ვლადიმირ ლობასი: ვებრძვი მეგრულ სამზარეულოს!

AutoSharing Option
წლეულს, ივნისში, მარტვილის "მერანის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლობასი დაინიშნა. ბევრისთვის უცნობმა სპეციალისტმა გასული სეზონის ერთ-ერთი აუტსაიდერი გუნდი ისე გარდაქმნა, წლეულს "მერანი" ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.

ვლადიმირ ლობასი ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას უკვე კარგად გაეცნო და ვფიქრობ, მისი მოსაზრებები დაგაინტერესებთ:

"ქართველ გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს დიდ იმედგაცრუებას ვამჩნევ. მესმის, რომ ეს ყველაფერი ომების, ეკონომიკური კრიზისისა და ათასი სხვა პრობლემის შედეგია.

მაგრამ ჩამორჩენა
არ ნიშნავს, რომ ყურები ჩამოყაროთ და წინსვლაზე არ იფიქროთ, რადგან საქართველოში ფეხბურთის პოტენციალი არსებობს და მისი აღმავლობა ზღაპრების სფეროს არ განეკუთვნება. მაგრამ მიდგომების შეცვლა გჭირდებათ.

ერთ მშვენიერ დღეს ვერავინ გაიღვიძებს და გერმანიის ნაკრების ტემპში ვერ ითამაშებს. საამისოდ ხანგრძლივი და მიზანმიმართული შრომაა საჭირო. სწორი და მაღალ ტემპში თამაში ბავშვებს ადრეულ ასაკში უნდა ასწავლონ და მერე პრობლემა არ შეექმნებათ", - ამბობს ლობასი.

მარტვილური გუნდის დამრიგებელი ყურადღებას სხვა პრობლემაზეც ამახვილებს:

"ბიჭებს მწარე საჭმელებით კვება უყვართ, რაც დიდი პრობლემაა. მეგრული სამზარეულო მეც მომეწონა, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ, ისინი კი - ფეხბურთელები და თავშეკავება მართებთ.

ასეთი კვება მენიუდან უნდა ამოიღონ, რადგან ორგანიზმის ფუნქციონალურ მდგომარეობასა და წონაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მოთამაშეს კი წონის კონტროლი მოეთხოვება.

ამიტომ ხუმრობით ვამბობ ხოლმე - მეგრულ სამზარეულოს ვებრძვი-მეთქი. ახალგაზრდებმა საკუთარი თავი წესრიგში თითქოს ასეთი წვრილმანებით უნდა მოიყვანონ. სხვაგვარად, პროფესიულ მიდგომას ვერ მიეჩვევიან".

ლობასი დარწმუნებულია, რომ მის გუნდში პერსპექტიული ფეხბურთელები არიან:

"გუნდში ნიჭიერი ბიჭები გვყავს, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. მთავარია, რაც ზემოთ ვახსენე, იმ პრობლემებს მოუარონ. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებულნი იყავით, რომ რამდენიმე მათგანი ჩემთვის კარგად ნაცნობ უკრაინის ჩემპიონატში თავისუფლად ითამაშებს.

სხვათა შორის, მიუხედავად დღეს უკრაინაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონისა, იქაურ პრემიერლიგაში საკმაოდ მაღალი დონის გუნდები და ფეხბურთელები არიან. ამიტომაც მგონია, რომ უკრაინაში მოხვედრა უფრო ძნელია, ვიდრე - თამაში.

მაგრამ ამ დონეზე მოხვედრა თუ სურთ, 17-18 წლის ასაკში დიდების დონის ფიზიკური მომზადება და კლასი უნდა აჩვენონ. სხვაგვარად, საქართველოდან არავის წაიყვანენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული