გიორგი ქავთარაძე კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე ამიერიდან ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.

კლუბის პრესატაშე ამირან მამალაძის თქმით, ქავთარაძე ბათუმურ კლუბთან კონტრაქტს ოფციონის წესით (0,6+1 წელი) გააფორმებს. შეთანხმებას ხელი ოფიციალურად დღეს, 6 იანვარს მოეწერება.

26 წლის ნახევარმცველი თბილისის "დინამოდან" რუსთავის "მეტალურგში" 2010 წელს გადავიდა. მან მიმდინარე ჩემპიონატში რუსთაველთა შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და, რაც მთავარია, გუნდის სული და გული იყო. მისი დამსახურება საკმაოდ დიდია, ამ გაჭირვებულმა გუნდმა საშემოდგომო ეტაპი მე-6 ადგილზე რომ დაასრულა. ქავთარაძე რამდენჯერმე "ლელოს"
სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ბათუმის "დინამოს" შევეხეთ და გვერდს ვერ ავუქცევთ იმ ფაქტს, რომ ქალაქის საკრებულოსა და მერიის საერთო ინიციატივით, კლუბს დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.

ამასობაში, დასრულდა ბათუმის "დინამოს" ბაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ეტაპის ტენდერიც, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტში ახალი სტადიონის მშენებლობის თანხების ნაწილიც გაითვალისწინეს.

ისე, სხვა რეგიონებში დაფინანსებაზე თუ წუწუნებენ, ბოლო ორი წელია აჭარაში ფეხბურთს სახელმწიფო სტრუქტურები ყურადღებას აქცევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული