"ზუგდიდი" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა - რომეო კანკიამ, ვახტანგ კვარაცხელიამ და ბაქარ მირცხულავამ ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურეს, მეკარე რევაზ თევდორაძე კი "სამტრედიაში" ითამაშებს. მათ გარდა, ახალ გუნდს ეძებენ დავით ლომაია, ლევან ქურდაძე, გიორგი ჭაავა, ოთარ ჯავაშვილი და ირაკლი დევაძე.
თუმცა მეორე წრისთვის მნიშვნელოვანი მატებაც არის. "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ სიტყვა შეასრულა და გუნდში რამდენიმე ზუგდიდელი დააბრუნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ითამაშებენ: შემტევი ნახევარმცველი ლევან კუტალია (პირველი წრე ქობულეთის "შუქურაში" გაატარა), ლუკა გუგუჩია (ფოთის
ქობალია ეროვნული ნაკრების კანდიდატიც გახლდათ და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ "ზესტაფონში" გადასული თავდამსხმელი მძიმედ დაშავდა, დიდი დრო გაუცდა და რეაბილიტაციის მიზნით, პირველი წრე ხობის "კოლხეთში" (პირველი ლიგა) ჩაატარა (8 მატჩი, 4 გოლი).
გარდა ამისა, დაშლილი "ზესტაფონიდან" შეროზიამ ავთო ენდელაძეც დაიბრუნა, რაც უდავოდ კარგი შენაძენია. 20 წლის ფლანგის შემტევიც ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილია და 19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.
შეროზიამ არა მხოლოდ "ზესტაფონის", არამედ თბილისის "დინამო 2"-ის დაშლითაც ისარგებლა და 20 წლის თავდამსხმელი ცოტნე სამუშია მიიწვია, რომელიც ასევე ზუგდიდელია.
გუნდთან ერთად ემზადება ახალგაზრდა თავდამსხმელი გიორგი ბულიაც, რომელიც პირველ წრეში დაშავდა და თამაში ზუგდიდის "ლაზიკაში" გააგრძელა.
ზუგდიდელებმა კონტრაქტი შესთავაზეს "გაგრის" 22 წლის მცველ გოდერძი მაჩაიძესა და ლანჩხუთის "გურიის" მარცხენა მცველ დავით მეგრელიშვილს, რომელსაც ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაშიც" უთამაშია.
მთელი დატვირთვით ვარჯიშობს მეკარე მანუჩარ ივარდავა, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ორ წელიწადზე მეტი გაუცდა. ის წლების განმავლობაში გამოდიოდა თბილისის "ლოკომოტივში", სომხურ "ბანანცსა" და ზუგდიდის "ბაიაში", იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც.
"ზუგდიდის" დირექტორის, გელა ინალიშვილის თქმით, 12 იანვრამდე გუნდს ერთჯერადი ვარჯიშები ექნება, ხოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ ორჯერად წვრთნაზე გადავა. იანვარში "ზუგდიდი" შინ ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს, ამდენივე სპარინგია დაგეგმილი უცხოურ შეკრებაზეც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"