სიონი-ზუგდიდი 0:0 - კანონზომიერი ფრე

AutoSharing Option
როგორც ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, "სიონი"-"ზუგდიდი" "ექვსქულიანი" მატჩი იყო. 90 წუთის განმავლობაში "მიხეილ მესხის" მთავარ არენაზე ბრძოლა არ განელებულა, თუმცა საბოლოოდ დაფიქსირდა ფრე, რაც კანონზომიერ შედეგად უნდა მივიჩნიოთ - მართალია, "სიონი" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მწვავე მომენტები "ზუგდიდსაც" საკმარისად ჰქონდა.

ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა. პირობითმა მასპინძელმა ყოჩაღად დაიწყო თამაში და ტერიტორია თავიდანვე დაინადავლა, თუმცა აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მეტიც, პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა ვაკო ტყემალაძემ, ვინც ძლიერად დარტყმაც მოასწრო. ბურთი
ზურაბ ბათიაშვილის კარს კი ასცდა, თუმცა იმ ეპიზოდში მეკარე რეაგირებას ასწრებდა.

25-ე წუთზე შანსი უკვე "სიონს" მიეცა. გიორგი ცხადაიამ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ჩინებულად იმოქმედა ზუგდიდელთა კარის დარაჯმა რევაზ თევდორაძემ. ამ ეპიზოდის შემდეგ უპირატესობა ისევ "სიონის" მხარეს გადავიდა.

36-ე წუთზე დავით სირაძემ პოზიცია მოიგო და კარშიც დროულად დაარტყა, თუმცა თევდორაძემ აქაც იმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდელთა მეკარემ, ვინც თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიპერი გახლდათ, ეს მატჩი ძალიან დამაჯერებლად და უშეცდომოდ ჩაატარა. გარდა ამისა, ის მთელი შეხვედრის განმავლობაში უნარიანად ხელმძღვანელობდა თავისი გუნდის მცველებს...

ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბოლნისელთა ფორვარდ სოსო ჭიკაიძეს უნდა გაეტანა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მცველებმა კარიდან გამოიტანეს. ისე ჩანდა, რომ დიდ ტერიტორიულ უპირატესობას "სიონი" მეორე ტაიმში გოლებად აქცევდა, თუმცა...

ბესიკ შეროზიას "ზუგდიდმა" მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და ცოტა რომ გამართლებოდა, ვინძლო, კიდეც მოეგო.

მეორე ტაიმში მოედანზე, ძირითადად, პოზიციური ბრძოლა იყო. მთავარი მოვლენები კი მატჩის მიწურულს განვითარდა. 84-ე წუთზე "ზუგდიდმა" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა ტყემალაძე, ვინც ცარიელი კარის გასწვრივ ჩააწოდა, თუმცა "სიონის" მცველებმა გოლი აირიდეს.

ერთ წუთში უკვე შეცვლაზე შესული ლაშა კუკავა იყო ვალდებული, ანგარიში გაეხსნა. მან საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო "სიონის" მცველებს და კარშიც დაარტყა. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველებმა ამ ეპიზოდშიც იყოჩაღეს.

თამაში ისევ "ზუგდიდის" მომენტით დაიხურა - სტუმართა რიგებში ყველაზე აქტიური ტყემალაძე კვლავ ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მისი თავური სასწაულით ასცდა ბათიაშვილის კარს. საბოლოოდ - 0:0.

მატჩის შემდეგ დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ ზამთრის პაუზისას "სიონში" არაერთი ცვლილება იგეგმება. მეტიც - ამბობენ, ბოლნისელებს მთლიანად ახალი გუნდი ეყოლებათო...

"ზუგდიდს" რაც შეეხება, ეს გუნდი ბოლო ადგილზე კია, მაგრამ თუ დანარჩენ მატჩებშიც ასე იბრძოლა, შეროზიას ბიჭებს აუცილებლად ექნებათ გადარჩენის შანსი.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 300 მაყურებელი.
სიონი-ზუგდიდი 0:0
სიონი (4-4-2): ბათიაშვილი - დ. ფოფხაძე, კვარაცხელია, ინწკირველი, გ. ფოფხაძე - ლობჟანიძე, ცხადაია (78. განუგრავა), კანდელაკი, ისიანი (82. სამხარაძე) - სირაძე, ჭიკაიძე (55. უგულავა).
სათადარიგოები: მერლანი, გიორბელიძე, მოსემღვდლიშვილი, გოგობერიშვილი
მწვრთნელი: ლადო ბურდული
ზუგდიდი (4-4-2): თევდორაძე - ქურდაძე, ღონღაძე, ლომაია, აკობია - ტყემალაძე, კობერიძე, ჯავაშვილი, ლომია (90. ქირია), ფარჯიკია (46. შენგელია), ეხვაია (66. კუკავა).
სათადარიგოები: დევაძე, გულორდავა, ქომეთიანი, გვაზავა
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: ღონღაძე (68), დ. ფოფხაძე (75), ინწკირველი (80), სამხარაძე (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული