გიორგი დარასელია: საბანაძე "ტორპედოსია", მიგინეიშვილთან ჯერ ვთათბირობთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელიას დანიშვნის შემდეგ გასაგები გახდა, რომ გუნდში საკადრო ცვლილებები დაიწყებოდა. ასეც მოხდა, თუმცა ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია.

ვითარებაში გასარკვევად "ლელო" თავად დარასელიას დაუკავშირდა. "ტორპედოს" ახალმა თავკაცმა ნიკა საბანაძის ტრანსფერი დაადასტურა:

"შეკრებას 3 იანვარს დავიწყებთ, მაგრამ რა შემადგენლობით, ზუსტად ამის თქმა ჯერ გამიჭირდება. მხოლოდ რამდენიმე რამაა გასარკვევი.

მაგალითად, ჩათვალეთ, რომ "ტორპედოში" იქნება თბილისის "დინამოდან" წამოსული თავდამსხმელი ნიკა საბანაძე. არ მჯერა, თითქოს მას ხასიათი არ უვარგა. ადამიანური მიდგომით ფეხბურთელი ხასიათსაც გამოაჩენს და ბომბარდირულ თვისებებსაც.

ფეხბურთელს ხელს თუ მოვკიდებ,
ესე იგი, მის პიროვნულ და საფეხბურთო თვისებებშიც დარწმუნებული ვარ", - ამბობს გიორგი დარასელია.

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი თბილისის "დინამო 2"-ისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის მიმართ ინტერესსაც არ მალავს:

"ზივზივაძე ნიჭიერი თავდამსხმელია და ჩემს სიაში ისიც არის. ეს ბიჭი ქუთაისელია და მიმაჩნია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს მშობლიურ ქალაქში ბევრად უკეთ გამოავლენს.

მას კლუბის დირექტორატის წევრები დაელაპარაკებიან და ვნახოთ, რა გამოვა აქედან. იმედია, შეთანხმდებიან".

დარასელიამ კიდევ ორი ახალწვეულის ვინაობა გაგვიმხილა:

"გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოს" მისი ყოფილი მცველი ზაზა ჭელიძე დაუბრუნდება, რომელიც ბოლო ერთი წელიწადია, ბელორუსის უმაღლესი ლიგის კლუბ "გომელში" გამოდიოდა.

ამას გარდა, დავით კირკიტაძესაც ველაპარაკებით, რომელიც ისრაელის პირველი ლიგის ტიბერიასის "ირონში" თამაშობს. მისი ჩამოყვანა გამახარებს, რადგან საკმაოდ საინტერესო თავდამსხმელია. სხვათა შორის, დათო ქუთაისელი ბიჭია, მაგრამ აქამდე "ტორპედოში" არ უთამაშია".

ამავე დროს, ქუთაისელთა დამრიგებელი "ტორპედოს" მთავარმეგოლე ოთარ კვერნაძესთან შელევასაც არ აპირებს:

"ოთარს ველაპარაკეთ და გვითხრა, რომ ჯერ არსად მიდის. ამან გამახარა, რადგან პერსპექტიული თავდამსხმელია და გუნდს სჭირდება.

საერთოდ, წარმატებას ძლიერი შეტევის ხაზი განაპირობებს და რამდენიმე ფორვარდი ნამდვილად არ გვაწყენდა".

დარასელია უარყოფს ხმებს, თითქოს, "ტორპედომ" თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ომარ მიგინეიშვილი დაიმატა:

"ინტერესი გვაქვს და მოლაპარაკებაც დაწყებულია, მაგრამ ჯერ საკითხი ბოლომდე არ გარკვეულა. ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მეკარეს ჯერ კიდევ ვეძებთ".

რაც შეეხება ძველი შემადგენლობიდან დარჩენილ ვეტერანებს, დარასელიამ მათგან მხოლოდ ერთი დაასახელა:

"ჩვენი საკადრო პოლიტიკის არსი ქუთაისელი ფეხბურთელების გამოყენებაა. შანსს ყველას მივცემთ, დანარჩენი კი მათზე იქნება დამოკიდებული. თუ დაამტკიცებენ, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებენ, ამას რა სჯობს?

მაგალითად, ქუთაისელია გამოცდილი მცველი მიხეილ მახვილაძე, რომელიც გუნდში დავტოვეთ და შანსი მასაც ექნება.

მითხრა, რომ კარიერის დამთავრებას მაისში აპირებდა. გამიხარდება, კიდევ ერთი სეზონი მაინც რომ გამოგვადგეს და კარიერა მშობლიურ ქალაქში დაამთავროს".

დარასელიამ კომენტარი "ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობაზეც გააკეთა:

"ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენი ჩემპიონატისადმი ინტერესს გულშემატკივარი "ზესტაფონისა" და კიდევ ორიოდე გუნდის გამო ინარჩუნებდა. გული დამწყდება, ილია კოკაია თუ წავა. ეს ქართულ ფეხბურთს ძალიან დააზარალებს.

პირიქით, ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" მსგავსი კიდევ 3-4 გუნდი მაინც გვჭირდება კონკურენციისა და დონის ასამაღლებლად. იმედია, ეს სიმპათიური გუნდი არ დაიშლება, რადგან მასში უდიდესი შრომა და ფულია ჩადებული".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი წარმატებებს გისურვებთ შენ და ქუთაისის ტორპედოს,მსოლოდ ერთს გიკიჟინებ - შეეშვი გორის დილას ფეხბურთელებსა და მათ გადაბირებაზე ფიქრს.არ გეკადრება. გორის დილას გულშემატკივარი გივი გაგნიძე
Goreli
15:56 24-12-2014
0
10 გუნდიანი უნდა იყოს და მერე წავა საქმე წინ.
jora
17:34 24-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული