ზურაბ ბერიძე: "ვიტ ჯორჯია" გეზს არ შეიცვლის

AutoSharing Option
ქართული გუნდების უმრავლესობამ ჯერ ისიც არ იცის, მოახერხებს თუ არა ახალი სეზონისთვის სამზადისის დაწყებას. ამასობაში, "ვიტ ჯორჯიამ" მზადების დაწყების თარიღიც დაადგინა და მომავლის გეგმებიც მოხაზა.

"ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელ ზურაბ ბერიძეს სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ და თან კლუბის მიერ ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე განვლილი გზის შეფასება ვთხოვეთ...

- ამ დროისთვის, ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი გვიჭირავს და აქედან გამომდინარე, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები. სამომავლოდ, მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

- რამ განაპირობა პირველ ეტაპზე ნაჩვენები არასახარბიელო შედეგი?
-
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი ბრალიც ბევრი იყო. გარდა ამისა, იყო თამაშები, რომლებშიც "ვიტ ჯორჯიას" აშკარად აქცია ზურგი იღბალმა. ის მატჩები ნაღდად მოსაგები იყო, თუმცა... ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

- შედარებითი არასტაბილურობა გუნდის საშუალო ასაკის "ბრალიც" გვგონია...
- დიახ, ეს ასეა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდში "ვიტ ჯორჯიას" საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია. როცა ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გიწევს მუშაობა, წინასწარ უნდა იყო მზად საიმისოდ, რომ ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ.

- ისე მოხდა, რომ მიმდინარე სეზონში "ვიტ ჯორჯიას" არაერთ შეხვედრას დავესწარი. ჩემი სუბიექტური აზრია - გუნდის თამაშის ხარისხი და მის მიერ სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილი არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- ვეთანხმები. ჩვენ მართლაც იმაზე უკეთ ვთამაშობდით, ვიდრე სატურნირო მდგომარეობა გვქონდა.

- არიან თუ არა "ვიტ ჯორჯიაში" ახალგაზრდები, ვისი პროგრესითაც კმაყოფილი ხართ?
- არიან. ასე რომ არ იყოს, ჩვენს მუშაობას არანაირი აზრი არ ექნებოდა. შეიძლება კონკრეტული გვარების ჩამოთვლაც, თუმცა, არა მგონია, ახლა ეს საჭირო იყოს.

- საინტერესოა თქვენი აზრი, უნდა ველოდოთ თუ არა სეზონის განახლებისას "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდული გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელების დაწინაურებას?
- რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ. წლების განმავლობაში ასეთია ჩვენი გეზი და ახლაც ასე იქნება. ისე, ჩვენს ძირითად შემადგენლობასა და დუბლებს შორის დაყოფა პირობითია.

როცა წვრთნას ვატარებთ, ჩვენი გუნდის 22-23 ფეხბურთელი ერთად ვარჯიშობს. აქ ის ბიჭებიც არიან, დუბლებში რომ თამაშობენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - "ვიტ ჯორჯიაში" არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სულ მალე, თუნდაც სეზონის განახლებისას, დამკვიდრდებიან ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში და არა მხოლოდ დამკვიდრდებიან, არამედ თავიანთ ხმამაღალ სიტყვასაც იტყვიან.

- ხომ არავის გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის ან "ვიტ ჯორჯიაში" მისვლის სურვილი?
- არა, ჯერ წასვლის სურვილი ოფიციალურად არავის გამოუთქვამს.

- ხომ არ გარკვეულა, როდის შეიკრიბება "ვიტ ჯორჯია"?
- კი, გადაწყვეტილი ამბავია: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის სამზადისს 25 დეკემბერს დავიწყებთ.

- უცხოური შეკრების ორგანიზება თუ იქნება შესაძლებელი?
- ამას უშუალოდ კლუბის პრეზიდენტი გადაწყვეტს. ისე, არც ის იქნება დიდი ტრაგედია, თუ უცხოეთში ვერ წავალთ. მაგალითად, წინა ზამთარს საქართველოს მასშტაბით მშვენიერი ტურნირები ჩატარდა. თუ წლეულსაც ასე იქნება, აქ მომზადება თავისუფლად შეიძლება.

- რა იქნება "ვიტ ჯორჯიას" მიზანი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე?
- ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლით. თუ ჩავხედავთ საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს, დავრწმუნდებით, რომ უსაშველო ჩამორჩენა არ გვაქვს მოწინავე გუნდებთან.

ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და წარმოუდგენელი არც იმ ადგილის დაკავებაა, რომელზეც თქვენს გაზეთთან ადრე ვსაუბრობდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეზს არ შეიცვლის და ეგდები სულ გასავარდნ ზონაში :შ:შშ::შ:შ::D:D:D::D:D:D:D:D:D:DD
მედასხვა
22:46 16-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული