ტორპედო-მეტალურგი 0:1 - ქარიშხალი და კრიზისი ქუთაისში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან და ტიტულოვან კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" მძიმე დროება უდგას. რევაზ ძოძუაშვილის გუნდი აშკარა კრიზისშია, რაზეც "ტორპედოს" დღევანდელი სატურნირო მდგომარეობაც ნათლად მეტყველებს.

ქუთაისელებს ზედიზედ 9 მატჩია არ მოუგიათ, თუმცა, მოგებას ვინ დაეძებს, რიონისპირელებმა "მეტალურგთან" ბოლოსწინა წუთზე გოლი გაუშვეს და მათთვის მეტად პრინციპულ შეხვედრაში ქულაც ვერ მოიპოვეს.

ქუთაისელთა წარუმატებელ თამაშს თავისი მიზეზები აქვს. ნამატჩევს "ტორპედოს" თავკაცმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია და თუ ზამთრის შესვენებისას მდგომარეობა არ გამოსწორდა, ასეთ ვითარებაში მუშაობის გაგრძელებას აზრი არ ექნება...

ქუთაისური მატჩი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა, რამაც შეხვედრას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა. ფეხბურთელებს მოედანზე გადაადგილება უჭირდათ, ორივე გუნდის მხრიდან მრავლად იყო უზუსტო გადაცემა და სხვა შეცდომა, შეხვედრა კი ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობდა.

უღიმღამო ბურთაობაში პირველად კარში რუსთაველებმა დაარტყეს, როცა 26-ე წუთზე კონსტანტინე ხიზანეიშვილის დარტყმა ქუთაისელთა მეკარის იოლი ნადავლი გამოდგა. მცირეოდენ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ თუ ვასაძის მიერ შორი მანძილიდან აცილებულ ბურთს არ ჩავთვლით, პირველ ტაიმში ცაბუტაშვილის კართან რუსთაველებს მეტი დასამახსოვრებელი მომენტი აღარ შეუქმნიათ.

რაც შეეხებათ ქუთაისელებს, ისინი ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ავითარებდნენ შეტევებს, სადაც მარკოზაშვილი აქტიურობდა, თუმცა მათი ყველა მცდელობა რუსთაველთა საჯარიმოსთან "იფუშებოდა". ქუთაისელებმა კარისკენ პირველად მხოლოდ 44-ე წუთზე დაარტყეს, როცა იმავე მარკოზაშვილის მცდელობა არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევარი გუნდებმა შედარებით აქტიურად დაიწყეს. ქუთაისელთაგან კვლავ მარკოზაშვილმა გაამწვავა სიტუაცია, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა.

ამის შემდეგ უპირატესობა რუსთაველთა მხარეს გადავიდა და ირაკლი სიხარულიძეს გოლის გატანის რეალური შანსიც მიეცა, მაგრამ რუსთაველთა ფორვარდმა მასპინძელი მცველების უხეში შეცდომით ვერ ისარგებლა და საკმაოდ ახლო მანძილიდან ბურთი პირდაპირ მეკარეს მოარტყა.

ძოძუაშვილის შეგირდებმა, რომელთაც სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოგება სჭირდებოდათ, ძალები მოიკრიბეს და "მეტალურგს" მთელი ძალებით შეუტიეს. რუსთაველ მცველებს განსაკუთრებით ოთარ კვერნაძის წინააღმდეგ უჭირდათ თამაში, რომელმაც ორჯერ კარში ძალზე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი ორივე ეპიზოდში დამაჯერებლად გაისარჯა.

შეტევებით გართულმა მასპინძლებმა დაცვაში ყურადღება მოადუნეს. მატჩის მიწურულს ქუთაისელთა დაცვა ჩავარდა და გიორგი ქავთარაძემ ზუსტი დარტყმით მეკარე ცაბუტაშვილს შანსი არ დაუტოვა.

მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად აღარც დრო დარჩათ და აღარც ძალები, რუსთაველებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს, "ტორპედო" კი თანდათან სატურნირო ცხრილში სახიფათო ზონას უახლოვდება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
07.12. ქუთაისი. "ტორპედო". 1 000 მაყურებელი
ტორპედო-მეტალურგი 0:1
გოლი: 0:1 ქავთარაძე (89. კაკაშვილის პასით)
ტორპედო (4-4-1-1): ცაბუტაშვილი - ბონდარენკო, აბრამიძე, ჩაკვეტაძე, გელაშვილი - მარკოზაშვილი, გოგიჩაიშვილი, მამასახლისი, ქებურია (65. გიორგაძე) - ფიფია (46. შენგელია) - კვერნაძე.
სათადარიგოები: თებიძე, ელიავა, მახვილაძე, დუდუჩავა, თოდუა
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
მეტალურგი (4-3-2-1): ბედიაშვილი - მჭედლიშვილი, ცნობილაძე, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი - კაკაშვილი, ვასაძე, ტორონჯაძე (56. კიტეიშვილი) - ალავერდაშვილი (72. დ. გელაშვილი), ქავთარაძე - სიხარულიძე (60. ჯოხაძე).
სათადარიგოები: ნადირაძე, მიქაუტაძე, ბიწკინაშვილი, კიტეიშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: კაკაშვილი (8), ჩაკვეტაძე (55), გელაშვილი (68)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული