"საბურთალოს" ჰეგემონია - I ლიგა. A ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის მსგავსად, პირველი ეტაპი რანგით მეორე, ანუ პირველ ლიგაშიც დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონში პირველი ლიგის 20 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და ოთხწრიან ტურნირში მონაწილეობს.

საქართველოს ჩემპიონატის ამ სეზონის რეგლამენტის თანახმად, A და B ჯგუფების გამარჯვებულები უმაღლეს ლიგაში ავტომატურად გადადიან, აი, მეორეადგილოსნები კი ჯერ ერთმანეთში (ერთმატჩიან პლეი ოფში) გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას, მერე კი ამ წყვილში გამარჯვებული და უმაღლეს ლიგაში XIV ადგილზე გასული გუნდი ასევე ერთმატჩიან პლეი ოფში უმაღლესი ლიგის საგზურს გაითამაშებენ.

ეს, რაც შეეხება უმაღლესში აღზევებას. აი, პირველიდან
მეორე ლიგაში კი A და B ჯგუფში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებენ (სულ - ოთხი); სამაგიეროდ, მეორე ლიგიდან მხოლოდ ორი გუნდი გადმოდის: ცენტრალური, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებული სამი გუნდი სეზონის დამთავრების შემდეგ პლეი ოფის ერთწრიან ტურნირში ჩაებმება და აქედან ორი საუკეთესო მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.

ანუ უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2015/16 წლების სეზონში პირველ ლიგაში 18 გუნდი (ყოველგვარი ჯგუფებისა თუ ზონების გარეშე) იასპარეზებს და ორწრიან პირველობასაც ჩაატარებს.

თუმცა, სჯობს, ისევ მიმდინარე გათამაშებას დავუბრუნდეთ, რომელიც თებერვლის ბოლოს განახლდება, ოღონდ ერთით ნაკლები გუნდით: თბილისის "დინამო 2" გაუქმდა და B ჯგუფშიც 9 გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას.

"დინამო 2"-თან ყველას 3:0 მოგება ჩაეთვლება, ანუ B ჯგუფიდან მეორე ლიგაში მხოლოდ ერთი, IX ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპზე პირველი ლიგის გუნდები კვლავაც ორ წრედ გააგრძელებენ ასპარეზობას და ერთ ჯგუფში თუ, ფაქტობრივად, უკვე ახლავე გარკვეულია გამარჯვებულის ვინაობა, მეორეში სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი.

საერთოდ, პირველ ლიგაში არაერთი ისეთი ფეხბურთელი გამოდის, წლების განმავლობაში უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია, ამას გარდა, უამრავი პერსპექტიული მოთამაშეა. აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზეც: გამოცდილი სპეციალისტებიც არიან და პერსპექტიული ახალგაზრდებიც.

A ჯგუფი
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ეტაპის შემდეგ A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი "საბურთალოა", რომელიც მეორეადგილოსანს 12 ქულით უსწრებს!

"ზესტაფონის" ყოფილი თავკაცის, გიორგი ჭიაბრიშვილის (იმერულ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა) ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალომ" სეზონი მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო: 11 მატჩი ზედიზედ მოიგო!

მართალია, მერე ქულები დაკარგა, მაგრამ ეს უფრო გადატვირთულ კალენდარს უნდა დავაბრალოთ: ნოემბერში "საბურთალოს" 26 დღის განმავლობაში 7 მატჩის ჩატარება მოუწია და სწორედ ამ პერიოდში იწვნია ის ერთადერთი მარცხი და ფრედაც ორჯერ ითამაშა.

"საბურთალოში" საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების არაერთი წევრი გამოდის და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ეს გუნდი გათამაშების უპირობო ფავორიტია და მართლაც წარმოუდგენლად გვეჩვენება მოვლენების ისეთი განვითარება, "საბურთალოს" უმაღლეს ლიგაში გადასვლა რომ გაუჭირდეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული, რაც "საბურთალოს" ახალგაზრდა მცველებთან ერთად, 17 წლის ბექა ქურდაძის დამსახურებაცაა - ამ, უდავოდ პერსპექტიულ მეკარეს კი ქართველი ქომაგები საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან იცნობენ.

არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება "საბურთალო" შეტევაშიც - 18 მატჩში გუნდმა მეტოქეთა კარში 53 გოლი გაიტანა!

ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ A ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ამ გუნდის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელიცაა: 17 წლის გურამ გოშთელიანი და 18 წლის გიორგი ხარაიშვილი (13-13 გოლი).

ბოლო მატჩებში შესაშური შედეგიანობით გამოირჩეოდა გიორგი ფხაკაძეც - 22 წლის ფორვარდმა 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, თანაც, უმეტესად, შეცვლებზე შემოსულმა. ეგ კი არა, სტუ-სთან მატჩში შეცვლაზე შემოსულმა ფხაკაძემ 9-წუთიან ინტერვალში სულაც ჰეთ-თრიქი გაახერხა!

ჯერ მხოლოდ ჭიათურამ მოახერხა...
თავდაპირველად "საბურთალოს" კვალდაკვალ მიჰყვებოდა პირველ ლიგაში ამ სეზონის დაწყების წინ აღზევებული "ლაზიკა", თუმცა, ზუგდიდელთა გუნდს მერე და მერე ჩავარდნა დაეწყო (როგორც ამბობდნენ, ფინანსური პრობლემების გამო) და გიორგი თურმანიძის გაწვრთნილმა გუნდმაც პირველი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.

დავით ჭითანავა, ნიკა ხუხია, იმედა ტყებუჩავა, დავით კუტალია, დემურ სამსეიშვილი, ნიკა შონია, მამუკა ჭკადუა, გიორგი ბულია - "ლაზიკას" ამ ფეხბურთელებს უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ, ისე, როგორც ბოლო დროს ფორმააკრეფილ "ჭიათურას" რამდენიმე მოთამაშეს (დავით სევასტოპულოს, ზაურ ხაჭიპერაძეს).

სხვათა შორის, სწორედ "ჭიათურამ" მოახერხა და "საბურთალოს" ერთადერთი მარცხი აგემა. თუ გუნდმა მეორე ეტაპზეც ასე გააგრძელა ასპარეზობა, პლეი ოფის საგზურში, ალბათ, ვერავინ შეეცილება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აგვისტოდან "ჭიათურას" გამოცდილი სპეციალისტი, 53 წლის ხვიჩა ქასრაშვილი წვრთნის და ამ სეზონში ორი ბრაზილიელი ლეგიონერიც გამოჩნდა გუნდში: 22 წლის ვალისონი და 21 წლის ლინკოლნი.

ასევე ორი ლეგიონერი ჰყავს "ლაზიკას" (უკრაინელები - რუსლან დემიანოსი და რომან გაგუნი), ერთი - "საბურთალოს" (სენეგალელი - მოხამედ დიოპი)...

სხვა გუნდებიდან, რაღა თქმა უნდა, თბილისის "ლოკომოტივი" უნდა აღვნიშნოთ, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვასილ მაისურაძე გახლავთ, ასისტენტი კი - გიორგი დევდარიანი. "ლოკომოტივში" (ისე, როგორც - "საბურთალოში") საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრები გამოდიან (გიორგი გაბაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით უბილავა, სანდრო გურეშიძე, დავით მთივლიშვილი, ელგუჯა სულთანიშვილი, ალეკო მზევაშვილი, რატი არდაზიშვილი, ლაშა ლეჟავა და სხვები).

ლოკომოტივის მარგალიტი
"ლოკომოტივში" ასპარეზობს პირველი ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 19 წლის მამია გავაშელიშვილი: ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ფორვარდმა ამ სეზონში 18 მატჩში 15 გოლი გაიტანა!

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "ლოკომოტივის" კიდევ ერთი "მარგალიტი", 16 წლის გიორგი არაბიძე, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

IV ადგილზე დაასრულა პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც 2011 წლიდან გოჩა ჟორჟოლიანი წვრთნის;

აი, რაც შეეხება კიდევ ერთ დედაქალაქურ გუნდს, "სასკოს" სეზონის წინ სერიოზული ამბიციები ჰქონდა, შემადგენლობაც გვარიანად გააძლიერა (მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძე დაინიშნა, ძირითად ბირთვს კი უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ცნობილი ფეხბურთელები შეადგენდნენ); თუმცა, მერე სიტუაცია შეიცვალა (როგორც ამბობენ, საქართველოს თასზე "მეტალურგთან" მატჩის შემდეგ) და გუნდის მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციების შეთავსება გიორგი მანწკავას მოუხდა.

33 წლის მანწკავას უმაღლეს ლიგაში არაერთ გუნდში უთამაშია, ისე, როგორც მის თანატოლ გიორგი ქუცურუას, 29 წლის ჯაბა ბერიანიძესა და 33 წლის ზურაბ ძამსაშვილს. "სასკოს" კარს კი 19 წლის ნიკა შერმადინი იცავს, - საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში რომ გამოდიოდა.

ამავე ჯგუფშია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე, 19 წლის ალექსანდრე ადამია, რომელიც "მაჭახელას" ღირსებას იცავს.

"მაჭახელა" ვახსენეთ და ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ ხელვაჩაურის გუნდი წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევებაზე აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა მიმდინარე გათამაშების დასაწყისშივე მთავარი მწვრთნელის წასვლის შემდეგ (ამირან გოგიტიძე "შუქურაში" რომ გადავიდა) სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა. "მაჭახელამ" მეტ-ნაკლებად "უხიფათო" პოზიციაზე დაასრულა პირველი წრე.

აი, ბათუმის "ადელი" კი ბოლო ადგილზეა. არადა, ამ სეზონის დაწყების წინ "ადელში" ჩაირიცხნენ ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელები - თორნიკე ბერიძე, ალექსანდრე ბაციკაძე, მიხეილ ჯორბენაძე.

ასევე სახიფათო ზონაშია "ჩხერიმელა", რომელსაც ახალგაზრდა სპეციალისტი, 29 წლის გიორგი შავგულიძე წვრთნის.

წყალტუბოს "სამგურალს" კი (საშინაო მატჩების ჩატარება სამტრედიაში რომ უწევს) მეორე ლიგაში დაქვეითება ნამდვილად არ ემუქრება: 43 წლის გიორგი გოგიაშვილის დამოძღვრილი გუნდი სატურნირო ცხრილის შუაშია.

სხვათა შორის, გოგიაშვილი უკვე მეოთხე სეზონია "სამგურალში" მუშაობს, ასეთი ნდობით კი ბევრი მისი კოლეგა (თანაც, არა მხოლოდ პირველ ლიგაში) ნამდვილად ვერ დაიკვეხნის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული