გურია-სიონი 0:0 - მშვიდობით, ალექს! მადლობა პოლიციას! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...84-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა მორიგ სწრაფ შეტევაზე ორიენტირებულ გურულებს ზედიზედ ორი შეცდომა მოუვიდათ - ჯერ ვლადიმერ ჯოჯუას ქარმა და მეტოქემ დააკარგვინეს ბურთი, ხოლო საჯარიმოში უკვე ნიკა ხარაბაძეს, ასევე ქარმა, ბურთზე ორიენტაცია დააკარგვინა, რაც პენალტად დაუჯდა.

მატჩის არბიტრმა ალექსი კრიჭაშვილმა მასპინძელი ქომაგების რისხვა ამჯერად უსაფუძვლოდ დაიმსახურა - ხელით თამაში აშკარა იყო. თუმცა "სიონმა" ეს შანსი ვერ გამოიყენა: გიორგი ცხადაიამ 11-მეტრიანის ნიშნულიდან კარს ააცილა.

აქამდე ორიოდე წუთით ადრე არბიტრმა უკვე მეტად საეჭვო სიტუაციაში დააჯარიმა მასპინძლები და ბოლნისელებმა კიდევ ერთი ჩინებული შანსი გაანიავეს:
ექსგურულ ალეკო გოგობერიშვილის ჩაწოდებულს თავი დავით სირაძემ კარგად დაუხვედრა და "გურიას", ალბათ, ვერც დამაჯერებლად მოთამაშე მეკარე გადაარჩენდა, მეორე დავითს, იმედაშვილს, რომ არ გაეკრა თავი, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადაევლო.

ეს ყველაფერი იმ დაუწერელი წესის ამოქმედება იქნებოდა, გურულებმა მრავალი მომენტი რომ ვერ გამოიყენეს და ამ "წესით" თავად უნდა დასჯილიყვნენ. არადა, წინა ტურში სენსაციის მომხდენ გუნდს ამჯერად რომ წაეგო, ალბათ, საცოდაობა იქნებოდა.

პირველ ტაიმში თემურ ლორიას შეგირდებს ქარიც უწყობდა ხელს და უპირატესობაც შესამჩნევი იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "სიონი" თავს ცუდად იცავდა და შეტევაზე უარს ამბობდა.

ეგაა, რეალურ ხიფათამდე საქმე მხოლოდ გურულებს მიჰქონდათ: დასაწყისში კობა შალამბერიძის ჩაწოდებული კარისკენ აიჭრა და სტუმართა მეკარემ საიმედოდ ითამაშა, შემდეგ ალეკო კოშკაძესა (ორჯერ) და დათო მეგრელიშვილსაც მირზა მერლანმა აუღო.

უკეთესი შანსი მატჩის, ალბათ, საუკეთესო მოთამაშე შოთა გაბრიჩიძეს ტაიმის ბოლოს მიეცა, როცა მეკარის საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთს ფეხი საგოლედ ვერ დაუხვედრა.

მაინც შეეძლო "გურიას", შესვენებაზე უპირატესობით გასულიყო - გიორგი მიქაბერიძე რამდენიმე სიონელს გასცდა და 11-მეტრიანის მისადგომებიდან დარტყმა რომ შეეძლო, მორიგი მეტოქის მოტყუება მოინდომა და უკვე წონასწორობადაკარგულმა ჩინებული შანსი გაანიავა.

მეორე ტაიმში ამინდი უკვე სტუმრების მხარეს "გადავიდა", მაგრამ უკეთესი შანსები მაინც "გურიას" ჰქონდა.

აქედან საუკეთესო შანსი კოშკაძეს მიეცა - შალამბერიძის ჩაწოდებული რიკოშეტის შემდეგ კარისკენ "აიჭრა" და ქარი რომ არა, მეკარეზე გადავლებული ბურთი, შესაძლოა, კარში პირდაპირ გასულიყო; დამატებაზე კი "გურიას" კაპიტანმა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ვერ მოახვედრა.

საბოლოოდ, ალექსი კრიჭაშვილმა თავის კარიერაში განსჯილ ბოლო შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დააფიქსირა. არბიტრმა სამართალდამცველებს გასახდელამდე მშვიდობიანად მიყვანისთვის მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
07.12. ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე. 800 მაყურებელი
გურია-სიონი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ცხადაია (84. ააცილა)
გურია (4-2-3-1): გოგუაძე - ჭეიშვილი, ე. კილაძე, ხარაბაძე, მეგრელიშვილი - ჯოჯუა (86. კვერენჩხილაძე), გაბრიჩიძე - შალამბერიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე - ს. ლომია.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, წილოსანი, ინგოროყვა, ნ. ჯიშკარიანი, კვანტალიანი, გოგიაშვილი.
მწვრთნელი: თემურ ლორია
სიონი (5-2-3): მერლანი - ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, განუგრავა, ინწკირველი, იმედაშვილი - ცხადაია, გოგობერიშვილი - ჭიკაიძე (74. უგრეხელიძე), სირაძე, ისიანი (83. გ. გურეშიძე).
სათადარიგოები: ბათიაშვილი, მამასახლისი, მანაგაძე
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: სირაძე (23), ფოფხაძე (47), გაბრიჩიძე (53), მოსემღვდლიშვილი (67)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული