მზიური (გალი)-ცხუმი (სოხუმი) 0:0 - შეხვედრა წარსულთან

AutoSharing Option
ორი აფხაზური გუნდი - გალის "მზიური" და სოხუმის "ცხუმი" - საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 22 წლის წინათ დაუპირისპირდა ერთმანეთს; სამწუხაროდ, 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და "ცხუმი", "მზიური" და კიდევ ერთი აფხაზური გუნდი, ოჩამჩირის "ამირანი" ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

მერე რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ სოხუმის სახელით მოასპარეზე გუნდს საქართველოს ჩემპიონატში ეთამაშა, შარშან კი სოხუმის მკვიდრთა - ალექსანდრე წულაიასა და გიორგი ზარიას (სოხუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, გენო ზარიას ვაჟის) მეცადინეობით, "ცხუმი" ისევ აღდგა და დღესდღეობით მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის
ლიდერია.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ზამთრის პაუზას ეს გუნდი პირველ ადგილზე შეხვდა და საერთოდაც, ამ სეზონში "ცხუმის" მიზანი პირველ ლიგაში აღზევება იქნება. სხვათა შორის, "ცხუმი" შესაშური შედეგიანობით გამოირჩევა: პირველ წრეში ჩატარებულ თოთხმეტ მატჩში გუნდმა მეტოქეთა კარში 63 გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოლების ნახევარზე მეტი ორ ფეხბურთელზე "მოდის": 23 წლის მინდია გოგატიშვილმა 20 გოლი გაიტანა, 22 წლის გიორგი ნარსიამ კი - 18. ეს უკანასკნელი გუშინდელ მატჩში ტრავმის გამო თავის გუნდს ვერ ეხმარებოდა, აი, გოგატიშვილმა კი რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა სჯობს, გუშინდელ მატჩზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, მით უფრო, რომ უგოლო შეხვედრის მიუხედავად, 90 წუთი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

...როგორც ფავორიტს შეეფერებოდა, "ცხუმმა" მატჩი აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის ორი კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მინდია გოგატიშვილმა არაზუსტად დაარტყა, სპირიდონ წულაიამ კი "მზიურის" 17 წლის მეკარეს, ბორის მთიულიშვილს ვერ აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "ცხუმის" მარჯვენა მცველი გიორგი გოცირიძე ასრულებდა ზუსტ გადაცემებს; ტაიმის ბოლომდე "ცხუმს" კიდევ ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბორის მთიულიშვილი უშეცდომოდ თამაშობდა. თავის მხრივ, "მზიურმა", ფაქტობრივად, ერთადერთხელ განახორციელა მწვავე კონტრშეტევა, რომელიც, ცოტაც და, შედეგიანი იქნებოდა, მაგრამ გიორგი ჭურჭელაურმა საშუალო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

შესვენების შემდეგ "ცხუმის" თავკაცმა ირაკლი ვასაძემ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა მოედანზე და მათგან განსაკუთრებით ლევან ციხელაშვილი აქტიურობდა; სწორედ ამ 20 წლის შემტევის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში "მზიურის" მცველებმა და ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა.

11-მეტრიანის შესრულება გუნდის და, საერთოდ, აღმოსავლეთ ზონის საუკეთესო ბომბარდირმა მინდია გოგატიშვილმა ითავა, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა! ამის მერე ისევ ბორის მთიულიშვილმა გაიბრწყინა, როცა ზედიზედ ორ ეპიზოდში საკუთარი კარი აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

მატჩის ბოლო წუთებზე "ცხუმმა" შტურმი მოუწყო მეტოქეს, მაგრამ "მზიურის" მეკარე და მცველები უშეცდომოდ თამაშობდნენ. ეგ კი არა, დიდი იყო იმის შანსიც, რომ "მზიურს" სულაც მოეგო ეს მატჩი: ერთ ეპიზოდში, ზურაბ ფიჩხაძის მიერ წამოწყებული შეტევა გუნდის კაპიტანმა ირაკლი სონგულიამ გააგრძელა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, უკუგდებულზე კი ყველას თორნიკე ჩოლოგაურმა დაასწრო, მაგრამ ამ ეპიზოდში "ცხუმის" მეკარემ, ირაკლი ვასაძემ (უმცროსმა) იყოჩაღა.

აი, ასე დასრულდა 22-წლიანი პაუზის მერე ძველისძველი მეტოქეების მატჩი, რომელიც თბილისში ჩატარდა; ჰოდა, ის ვისურვოთ, რომ "ცხუმსა" და მზიურს" საშინაო მატჩები სოხუმსა და გალში ჩაეტარებინოთ...

საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. XV ტური
09.12. თბილისი. სპორტკომპლექსი "შატილი"
მზიური (გალი) - ცხუმი (სოხუმი) 0:0
მზიური (5-4-1): მთიულიშვილი - თედიაშვილი, მეგრელიშვილი, მაღრაძე, ლობჟანიძე, შარია - გვაზავა, ჭურჭელაური, სონგულია, კარაპეტიანი - სუხიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ფიჩხაძე, მჭედლიშვილი, ქოიავა, შეყლაშვილი, ჭიჭინაძე, ჩოლოგაური.
მწვრთნელი: ირაკლი ანჩაბაძე
ცხუმი (4-4-2): ვასაძე - გოცირიძე, კუცია, მაძღარაშვილი, ჭუმბურიძე - წიწაკიშვილი, ხანიაშვილი, ჭიაბერაშვილი, ჯალაღონია - წულაია, გოგატიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: დოლიძე, ციხელაშვილი, კიკვაძე, ქავთარაშვილი, ფუტკარაძე, სარქისოვი
მწვრთნელი: ირაკლი ვასაძე
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სხვა მატჩები
ამირანი-გაგრა 2 0:7
გარდაბანი-აფხაზეთი 6:2
მზიური-ცხუმი 0:0
კოლხი-ვოიაჟი 0:2
ვიტ ჯორჯია 2-იბერია 1:2
გარეჯი-შავნაბადა 5:0
სართი-ბახტრიონი 7:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ცხუმი 14 11 3 0 63-6 36
2. ვოიაჟი 14 10 1 3 38-11 31
3. სართი 14 10 0 4 40-17 30
4. ვიტ ჯორჯია 2 14 9 2 3 33-17 29
5. იბერია 14 9 2 3 27-19 29
6. გაგრა 2 14 7 4 3 44-17 25
7. მზიური 14 6 4 4 36-24 22
8. ნორჩი დინამო 14 6 2 6 30-28 20
9. გარეჯი 14 6 1 7 24-27 19
10. გარდაბანი 14 5 2 7 27-29 17
11. კოლხი 14 4 2 8 29-43 14
12. ამირანი 14 4 1 9 22-49 13
13. შავნაბადა 14 3 2 9 14-38 11
14. ბახტრიონი 14 1 1 12 10-48 4
15. აფხაზეთი 14 0 1 13 15-79 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული