დინამო (ბთ)-შუქურა 0:0 - როცა ქობულეთში "შუქურა" სტუმარია [VIDEO]

AutoSharing Option
კურიოზული ამბავია - ბათუმის "დინამომ" ქობულეთის "შუქურას" ქობულეთის "ჩელე არენაზე" უმასპინძლა. ამან კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი სატკივარი და კითხვა - როდემდე უნდა იყოს ბათუმი სტადიონის გარეშე, გულშემატკივარი კი - დაპირებების ამარა?

უმაღლეს ლიგაში აჭარული დერბი ბოლოს 20 წლის წინათ გაიმართა და ქომაგთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამის მიუხედავად, თავდაპირველად მეტოქეები ინერტულად გამოიყურებოდნენ. ბათუმელებს ანგარიშის გახსნის პირველი შანსი მე-20 წუთზე ჰქონდათ, როცა ნიკა მგელაძის ჩაწოდებულზე მეკარე თემურ კაკალაძემ და ცენტრალურმა მცველმა დათა ხოჭოლავამ შეუთანხმებლად ითამაშეს და ბურთი საჯარიმოს ხაზთან თემურ შონიას მიუგორდა,
ამან კი წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ კაკალაძემ შეცდომა გამოასწორა და "შუქურა" გადაარჩინა.

ბათუმელებმა სახიფათო მომენტი მერეც შექმნეს, როცა ირაკლი ჩირიკაშვილმა კომბინაცია საჯარიმოში დიმიტრი ტატანაშვილს გაუგრძელა და ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმის შემდეგ კაკალაძემ "სტუმრები" გოლისგან იხსნა.

ქობულეთელებმა მომენტები ტაიმის ბოლოს შექმნეს, მაგრამ გიორგი ჩელებაძის შეტევას მეკარე მიხეილ ალავიძისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ზაზა ტუღუშს მიეცა, რომელიც ჩელებაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ბათუმელთა კიპერმა ვითარება ისევ განმუხტა.

მეორე ტაიმი გაცილებით კარგი სანახავი გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა: მასპინძელთაგან თავის გამოჩენა მეკარესთან პირისპირ გასულ ზვიად მეტრეველს შეეძლო, თუმცა ალავიძემ ამჯერადაც კარგად ითამაშა.

ეს იყო და, უპირატესობას ბათუმელები დაეუფლნენ. მათ დაწინაურების რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდათ. ბადრი ტეტუნაშვილმა მეკარესთან პირისპირ გიორგი ბერიაშვილი დატოვა, მაგრამ ფორვარდს მიზანმა უმტყუნა. მალე ის ასისტენტად მოგვევლინა, როცა შეტევა გაუგრძელა ტატანაშვილს. ამ უკანასკნელმა მცველი მოატყუა და კარშიც დაარტა, მაგრამ კაკალაძემ "შუქურა" ამჯერადაც გადაარჩინა - ტატანაშვილს დამატებაზეც არ გაატანინა.

ბერიაშვილი-კაკალაძის დუელი მე-60 წუთზეც შედგა და "შუქურას" მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

ბათუმელებს ანგარიშის გახსნის შანსი 81-ე წუთზეც ჰქონდათ: შეცვლაზე შესულმა ქობულეთელმა მცველმა ირაკლი კომახიძემ ბურთი საჯარიმოსთან დაკარგა და მერე თემურ შონია მოცელა. ჯარიმა გელა გოგიტიძემ შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

ხუთ წუთში კი, იმავე პოზიციიდან, "სტანდარტი" ამირან მუჯირმა შეასრულა, თუმცა ეს დღე მეკარეების იყო - კაკალაძეს ბათუმელთა ვეტერანმაც ვერაფერი მოუხერხა.

მატჩის მიწურულს მუჯირმა ბერიაშვილს "კედელი" გაუთამაშა და ძლიერად დასცხო, მაგრამ ამჯერად კარსაც ააცილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
06.12. ქობულეთი. "ჩელე არენა". 3 000 მაყურებელი
დინამო (ბთ)-შუქურა 0:0
დინამო (4-2-3-1): ალავიძე - ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - გოგიტიძე, შონია - ჩირიკაშვილი (87. მაკარიანი), ტატანაშვილი (75. ა. მუჯირი), ჭკუასელი - გ. ბერიაშვილი.
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სათადარიგოები: შოვნაძე, აბუსელიძე, ვ. ქორიძე, ვ. თევდორაძე. ბ. ვარშანიძე
შუქურა (4-2-3-1): თ. კაკალაძე - ტვილდიანი, ხოჭოლავა, გ. გურული, ჩალაძე - კუხიანიძე, ლობე - ზ. ტუღუში, ჩელებაძე (90. ტაკიძე), ჩაფიძე (15. კომახიძე/83. მესხი) - მეტრეველი.
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
სათადარიგოები: ჯიოევი, ლ. ბერუაშვილი, კოპალიანი
გაფრთხილება: ჭკუასელი (50), მგელაძე (72), ზ. ტუღუში (76), ჩირიკაშვილი (84)
არბიტრი: ბ. ნინუა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატ გინდატ მაინც იმ ცელიდან1 ლიგაში ხარტ
ალიკა ლომკაცები
23:38 09-12-2014
0

სიახლეები პოპულარული