10:40 01-12-2014
ზესტაფონი-დინამო (ბთ) 2:4 - თუ შანსს უკეთ გამოიყენებ [VIDEO]
AutoSharing Option
მიუხედავად "ზესტაფონის" წლევანდელი არასტაბილური თამაშისა, ალბათ, იმერული გუნდის ყველაზე პესიმისტი ქომაგიც ვერ წარმოიდგენდა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ბათუმის "დინამოსთან" საკუთარ არენაზე ოთხ გოლს გაუშვებდა და ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში დამარცხდებოდა (შუა კვირაში "ზესტაფონმა" თასის მერვედფინალურ შეხვედრაში "ჩიხურასთან" 0:1 დათმო).
ანგარიშმა არ მოგატყუოთ - მთელი მატჩის განმავლობაში, უმეტესად, მასპინძლები უტევდნენ და უამრავი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ... კონტრშეტევებზე მოთამაშე ბათუმელებმა თავიანთი შანსები უკეთ გამოიყენეს და თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
სხვათა შორის, ბათუმელთა წარმატებაში თავიანთი "წვლილი" ზესტაფონელმა მცველებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით სუსტად რენე ფერეირა გამოიყურებოდა. სტუმართა პირველი ორი გოლიც სწორედ მის შეცდომებს მოჰყვა... თუმცა ამაზე ქვემოთ.
მიუხედავად წვიმისგან დამძიმებული გრუნტისა, ორივე გუნდმა მატჩი მაღალ ტემპში ჩაატარა. თამაში ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო. განსაკუთრებით, მასპინძელთა ფლანგები აქტიურობდნენ, სადაც ვახტანგ ჭანტურიშვილმა და ავთო ენდელაძემ სისწრაფის ხარჯზე აშკარად დაჯაბნეს მეურვეები.
მათი გარღვევებისა და ჩაწოდებების შემდეგ გიორგი ილურიძესა და ჯაბა დვალს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა პირველ ეპიზოდში მეკარე გაისარჯა საიმედოდ, მერე კი სამიოდე მეტრიდან დარტყმული თავური მცირედით ასცდა მიზანს.
თამაში ზესტაფონელთა უპირატესობით კი მიმდინარეობდა, მაგრამ ბათუმელთა პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანი გამოდგა - გიორგი ბერიაშვილი რენე ფერეირას გასცდა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც თეიმურაზ შონიამ დასწრებაზე ითამაშა და ზღვისპირელები დააწინაურა.
ამ გოლმა მასპინძელთა რიგებში არეულობა შეიტანა, "დინამო" კი პირიქით - უკეთ ათამაშდა. ბათუმელთა ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილს, ხუთი წუთის ინტერვალში, ორჯერ მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, როცა ჭკუასელისა და შონიას ფლანგურ ჩაწოდებებს აგვირგვინებდა თავურით, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა.
გამოუყენებელი მომენტების გამო სტუმრები მალევე დაისაჯნენ - ენდელაძის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს ილურიძემ მოხდენილი თავური მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა.
თითქოსდა, გატანილი გოლის შემდეგ გეგუჩაძის შეგირდებს ის სტრესი უნდა დაეძლიათ, სწრაფი გოლის გაშვებით რომ მიიღეს, მაგრამ... მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა - ბათუმელთა ფორვარდები მასპინძელთა მცველებს მოსვენებას არ აძლევდნენ.
ბერიაშვილის გარღვევისა და სახიფათო დარტყმის შემდეგ "ზესტაფონი" მეკარე ბოიან პავლოვიჩმა იხსნა, მაგრამ ტატანაშვილის წინააღმდეგ ისიც უძლური აღმოჩნდა - "დინამოს" ფორვარდმა რენე ფერეირას აართვა ბურთი, მეკარეც ჩამოიცილა და სტუმრები ისევ დააწინაურა.
ზესტაფონელები ანგარიშის გასათანაბრებლად დაირაზმნენ, მაგრამ ბურთი ისევ საკუთარ კარში მიიღეს - გელა გოგიტიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო და კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელებმა სტუმართა კართან შტურმი მოაწყვეს, დვალს ზედიზედ ორ ეპიზოდში მართებდა გოლის გატანა, მაგრამ... გოლი ისევ მასპინძელთა კარში გავიდა - შეტევებში გართულ ზესტაფონელებს ბერიაშვილი უყურადღებოდ დარჩათ, რასაც ულამაზესი გოლი მოჰყვა - 1:4.
სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ზესტაფონელებს ხელი არ ჩაუქნევიათ. შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და 74-ე წუთზე, ლაშა გვალიას კუთხურის შემდეგ, გიორგი ხიდეშელმა თავური დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.
დარჩენილ დროში მასპინძლები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ უამრავი მცდელობის მიუხედავად, 2:4 უცვლელი დარჩა.
მატჩის შემდეგ
ლევან ხომერიკი (დინამო): "ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი იყო. ასეთი შეხვედრები საქართველოს პირველობაზე ბევრი არ არის. "ზესტაფონი" მთელი თამაშის განმავლობაში გვიტევდა, მაგრამ ჩვენ მწვავე კონტრშეტევებით ვპასუხობდით. ფეხბურთელებმა დავალებებს კარგად გაართვეს თავი და ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ. თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ეს მოგება ჩვენთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო".
გურამ მასპინძელაშვილი (ზესტაფონი): "ბევრს ვუტევდით, მაგრამ სამწუხაროდ, დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ არ გვაპატია. დღეს ჩვენი დღე არ იყო".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 700 მაყურებელი
ზესტაფონი-დინამო (ბთ) 2:4
გოლები: 0:1 შონია (18. ბერიაშვილის პასით), 1:1 ილურიძე (25. ენდელაძის პასით), 1:2 ტატანაშვილი (38), 1:3 გოგიტიძე (42), 1:4 ბერიაშვილი (66), 2:4 ხიდეშელი (74. გვალიას პასით)
ზესტაფონი (4-4-1-1): პავლოვიჩი - თედ. გრიგალაშვილი (88. მიქელთაძე), რენე ფერეირა, ხიდეშელი, გაგოშიძე - ჭანტურიშვილი, შარიქაძე, გვალია, ენდელაძე (64. კაპანაძე) - ილურიძე (74. ფანცულაია) - დვალი.
სათადარიგოები: კუპატაძე, თორნ. გრიგალაშვილი, რობაქიძე, ვაჭარაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ბათუმი (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ჩირიკაშვილი (75. მაკარიანი), შონია, გოგიტიძე (67. ვარშანიძე), ჭკუასელი - ბერიაშვილი (87. აბუსელიძე), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, თევდორაძე, მუჯირი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: შარიქაძე (41)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)
6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი
საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული