია. ამასთან, მეშველიანისავე განცხადებით, იგეგმება ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში (რატევანი, კაზრეთი, ნახიდური) არსებული სტადიონების რეკონსტრუქცია.

ლადო ბურდული გულშემატკივრებისა და ბოლნისის მესვეურთა შეხვედრას ობიექტური მიზეზით ვერ დაესწრო - სწორედ ამ დროს, მისი გუნდი "ტორპედოს" ეთამაშებოდა. ახალგაზრდა სპეციალისტის განცხადებით, მან იცის, როგორ გამოიყვანოს გუნდი მძიმე სიტუაციიდან.

ბურდულისავე თქმით, "სიონი" მიმდინარე სეზონში კვლავ ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რისი წინაპირობაც ზამთარში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გახდება.

უახლოეს მომავალში "სიონის" სამწვრთნელო შტაბისა და მენეჯმენტის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული